ჩვენს გარეშე სლოვაკეთში...
ჩვენს გარეშე სლოვაკეთში...
20.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სლოვაკეთში დღეიდან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ე.წ. ფლეი-ოფის ეტაპი დაიწყო. C ჯგუფიდან, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ასპარეზობდა მოგეხსენებთ, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები გავიდნენ.


პორტუგალიელები, ჩვენთვის კარგა ნაცნობ ჟილინაში, 21 ივნისს ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამავე დღეს ტრნავაში, ესპანეთის ნაკრები ინგლისს უმასპინძლებს.


1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ორი თამაში 22 ივნისს არის დაგეგმილი. ამ დღეს, ქალაქ პრეშოვში დანიის ნაკრები საფრანგეთს უმასპინძლებს, ხოლო, დუნაისკა სტრედაში, გერმანიის ნაკრები საფრანგეთს მიიღებს.  


რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი გუნდი უკვე საქართველოშია და ძალიან მალე, მცირე პაუზის ბიჭები საკლუბო ცხოვრებას დაუბრუნდებიან. ბუნებრივია, ჩვენი ინტერესი საბა საზონოვის ჯანმრთელობის გარშემო ტრიალებს, შესაბამისად შევეცადეთ გაგვერკვია რა ხდება საბას თავს, რომელმაც დიდი ხნის პაუზის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების თამაშზე მიიღო დიდი დატვირთვა, ჩინებულად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ყველა დავალებას და ბოლოს, იძულებული იყო, ტრავმის გამო დაეტოვებინა მინდორი. ფეხბურთელი, განსხვავებით მშობლებისგან, რომლებიც ჩენი ნაკრების ბოლო შეხვედრას დაესწრნენ ტრენჩინში, საბა იტალიაში გაემგზავრა, საიდანაც სავარაუდოდ დღეს გაირკვევა, საზონოვის ჯანმრთელობის „ვერდიქტი". იმედია, საბა, მალე დაუბრუნდება როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ფეხბურთს.


შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩის დასრულების შემდეგაც, საბას კომენტარი რამაზ სვანაძემ გააკეთა: „არ შეიძლება არ გამოვყო საბა საზონოვის თამაში, რადგან ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ითამაშა 90 წუთი. ითამაშა მაშინ, როდესაც მისთვის არ შეიძლებოდა ასეთი დატვირთვა და ეს ძალიან დასაფასებელია".


საბას შესახებ, ქართულ მედიასთან, ჟილინაში, პირველი თამაშის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლმაც ილაპარაკა და საზონოვის ბრძოლისუნარიანობას გაუსვა ხაზი.