გუშინდელმა მატჩმა, ძლიან დიდი ენერგია წაიღო - "სვანამ" გუნდის ნაწილი დაასვენა
გუშინდელმა მატჩმა, ძლიან დიდი ენერგია წაიღო - "სვანამ" გუნდის ნაწილი დაასვენა
15.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, სლოვაკეთში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ბაზაზე უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. მართალია, თამაშის შემდეგ, რამაზ სვანაძის შეგირდების დიდმა ნაწილმა დაისვენა, თუმცა, აღდგენა დღეს საფრანგეთის კარში გატანილი გოლებიდან ერთ-ერთს გიორგი აბუაშვილს ჰქონდა. ხალხმრავლობაში კი, ადგილობრივი მაცხოვრებლები ვიგულისხმე, რადგან საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ვარჯიში დღეს, მათთვის გახსნილი იყო. ჩვენთვის, ქართული მედიისთვის კი, ტრადიციულად, მხოლოდ 15 წუთი. შესაბამისად, ჩვენთვის განკუთვნილი დროის ათვლამდე, მედია ოთახში, ჯერ აბუ, შემდეგ კი, გიზი მამაგეიშვილი, კიდევ ერთხელ ჩავწერეთ, უფრო ვრცლად, ვიდრე ეს, თამაშის შედმეგ, შერეულ ზონაში მოვახერხეთ. თუმცა, ვიდრე უშუალოდ ბიჭების დღევანდელ კომენტარებს შემოგთავაზებთ, გეტყვით, რომ ქართველთა სავარჯიშო ბაზაზე ყოფნისას, საბა საზონოვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადება არავის გაუკეთებია და ალბათ, ამის შესახებ, მარტინში, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე შევიტყობთ.


გიორგი აბუაშვილი: „პორტუგალიის თამაშისთვის მზადება დღეიდან დავიწყეთ. ვცდილობთ, რომ გუშინდელი თამაში დავივიწყოთ და ვემზადებით, ძალიან მობილიზებულები ვართ. პირველ რიგში, ვცდილობთ, რომ ძალები აღვიდგინოთ, რადგან გუშინდელმა მატჩმა ძალიან დიდი ძალა წაიღო, ამიტომ, მთავარი ესაა. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, მენტალურად ყველა მზადაა და ყველა საბრძოლველად გავა მოედანზე, გამარჯვებისთვის ყველაფერს ვიზამთ.


პირველი და განსაკუთრებით, მეორე თამაში ფიზიკურად ძალიან რთული იყო, თუმცა პროფესიონალები ვართ და ვიცით, როგორ მოვუაროთ თავს და ყველა მზადყოფნაში იქნება.


ჩემი გოლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ნაკრებში თითოეული წუთი და მით უფრო, გოლი ძალიან მაგარი შეგრძნებაა ჩემთვის და ალბათ ყველა ფეხბურთელისთვის. რაც შეეხება მატჩის მერე ემოციებს, რთული იყო, მაგრამ გადართულები ვართ პორტუგალიასთან მატჩზე.


პორტუგალიამ წინა მატჩებიც ტრენჩინში ჩაატარა? ვფიქრობ, ეს არ იქნება უპირატესობა მეტოქისთვის და ჩვენზე დიდ გავლენას არ მოახდენს. ამ ნაკრებმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ხასიათი და ერთობა გვაქვს, ასე რომ, ჩემი აზრით, გუშინდელი მატჩი არანაირ გავლენას არ მოახდენს მომდევნო შეხვედრაზე. ჩვენს თამაშზე ვართ ორიენტირებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მწვრთნელის მითითებები მაქსიმალურად შევასრულოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, ჯგუფიდან გასასვლელად".


გიზი მამაგეიშვილი: „როდესაც გადატვირთულ გრაფიკში თამაში გიწევს, აღდგენის საშუალება ყოველთვისაა და როდესაც ამ დონეზე თამაშობ, გაქვს საშუალება, რომ შენს თავს მიხედო, ენერგია აღიდგინო და მომდევნო მატჩისთვის მოემზადო. გუშინ, ძალიან მძიმე და მძაფრი შეგრძნებები იყო, თუნდაც მატჩის კონკრეტულ მომენტში, სანამ თამაში დასრულდებოდა. ორჯერ გადამოწმდა გოლი, ერთხელ არ ჩაითვალა, ბოლო გოლი ჩათვალეს. ვფიქრობ, ამან კიდევ უფრო გაართულა შეგრძნებები. თუმცა, უკვე დავივიწყეთ, პორტუგალიაზე ვფიქრობთ, უიმედო მდგომარეობაში არ ვართ, ვემზადებით, კარგი განწყობაა და მზად ვართ თამაშისთვის.


გუშინდელ თამაშში გარდამტეხი მომენტი იყო, როცა საფრანგეთმა ანგარიში გაათანაბრა, რადგან მოგებით გავდიოდით, რაც მეორე გოლით დავკარგეთ და ჩვენთვის ფრე მისაღები არ იყო, თამაშის გადასარჩენად ვიბრძოლეთ და საფრანგეთს ის გამოუვიდა, რაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით. ალბათ, ჩვენი მეორე გოლის შემდეგ ზედმეტი ეიფორია არავის დაუშვია, იმიტომ, რომ ვიცით, მსაჯის საფინალო სასტვენამდე არაფერია გადაწყვეტილი. ყველას გაანალიზებული გვაქვს, რომ ნებისმიერ მომენტში, თუნდაც წამის მეასედში, შეიძლება ისეთი რამე მოხდეს, რაც თამაშის ბედს გადაწყვეტს.


პორტუგალიას ეროვნულმა ნაკრებმაც მოუგო და 21-წლამდელებმაც ორი წლის წინ? ეს გვეხმარება, ჩვენი მყარი მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის შეგრძნება, რომ შეუძლებელი არაფერია, ფაქტებით მყარდება, რაც ჩვენთვის უფრო სასარგებლოა, არ ვიტყვი, რომ გვიმარტივებს, მაგრამ ეგ შეგრძნება მოაქვს. კონკრეტულ დავალებებს კონკრეტული თამაშის წინ ვიღებთ, ეს გვეცოდინება თამაშის წინ თეორიებზე.


ალბათ, ამით უნდა დამეწყო - ემოციურ ფონზე გულშემატკივრებისთვის მადლობაც არ გვითქვამს, ყველა მაგაზე ვფიქრობდით, ვიდეოებს რომ ვუყურებდით, იმხელა ემოციური ჯაჭვი იყო ჩვენს შორის, რომ სინანული იმანაც მოიტანა, რომ ჯერ იმხელა სიხარული მივანიჭეთ ყველა გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მძაფრად შეიგრძნეს მოგების გემო და შემდეგ ეს დაკარგული სიამოვნება. გვინდა, რომ საფრანგეთთან დაწინაურებით გულშემატკივარს რა სიხარულიც მივანიჭეთ, იგივე სიხარული მივანიჭოთ პორტუგალიასთან მატჩის შემდგომაც".


შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ბოლო შეხვედრას, თბილისის დროით, 20:00 საათზე გამართავს და პორტუგალიას დაუპირისპირდება.




სპეციალურად მარტინიდან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.