
მომავალ კვირას გაირკვევა ზუსტი თარიღები და გასვლაზე სათამაშო მატჩს მასპინძელი ქალაქი, რადგან ის, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები საშინაო შეხვედრას თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გამართავს, ალბათ, არაფერი შეცვლის. უეფა-ს რეგლამენტით, ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ორ-რაუნდიანი დაპირისპირება 15-24 სექტემბრის შუალედში უნდა ჩატარდეს. ცნობილია მეტოქეც, სლოვაკეთის ნაკრები (იხილეთ ბმული).
საქართველოსა და სლოვაკეთის ფუტსალის ნაკრებებს შორის, რომლებიც სექტემბერში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ორ-რაუნდიან დუელში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, პირველი ნაცნობობა 9 წლის წინ შედგა.
„9 წლის წინ, როდესაც ფუტსალის ნაკრები გაკეთდა, მაშინ თბილისში ორი ამხანაგური შეხვედრა გვქონდა, ერთი თამაში მოვიგეთ, ერთი ფრედ დასრულდა, თუმცა, მას შემდეგ ძალიან დიდი დრო არის გასული. ამის შემდეგ, ჩვენი გზები არ გადაკვეთილა, თუმცა, 2022 წელს ორივე ნაკრებმა მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე თამაში (სლოვაკებმა მე-8 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა - სარედაქციო შენიშვნა). ამ გუნდში თამაშობს ჩვენი შაგინიას თანაკლუბელი, ტომაშ დრახოვსკი, რომელიც ყველაზე მაგარი თუ არა, ევროპაში ერთ-ერთი მაგარი ფორვარდია. შარშან, ესპანეთის ფუტსალის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. წელსაც, ამ მომენტისთვის სამეულში შედის. კარგია, რომ ფავორიტები, იტალია და ყაზახეთი აგვცდნენ, მაგრამ სლოვაკეთიც საკმაოდ ძლიერია, თუმცა, არც ჩვენ ვართ სუსტები", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.Ge-სთან ლაპარაკში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს ფუტსალის ნაკრები აგვისტოში, ფლეი-ოფის მოსამზადებელი ეტაპის რანგში სამ-ფაზიან მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს. თუმცა, მოახერხებს თუ არა, ასათიანის გუნდი ამხანაგური სპარინგის გამართვას, ამ ეტაპზე უცნობია.