„ლივერპული“, პორტუგალია და საფეხბურთო ოჯახი დიოგო ჟოტას და მის ძმას ანდრეს გლოვობენ
„ლივერპული“, პორტუგალია და საფეხბურთო ოჯახი დიოგო ჟოტას და მის ძმას ანდრეს გლოვობენ
03.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო საზოგადოება დღეს დილიდან პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის" მოთამაშეს დიოგო ჟოტას დასტირის. 28 წლის ფეხბურთელი დღეს, ესპანეთში, ქალაქ სამორასთან ავტოავარიას ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 3 ივლისს, ლოკალური დროით 00:40 საათზე მოხდა - ფეხბურთელის ავტომობილი, რომელშიც დიოგოსთან ერთად, მისი 26 წლის ძმა, ანდრე სილვა იმყოფებოდნენ. დიდი სიჩქარით მიმავალი ლამბორგინი სრულად დაიწყვა.


ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემის მიხედვით, რომელიც სამაშველოს სამსახურის ოფიციალურ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ძმები მანქანაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ: „ექსპერტების პირველადი დასკვნების საფუძველზე, ყველაფერი მიუთითებს, რომ მანქანა გზიდან გადავიდა გასწრების დროს, მას შემდეგ გადავარდა რაც საბურავი გაუსკდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორივე მგზავრი. იდენტიფიცირების შემდეგ დაღუპულები არიან დიოგო ჟოტა, „ლივერპულის" ფეხბურთელი, და მისი ძმა ანდრე ფელიპე", - ნათქვამია განცხადებაში. ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.



მანამდე კი, „ლივერპული" ჟოტას დაღუპვას ადასტურებს და შემდეგი შინაარსის ცნობას ვარცელებს: „კლუბი იყო ინფორმირებული, რომ 28 წლის ფეხბურთელი ავტო-საგზაოს შემთხვევას ესპანეთში, თავის ძმასთან, ანდრესთან ერთად ემსხვერპლა. „ლივერპული" ამ მომენტში მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს და პატივს სცემს დიოგოსა და ანდრეს  ოჯახის, მეგობრების, თანაგუნდელების, კლუბის სტაფის პირად ცხოვრებას, რომლებიც ცდილობენ ამ წარმოუდგენელი დანაკარგის გამო გონზე მოსვლას. ჩვენ მათ გვერდით ვრჩებით", - ნათქვამია „ლივერპულის" განცხადებაში.  


დიოგუ ჟოტას ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისთანავე, დილიდან  ყვავილების მიტანა და ამ სახით, ფეხბურთელისადმი პატივისცემის გამოხატვა დაიწყო ფეხბურთელის სახლთან. ლივერპულელმა გულშემატკივარმა კი, ჟოტასადმი პატივის მიგება ენფილდზე გადაწყვიტა. 


დიოგო ჟოტა „ლივერპულს" 2020 წელს შეუერთდა. ინგლისური გუნდის რიგებში მან 182 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ფეხბურთელი უეფა-ს ერთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა.


ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის 2024 წელს ითამაშა და მინდორზე შეცვლაზე, 75-ე წუთზე შემოვიდა. შეგახსენებთ, რომ ის შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2-0 მოიგო და პირველად ისტორიაში, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გავიდა.



რამდენიმე დღის წინ, 2025 წლის 22 ივნისს კი, დიოგომ ოფიციალურად იქორწინა რუთ კარდოსოზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა.


ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური თხოვნით მიმართა უეფა-ს, დღეს, ქალთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის დაწყებამდე, რომელშიც ესპანეთისა და პორტუგალიის ქალთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ დიოგო ჟოტას ხსოვნას.




სტატიაში გამოყენებულია (c)  rutecfcardoso14-ს ფოტოები