„კვარა“ და პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
„კვარა“ და პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
05.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„კვარა" და პსჟ კიდევ ერთ ტიტულს უახლოვდებიან? დღეს, ფრანგული კლუბი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გერმანულ „ბაიერნს" დაუპირისპირდა და 2-0 გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია და მას შემდეგ, რაც პარიზელები კაცნაკლულები დარჩნენ ის ლუის ენრიკემ შეცვალა კიდეც. მიუხედავად ამისა, ქართველმა პსჟ-ს მოთამაშეთა შორის ერთ-ერთი მაღალი შეფასება მიიღო.


„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ნებისმიერ დროს მზადაა კონკურენციისთვის. სეზონის განმავლობაში ბევრი პრობლემა გვქონდა, ჩემპიონთა ლიგაზეც რაღაც პერიოდი გვაკლდა ეფექტიანობა, თუმცა ის რომ გუნდი ვიყავით ყოველთვის ჩანდა. ფეხბურთი სიურპრიზებითაა სავსე, ვერ ვიტყვი, ვინ მირჩევნია მეტოქედ ნახევარფინალში, მთავარია, რომ იქ ვართ და ფინალში გასვლა გვსურს", - ამბობს ლუის ენრიკე, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი.


მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც თუ არ ჩავთვლით ჯამალ მუსიალას მძიმე ტრავმას, ფეხბურთელი თამაშიდან კლინიკაში გადაიყვანეს, მოვლენები მეორე ტაიმში, უფრო ზუსტად, მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთში განვითარდა, რომელსაც კიდევ 10 წუთი (6 კომპენსირებული და ოთხიც VAR-ის გამო გახარჯული) დაემატა.


„მინდა, ჯამალ მუსიალას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. რთული მატჩი იყო, მოლოდინისამებრ, ძალიან დაძაბული. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა და ბედნიერები ვართ. ცოტა გიჟური მატჩი იყო, მაგრამ მოგება ორივე გუნდს შეეძლო, „ბაიერნმა" ძალიან კარგად ითამაშა", - ამბობს ლუის ენრიკე, რომლის გუნდმაც ბოლოს 9 კაცით დაასრულა შეხვედრა, მიუხედავად ამისა, ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მსაჯის გადაწყვეტილებები ფეხბურთის ნაწილია: „ბაიერნის" წინააღმდეგ 11X11-ზეც რთულია თამაში. პირველი გაძევების შემდეგ, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა. როდესაც ორი მოთამაშით ნაკლები დავრჩით, ყველაფერი ლატარიას ჰგავდა. ვაჩვენეთ, რომ ორი გაძევების მიუხედავად კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყავით", - ამბობს ენრიკემ.


ანგარიში კი, ამ შეხვედრაში 78-ე წუთზე დუეს შორეული და ზუსტი დარტყმით გაიხსნა, ნოიერმა მხოლოდ თვალი გააყოლა ბურთს. ამის შემდეგ, 82-ე წუთზე, ფრანგებს პაჩო გაუძევეს. ამის შემდეგ შეცვალეს ჩვენი „კვარაც". მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, ბრიტანელმა არბიტრმა ლუკას ერნანდესი გააძევა. ფრანგები, 9 ფეხბურთელით, ანგარიშის შენარჩუნებას და გერმანელთა ზეწოლას უმკლავდებოდნენ, რა დროსაც უსმან დემბელემ, „მანუს" გამოცდა მოუწყო, ჯერ ანერვიულა, როდესაც ბურთი ხარიხას მოარტყა, შემდეგ კი, გოლი გაიტანა და დიოგო ჟოტას საპატივცემულოდ, მის სტილშიც აღნიშნა.


ახლა პსჟ, მადრიდის „რეალისა" და დორტმუნდის „ბორუსიას" წყვილის გამარჯვებულს დაელოდება და 9 ივლისს, უკვე ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.



ფოტო: (c) PSG