
„საფრანგეთთან თამაშზე, რეალურად, დიდი ძალა წავიდა. ამიტომ, დღესაც აღდგენითი ვარჯიშია. ბევრი არაა ამ რიტმს შეჩვეული, მაგრამ ხვალ ისეთი დღეა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევძლოთ ყველაფრის დავიწყება. თუნდაც, უნდა გადავახტეთ საკუთარ თავს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს გავაკეთოთ", - ეს, რამაზ სვანაძის, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის დღევანდელი პრეს-კონფერენციიდან, ერთ-ერთი ამონარიდია, რომელიც დამღლელი, მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, ევროპის ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ, საკმაოდ მხნედ და ენერგიულად გამოიყურება. თუმცა, „სვანასთვის" სხვაგვარად ყოფნას, აზრი არ აქვს - მას, მთელი გუნდი (ფეხბურთელიან, სტაფიანად) თვალებში უყურებს.

დღეს სლოვაკურ ქალაქ მარტინში დღე ტრადიციულად, მოწმენდილი ცითა და კარგი ამინდით დაიწყო, თუმცა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ვარჯიშის მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა მოიღრუბლა, ქალაქის გარშემო მთებში კი, ნისლი ჩამოწვა, დაიჭექა-დაიგრუხუნა და წვიმაც წამოვიდა. რაღა დაგიმალოთ და კლიმატური ვითარება უფრო ქართულისკენ გადმოიხარა, ვიდრე პორტუგალიურისკენ (რაც სლოვაკეთში ვართ, საკმაოდ ცხელოდა). ამასობაში, მარტინში, სასტუმრო „ვიქტორიაში", სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებია დაბანაკებული, პორტუგალიასთან მატჩის წინ, ბოლო პრეს-კონფერენციაზე დასასწრებად ქართულ მედიას შეგროვდა. ალბათ, სიამაყით უნდა ვთქვა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშების გასაშუქებლად, ქართული მედიის 50-მდე წარმომადგენელი ვართ და თუ არ ჩავთვლით, მასპინძელ, სლოვაკებს, მათ ახლო მეზობლებს, ჩეხებსა და პოლონელებს, ამ კომპონენტში ჩვენ, ჩვენი ფეხბურთის მომავლის „მხარდასაჭერად" საკმაოდ სოლიდურად ვართ წარმოდგენილი.

„ამ ნაკრებმა ძალიან ბევრი რამე დაამტკიცა. დაამტკიცა ისიც რომ ხვალინდელი ანგარიშის მიუხედავად, ეს გუნდი შედგა როგორც წარმატებული თაობა, ახალგაზრდული ნაკრებების ისტორიაში. ისევე როგორც წინა თაობა. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რომ ურთულეს თამაშში შევძლოთ ხვალ, დავაფიქსიროთ ის შედეგი, რომელიც გვჭირდება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. არ ვიცი, რა ანგარიშით მორჩება თამაში, მაგრამ უნდა ვნახო ის გუნდი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვყავდა, რომელსაც ჰქონდა სტილი, ფილოსოფია, მენტალობა. ამისთვის ყველაფერს გავიღებთ, დანარჩენი ხვალ გამოჩნდება", - ამბობს სვანაძე.
სვანაძის გათვლით, ხვალინდელ მატჩში მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი კომპონენტი იქნება, ფსიქოლოგიური, ტაქტიკური, მაგრამ მთავარი, მაინც არის რწმენაო, ამბობს სვანაძე და დასძენს, რომ რწმენა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებში საკმაოდ ჭარბადაა. 21-წლამდეთა მთავარი მწვრთნელი ხაზს უსვამს, რომ სწორედ, ამ რწმენისა და გუნდურობის ხარჯზე, მის გუნდს, ბოლო წუთებზე ბევრჯერ დაუტრიალებია თამაში და მოუგია კიდეც. თუმცა, დღეს, ქართველთა თავკაცს, აღარაფერი უთქვამს, ფრანგებთან, ამ რწმენის და თავდადების მიუხედავად, ბოლო წუთებზე გაშვებულ შანსზე, მესამე მატჩის შედეგის მიუხედავად გვეთამაშა მომდევნო ეტაპზე, ისე, როგორც მაგალითად, ამის გაკეთება, A ჯგუფიდან ესპანეთმა და იტალიამ მოახერხეს.

„ფრანგებთან დასრულებული მატჩის შემდეგ, უკვე ცივ გონებაზე, ორი განსხვავებული ემოცია ოყო. ერთი ის, რომ თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ვიყავით გასულები მომდევნო ეტაპზე. ეს იყო, ძალიან დიდი შედეგი ჩვენი გუნდისთვის. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. დეტალურად გავირეთ თემა რა მოხდა ბოლო წუთებში. ვილაპარაკეთ ბიჭებთან, მწვრთნელებმა ერთმანეთში. ყველამ, ყველაფერი ვიცით. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს, საფრანგეთთან სიტუაციას და თამაშს შევხედავთ, ამ კუთხით დადებითისა და კარგის მეტს ვერავინ იტყვის. ვინც არ ფიქრობს ასე, ის, უბრალოდ ვერ ხედავს ამ ყველაფერს, თუმცა, შეგვიძლია, ამაზეც ვილაპარაკოთ. დიდი სამუშაო გაწეული და ბევრი ადამიანია ჩართული. სტაბილურობა, რომელიც გავქვს, ამ ხალხის შრომით გაგრძელდება, რადგან ეს სჭირდება ქართულ ფეხბურთს და თაობებს, რომლებიც ამ ბიჭების შემდეგ მოვლენ ნაკრებებში (ლაპარაკია, არა მხოლოდ 21-წლამდე ნაკრებზე). ეს ისტორია იწერება, მესამე წელი და კიდევ ვაპირებთ, რომ დაიწეროთ", - ამბობს სვანაძე, რომელიც პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ, წვიმიან ამინდში გუნდთან ერთად დარბოდა ვარჯიშზე.

მიუხედავად იმისა, რომ C ჯგუფში 4-4 ქულით პორტუგალია და საფრანგეთი ლიდერობენ, სწორედ, ხვალინდელ მატჩში, ტრენჩინში, რომელშიც ჩვენი ხვალინდელი მეტოქე მესამე შეხვედრას ჩაატარებს და რეალურად „სახლში" თამაშობს, პორტუგალიელები მოედანზე მოსაგებად გავლენ. თუმცა, იმავეს გაკეთებას შეეცდება რამაზ სვანაძის გუნდი, რადგან თუ გათამაშების მომდევნო ეტაპზე გვინდა გასვლა, მაშინ ხვალინდელი თამაში, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. „ან ყველაფერი, ან არაფერი. წარმატებისთვის, ბევრი სწორად გათვლილი დეტალი გვჭირდებაო", - ამბობს სვანაძე.
თუ გუნდს თავი აქვს დასაცავი, თავდაცვაზე უნდა იზრუნოს. მწვრთნელებმა სტატისტიკითა და მატჩის მიმდინარეობისას სწორი ანალიზით უნდა იხელმძღვანელონ. „საფრანგეთთან დაცვაში უფრო მეტად მოგვიწია დაცვაში თამაში და მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია. გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, საფრანგეთს რომ ეთამაშა უფრო მეტად დაცვაშიო", ამბობს „სვანა" და დასძენს, რომ დაცვაში თამაშიც, დამოკიდებულია და გამომდინარეობს მეტოქე გუნდიდან.

„ხშირად, რეალობას სწორად ვერ აღვიქვამთ. ჩვენ აქ ვართ, რადგან მყარად ვდგავართ მიწაზე. ეს ყველაფერი ხდება ანალიზის ხარჯზე. არ არის მარტივი, როდესაც არის ორი რეალობა, როცა ვეთამაშებით ტოპ გუნდებს. მეორე მხრიდან მარტივად ჩანს, მაგრამ ეს ბიჭები, ხვალინდელი ანგარიშის მიუხედავად ის თაობაა, ვინც დიდ წარმატებას მიაღწია და აქ, არაა საპრიზო ადგილებზე ლაპარაკი. ეს თაობაა ვის მაგალითზეც იზრდება და გაიზრდებიან, მომავალი თაობები", - ამბობს სვანაძე.
მარტინში, ნაკრების საცხოვრებელი „ბაზიდან" ჯერ მედიამ, შემდეგ კი, გუნდმა საწვრთნელ ბაზას მივაშურებთ, რომელზეც, სხვათა შორის ამინდის მიუხედავად „მშობლიური ამინდი და გარემო" სწორედ, სფფ-ის გუნდმა შექმნა. რასაც შორიდან, ჩვენთვის, მედიისთვის პროცედურულად გამოყოფილ 15 წუთში მივადევნეთ თვალი, გუნდში ისეთივე განწყობა შევნიშნეთ, როგორც ეს პოლონეთთან მატჩამდე იყო, ლაღი, ხალისიანი, საქმიანი. გუნდთან ერთად ივარჯიშა ნოდარ ლომინაძემ, რომლის ფიზიკურ მდგომარეობასაც რამაზ სვანაძე, საფრანგეთთან დასრულებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლაპარაკობდა. ალბათ, ერთადერთი, რაც პირადად მე მომაკლდა თვალში, საბა საზონოვია, რომელსაც დღეს, გუნდთან ერთად, არ უვარჯიშია. თუმცა, ვარჯიშამდე, ისევ და ისევ, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, სვანაძემ სწორედ, საზონოვის მდგომარეობაზე საუბრით გახსნა პრეს-კონფერენცია - საბას მდგომარეობა ჯერ ისევ ფასდება. ამიტომ, რეალურად პასუხი ხვალ გვეცოდინება და ხვალვე გადაწყდება ითამაშებს საბა, თუ არაო.

ხვალ, 17 ივნისს, კი, საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრა, თბილისის დროით, 20:00 ხოლო, ადგილობრივი დროთ 18:00 საათზე დაიწყება, ქალაქ ტრენჩინის, Sihoť Stadium-ზე, რომელიც მარტინიდან საათი და 15-20 წუთის სავალშია.

სპეციალურად მარტინიდან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.





ჩვენ







