
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობას განაგრძობს.
პსჟ-მ ოთხგუნდიან ჯგუფში პირველი მატჩი მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით, 4-0 იმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში „კვარამ" ასისტების დუბლი შეასრულა და პსჟ-დან ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.
ჯგუფის მეორე მატჩში პსჟ, ბრაზილიურ „ბოტაფოგოს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა რიგებში ქართველმა ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
ბოლო, მესამე ტურში კი, პსჟ-ს მეტოქე „სიეტლ სანდერსი" იყო, სადაც ისტორიაში პირველად, ქართველმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. ვიტინიას შორეული გასროლა კვარას ზურგზე მოხვდა და ანგარიში გაიხსნა. უნდა აღინიშნოს, რომ არა „კვარას ზურგი", ვიტინიას გასროლა კარს ასცდებოდა. საბოლოოდ კი, პარიზელებმა 2-0 მოიგეს და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს.
შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მერვედფინალში ლეო მესის „ინტერ მაიამის" შეხვდება.
კვარასა და მესის დაპირისპირება 29 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.