ეთო ლიპარტელიანი ისტორიის წერას აგრძელებს - ის უკვე მსოფლიოს ჩემპიონია!
ეთო ლიპარტელიანი ისტორიის წერას აგრძელებს - ის უკვე მსოფლიოს ჩემპიონია!
15.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პირველი მედალი ქართველ ჯუდოკებს ეთერ ლიპარტელიანმა მოიტანა, თანაც რა მედალი, მსოფლიო ჩემპიონის! პირადად, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, როგორ წარიმართება 2025 წელი და სპორტის სპეციალისტები და მედია, ვის დაასახელებენ საუკეთესო ქალ სპორტსმენად, თუმცა, ეთო, რომ ერთ-ერთი კანდიდატი იქნება, ივნისშივე კარგად გამოჩნდა. იმედი გვაქვს, რომ ქალი „ლიპოს" ეს წარმატება იმ ნავსის გატეხვაა, რომელიც უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველ ჯუკოდებს, სდევნიდათ.


დღეს ბუდაპეშტში ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საასპარეზო დღე იყო. ქართული გუნდის ღირსებას უნგრულ ტატამზე დღეს სამი ქართველი იცავდა. მათ შორის ორისგან -73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილისგან და -57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანისგან ქართველი ქომაგი მედლების მოლოდინში იყო. სხვათა შორის, გოგონების ეს წონა ქართულ გუნდს გაორებული ჰქონდა, თუმცა, ნინო ლოლაძემ ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა. ქართველი შვეიცარიელ ბიანტა ნდიაიე-სთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


-73 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი მამლუქი ოთარი კვანტრიძე (პორტუგალია) ასპარეზობდა, რომელმაც 1/4 ფინალამდე კარგად იარა, თუმცა, წააგო და გადაერთო. სამწუხაროდ, ქართველმა რეპეშაჟიც წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.


თუმცა, ამ წონაში, ჩვენთვის ყველაზე გულდასაწყვეტი „შავის" ასპარეზობა იყო. ქართული ჯუდოს ლეგენდამ მეორე წრიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში, ბულგარელი მარკ ხრისტოვი იპონით დაამარცხა. თუმცა, ამის შემდეგ, რაშიდ მამადალიევთა შიდოებით დამარცხდა და ასპარეზობას, სამწუხაროდ, ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა. წონის გამარჯვებული ფრანგი გაბა გახდა.



ახლა კი, იმ წონას და ამბავს ვუბრუნდებით, რითაც სტატიას დავიწყეთ. ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია. -57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სვანი გოგონა, რომელსაც წარმომავლობიდან გამომდინარე მთასთან დავაკავშირებ და ალპინისტურ ტერმინს მოვიშველიებ, პირველგამვლელია ქალთა ჯუდოში აი, ისე რომ არც განერვიულებს ახერხებს ჯერ ბადის გავლას - იწყებს მეორე წრიდან, იპინით ამარცხებს კორეელ კიმს, შემდეგ, ახერხებს, ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე რუსი, დარია კურბონმამადოვას დამარცხებას ორი ვაზარით, ასევე ორი ვაზარით უგებს ფინელ ფილა სალონენს და გადის 1/2 ფინალში, სადაც ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემიონატზე, თურქმენი მაისა პარდაიევასგან უშვებს პირვე იუკოს, თუმცა, ამის შემდეგ, ქართველი სრულიად მობილიზებულია და იპონით იმარჯვებს. ფინალში ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი მომო ტამაოკი იყო, რომელმაც, ჩვენი გოგოს მსგავსად, უპრობლემოდ მოაღწია ფინალამდე, თუმცა, აქ, ეთერი დახვდა და ორჯერ, 49-ე წამზე აიღო ვაზარი და შემდეგ, 02:30 წუთზე, ვადაზე ადრე, ავასეტე იპონით მოახერხა გამარჯვება.


2019 წლის შემდეგ, როდესაც ეთერ ლიპარტელიანი ჯუდოში, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მსოფლიო ჩემპიონატებზე, ქართველს, მედლისთვის არ უბრძოლია. ევროპული ჩემპიონატების სამ გზის პრიზიორსა და ორი ოლიმპიადის მე-5 ადგილოსანმა დღეს სანატრელი გამარჯვება მოიპოვა. ეთერის ეს გამარჯვება, კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რეალურად ქალი „ლიპო" არის ქალთა ჯუდოში ყინულმჭრელი და მას, სწორედ, 2019 წლიდან ბევრმა მიბაძა და ირწმუნა ძალების.


ამას გარდა, იმედს ვიტოვებთ, რომ ეთერი გამარჯვება, გადამდები იქნება ქართველ ჯუდოკებზე, მითუმეტეს, რომ ბიჭებში ჩვენი, „ქართული წონები" მოდის... გოგოებმა კი, სულ ცოტა ხნის წინ, ევროპის ჩემპიონატზე, გუნდური ასპარეზობისას გვაჩვენეს ძალა.


ხვალ, 16 ივნისს კი საქმეში ქართული გუნდიდან -81კგ-ში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი (ბიჭებში ეს წონითი კატეგორია გაორებული გვაქვს) და გოგონებში, -63 კგ წონით კატეგორიაში, ეთერ ასკილაშვილი ჩაერთვება.


ფოტო: IJF