ირლანდიური გაკვეთილები „მიხეილ მესხზე“
ირლანდიური გაკვეთილები „მიხეილ მესხზე“
06.07.2025
ავტორი: რაგბის კავშირი

საქართველოში პირველი სტუმრობისას, ირლანდიამ მაღალი დონის თამაში აჩვენა და 2025 წლის ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში „მიხეილ მესხზე" 5-34 გაიმარჯვა.


მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რაგბის რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ ირლანდიას ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში მივლინებული რამდენიმე მორაგბე აკლდა, ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა მათი მხრიდან მაღალი დონის თამაში იხილა. სტუმრები ფაქტობრივად ყველა კომპონენტში დომინირებდნენ და მატჩის დებიუტში გატანილი ლელოებით სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, გარდამტეხ მომენტში კი არც ჯარიმების კარში დარტყმა ითაკილეს და სხვაობა სოლიდური გახადეს.


თამაშს საკადრო პრობლემებით შეხვდა საქართველოც. იგრძნობოდა შეუთამაშებლობაც, რის გამოც ფაზების აკინძვა და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება ვერ მოხერხდა. ქართველმა ქომაგმა ბორჯღალოსნებისგან სამი ლელო იხილა, საიდანაც ორი მოედნის მსაჯმა ანდრეა პიარდიმ ვიდეო-რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ გააუქმა.


თამაშის დაწყებამდე თბილისში კოკისპირულად გაწვიმდა, რამაც მატჩის მსვლელობას საკუთარი ხელი დაატყო და გულშემატკივარსაც ტრიბუნების შევსება დაუგვიანდა. მათ, ვინც სტადიონზე მისვლა დროულად მოახერხეს, სასტარტო სასტვენამდე უმაღლესი დონის გახსნის ცერემონია იხილა, ისეთი, როგორიც დიდ სარაგბო გუნდებს შეშვენის.


თამაში რომ დაიწყო ირლანდიამ მაღალ ტემპში შემოგვიტია,ყველა ჯერზე შეძლო უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, 22-ში ფეხით მოკლეზე გადაკიდების შემდეგ ბურთის დაუფლება ვერ მოხერხდა და ტომი ო'ბრაიენმა ანგარიში მე-2 წუთზევე გახსნა. საპასუხო შეტევის მცდელობისას გაუვალ მწვანე კედელს წავაწყდით და იძულებული გავხდით ფეხით გვეთამაშა. ამით ირლანდიამ კიდევ ერთხელ ისარგებლა, მაღალ ტემპში შეტევას ორი მოკლე გადაკიდება მოყვა და არ გაგვიმართლა - ბურთი კარის შალითამ აისხლიტა და ვასილ ლობჟანიძე იძულებული გახდა წნეხში ბურთი საკუთარ ლელოში დაემიწებინა.



სტუმრებმა კარის წინ 5-მეტრში იდეალური შესატევი პლაცდარმი მიიღეს. შერკინების შემდეგ ტომი ო'ბრაიენმა ფრთაზე გრძელი გადაცემა შეირგო და თავისი მეორე ლელო ალამთან გაიტანა. სემ პრენდეგასთმა ორივე გარდასახა. შემდეგ ჯერზე დაცვაში კარგად გავისარჯეთ და მეტოქე ცენტრში დავაჯარიმეთ. მე-12 წუთზე ლელოდან 10 მეტრში მოლით და ფორვარდების მოკლე დარტყმებით შევუტიეთ, მერე ბურთი ხაზზე გავიდა, დავით ნინიაშვილი ერთ მცველს გასცდა და ფრთაზე აკაკი ტაბუცაძე მოძებნა, რომელიც შიგნით წავიდა, სამი მბოჭავი აირიდა და ტრიალში ბურთი ლელოში შეიტანა, მაგრამ დამიწებამდე მასზე კონტროლი დაკარგა...


შესვენებამდე ირლანდია კიდევ რამდენჯერმე შემოვიდა ჩვენს 22-ში, თუმცა თავი კარგად დავიცავით, გაწითლებულ დროზე უკვე ჩვენ გადავედით შეტევაზე, 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლით შევუტიეთ და თორნიკე ჯალაღონიამ საპასუხო ლელო გაიტანა. გარდასახვა მიზანს ასცდა, 5-14.



სამწუხაროდ, მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო. ფეხით თამაშის შემდეგ ირლანდიამ სწრაფი ხელდახელ შეტევა განახორციელა და ქრეიგ ქეისიმ ლელო გაიტანა. პრენდეგასთმა გარდასახა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, 45-ე წუთზე მონაგარს ჯარიმაც შემატა. საქართველომ 3 წუთში მოლით და ვანო კარკაძის ლელოთი უპასუხა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და წინ-თამაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა...


ბორჯღალოსნები გააქტიურდნენ და რამდენჯერმე სცადეს მაღალ ტემპში შეტევა, მაგრამ ირლანდიამ შეძლო თავის დაცვა, 62-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაში ჯარიმა მოიპოვა და პრენდეგასთმა ბურთი კარში გადაგზავნა. 70-ე წუთზე სტუმართა მგეზავმა ჩვენს 22-ში ორჯერ ფეხით შესანიშნავად ითამაშა და ამას ნიკ ტიმონის ლელო მოყვა, სემმა კი გარდასახა, 5-34.



პრესკონფერენცია


რიჩარდ ქოქრილი (ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი):

„თამაშის დასაწყისში ორი ლელო გავუშვით და მეტოქეს დიდი უპირატესობა მივეცით. იყო შეცდომები დაცვაში და ბურთის ფლობაში. სწორედ ასეთ მატჩებში ვიზრდებით და ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ.

მატკავასა და ლობჟანიძეს ბოლო პერიოდში ცოტა სათამაშო დრო ჰქონდათ. მათ უნდა დააგროვონ სათამაშო დრო. ალანიასა და აბჟანდაძის შეყვანა ძირეულ ცვლილებებს ვერ მოიტანდა. ეს ეროვნული ნაკრებია და ეს ცვლილებიც ემსახურება იმ პროცესს, რომელიც მსოფლიო თასისთვის მზადებას მოიცავს. 'ჩიტასთან' თამაშში სხვა 15 მორაგბეს ვიხილავთ, სამხრეთ აფრიკას კი საუკეთესო შემადგენლობას დავუპირისპირებთ. ეს არის გუნდის შენების პროცესი.

„დერეფანსა და შემტევ მოლზე სამუშაო გვაქვთ. დაცვაში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, რადგანაც მეორე ხაზში ბევრი მორაგბე არ გვყავს. გაღიზიანება მესმის, უბრალოდ ახლა გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ".


დავით ნინიაშვილი (ბორჯღალოსნების ვიცე-კაპიტანი): „ყოველთვის რთულია წაგებული მატჩის შემდეგ საუბარი. ვეცადეთ ლელოები გაგვეტანა, მაგრამ დღეს იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. შეცდომებზე ვსწავლობთ და ვეცდებით ისინი გამოვასწოროთ. როდესაც შვეიცარიას, ნიდერლანდებსა და რუმინეთს ეთამაშები, განვითარება არ გაქვს. ირლანდია საუკეთესო შემადგენლობით არ იყო, მაგრამ ამ მორაგბეებს უმაღლესი დონის 25-30 მატჩის ჩატარება მაინც უწევთ სეზონში. უნდა შევთანხმდეთ, რომ რიჩარდის ბრალი აქ არაფერია. 23 მორაგბის ბრალია ყველაფერი, რომელიც დღეს მოედანზე ვიყავით. 'შავი ლომი' ძალიან ცოტა შეხვედრას თამაშობს, ირლანდიელებს კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ".


ახლა ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზ 'ტოიოტა ჩიტასს' შეხვდებიან, 19 ივლისს კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას შეერკინებიან.



ტესტ-მატჩი. 5 ივლისი

თბილისი. „მიხეილ მესხი". 25 000

საქართველო - ირლანდია 5-34 (5-14)


საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (კასტრი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

1 ლელო: ჯალაღონია