IJF-მა ქართულ დელეგაციას ბოდიში მოუხადა
IJF-მა ქართულ დელეგაციას ბოდიში მოუხადა
21.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თავდაპირველად კულუარული ინფორმაციით, თუმცა, უკვე მოგვიანებით ჩვენც გადავამოწმეთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართულ გუნდს მოუბოდიშა. საქმე ეხება ჩვენი გუნდის მიერ გაპროტესტებულ ბრძოლას, რომელშიც, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს მსაჯთა შეცდომის გამო იუკო „წაართვეს" და შესაბამისად, კენი კომი ბედელთან, გაუქმებული ქულის წყალობით, მომდევნო ეტაპზე იტალიელი სპორტსმენი გავიდა. არა და, ანალოგიურ ვითარებაში, რამდენიმე დღით ადრე, მსაჯებმა გიორგი სარდალაშვილის საზიანოდ, საეჭვო იუკო დააფიქსირეს და იქაც ქართველი გამოთიშეს ასპარეზობას.


„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია IJF-ის სუპერვაიზერებთან და მათ ხაზგასმით აღნიშნეს რომ დაუშვეს შეცდომა ბექაურთან მიმართებაში, როდესაც მან გააკეთა გდება, უნდა შეფასებულიყო იუკოთ. სამწუხარო შეცდომა, რომელმაც კიდევ ერთი მედალი დაგვაკარგინა. მჯერა და მწამს, რომ ახლო მომავალში ლაშა, თავის საწადელს მიაღწევს. დღეს ხომ მიაღწია გუნდურ პირველობაში? მაგრამ ინდივიდუალურშიც დაამტკიცა, რომ მოქმედ ჩემპიონს, რომელიც დღევანდელ სტარტამდე ორი დღით ადრე გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ასე პირწმინდად, ლამაზად და გემრიელად გააკრა ბეჭებზე და დაამარცხა", - ამბობს გიორგი ათაბეგაშვილი.


ბუნებრივია, ბრძოლის შემდეგ არც მუშტების ქნევას აქვს აზრი და არც ბოდიშის მოხდას, თუმცა, როდესაც შეცდომას აღიარებენ, სასიამოვნოა, ლაშასთან მიმართებაში კი ერთს ვიტყვი - რაც არ გკლავს გაძლიერებს. ჰოდა, 301-ე-მაც დაამტკიცა რომ, მსაჯების საბედისწერო შეცდომა რომ არა, ის აუცილებლად მედალს მოიგებდა.


შერეულ გუნდურ შეჯიბრში, საქართველომ იაპონიის ნაკრებთან გამარჯვებას სწორედ, ლაშა ბექაურის იპონით მიაღწია, თანაც იმის ფონზე, რომ შეხვედრას, სანშირო მურაოსთან ვაზარით აგებდა.


აქვე გეტყვით, რომ ქართველი ჯუდოკები თბილისში, 22 ივნისის შუაღამეს, დილი 01:15 საათზე ჩამოდიან.