
„სამსაჯო კარიერა დავასრულე და ახალ საქმიანობას ვიწყებ", - ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში ხათუნა მაისურაძე, ქართველი ქალი მსაჯი, რომელსაც „შუაში" ბიჭების თამაშის განსჯა ქართველ ქალ მსაჯთა უკვე მოზრდილი შემადგენლობიდან, რამდენიმე წლის წინ, პირველს მოუწია, თან „დინამო არენაზე". ქართველმა ქალმა მსაჯმა, ამ ეტაპზე ჯერ არ იცის, კონკრეტულად რა განხრით გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ ალბათ, დიდი ალბათობით, კვლავ ფეხბურთში დარჩება. ფეხბურთში თუ არა, სპორტში მაინც, რადგან საფეხბურთო მსაჯობამდე, ხათუნა ხელბურთელი იყო.
2006 წლის დეკემბერში პირველი შეხვედრა განსაჯა, ახსოვს ბავშვთა ჩემპიონატი იყო, თუ არ ვცდები, „მოდულის თასი" ერქვა, ასეთი ჩანაწერია ჩემს უბის წიგნაკშიო, ამბობს ხათუნა, რომელსაც ყველა შეხვედრა ჩანიშნული აქვს. ყველა, რაც კი, ქალ მსაჯს 20 წლის მანძილზე უმსაჯია. 2011-2024 წლებში, მაისურაძე ფიფა-ს ასისტენტის რანგში, საერთაშორისო თამაშებსაც ემსახურებოდა. თუმცა, მანამდე იყო, არაოფიციალური საერთაშორისოც.
„ჩემი ყველაზე დიდი და პირველი სერიოზული თამაში მარადონას მონაწილეობით იყო, 2008 წელს. შემდეგ უკვე დაიწყო... მანამდე, 2007 წელს, დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში ასისტენტი ვიყავი", - ამბობს ხათუნა მაისურაძე.
გუშინ, საქართველოს სლავა მეტრეველის თასის ფინალის დაწყებამდე, კომენტატორმა, თამაშზე მოსულ გულშემატკივარს ამცნო, რომ ხათუნა მაისურაძე სამსაჯო კარიერას ასრულებს. სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ კი, ხათუნას სპეციალური პრიზი და სამახსოვრო მაისური გადასცა.
მსაჯობის პერიოდში, შიდაგანაწესით, მედიასთან საუბარი, როგორც წესი ეკრძალებათ, თუმცა, ახლა უკვე შეიძლება ამიტომ, ხათუნას შეგრძნებაზე ვკითხეთ, რომელიც ქართველ ქალ მსაჯს, კარიერის დასასრულს, აუცილებლად იქნებოდა.
„ალბათ, სამსაჯო კარიერის დასრულება ბევრი ფიქრის შემდეგ, ტრავმამ გადამაწყვეტინა - წელი მაწუხებს. მაინც განიცდის ადამიანი... კარიერის დასრულების შემდეგ, დღეს პირველი დღეა... დრო რომ გადის, ნოსტალგია მერე უფრო იგრძნობა. გუშინაც, თამაშის წინ ძალიან ვნერვიულობდი, გულიც ამიჩქარდა", - ამბობს ხათუნა მაისურაძე, რომელიც როგორ აღვნიშნეთ გუშინ, სუპერ თასის ფინალის მსაჯთა ბრიგადაში იყო. თამაში კი, გორის „დილამ" მოიგო და საქართველოს სუპერ თასის მფლობელი გახდა.
სფფ-ის ფოტო / ლაშა კუპრაშვილი