
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს, ჟილინაში, ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართა და დრამატულ ორთაბრძოლაში, ალბათ, სწორედ ამის გამო გვიყვარს ფეხბურთი, 3-2 დამარცხდა. მსაჯებმა მატჩისთვის 6 კომპენსირებული წუთი დანიშნეს, რომელიც VAR-ის გამოც და ალბათ, ჩვენი ტრავმირებული ფეხბურთელების მიზეზით 13 წუთამდე გაზარდეს. არ ვიცი, საპირისპიროდ რომ ყოფილიყო, მსაჯთა კორპუსი იგივე გააკეთებდა თუ არა, რადგან „დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?" თუმცა, ლირიული გადახვევა იქით იყოს და პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის წინააღმდეგ დღეს რამაზ სვანაძის გუნდმა ჩაატარა და არა იმიტომ, რომ 35-ე წუთზე, მატის ტელის პენალტით ფრანგებმა მოიგეს, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ქართული გუნდი, ასე წლების მანძილზე ყურში გამჯდარი „მარსელიეზას" „ბარიერს" გადალახავდა.
თუმცა, რამაზ სვანაძის ბიჭებმა ეს მოახერხეს და მეორე ტაიმში, ახალი გუნდი გამოვიდა, შემართული, მებრძოლი, ინტენსიური. გაამართლა შეცვლებმაც, გიორგი აბუაშვილმა ჯერ სამიზნე გაასწორა, გამოსვლიდან მალევე და შემდეგი, უკვე გოლი იყო. 76-ე წუთზე, საქართველოს ახალგაზრდულმა „აბუს" გოლოთ გაათანაბრა. ფრანგები, რომლებიც, პირველი ტაიმისგან რადიკალურად სახეცვლილი ქართული გუნდის თამაშით, რა დასამალია და ცოტა დაბნეულებიც იყვნენ, უშვებდნენ საკმაო შეცდომებსაც და უხეშობასაც უმატეს, უფრო დაიძაბნენ და 84-ე წუთზე, საბა საზონოვიც კი „გაეპარათ", ამ უკანასკნელმა კი, საქართველოს ნაკრები დააწინაურა...
ვერ გეტყვით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე, გულხელდაკრეფილი იჯდა. ზოგადად თამაშში, ჩვენი გუნდიდან, პირადად მე თუ მკითხავდნენ ლუკა ხარატიშვილს გამოვყოფდი. ახლა მიჭირს, სტატისტიკაში ჩაუხედავად ზუსტი რიცხვი ვთქვა, რამდენი „სეივი" გააკეთა, თუმცა, დანამდვილებით, ბევრი! მიუხედავად ამისა, 89-ე წუთზე ჟოან ლეპენანისა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ გადაცილებული დროის მე-12 წუთზე ტიერნო ბარის გოლით, როგორც იქნა გაიმარჯვეს...
მატჩის შემდეგ, ფრანგები საკუთარ შეცდომებს აღიარებენ და ჩვენს გუნდზეც გამოვტყუეთ ორი-სამი კარგი სიტყვა, თუმცა, ამაზე ოდნავ დამშვიდებულ გონებაზე. ახლა კი, ის თუ რაზე ილაპარაკა შეხვედრის ბოლოს რამაზ სვანაძემ, ქართულ მედიასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე:
დრამატული თამაში იყო, განსაკუთრებით ბოლო წუთები. არ მინდა დეტალების შეფასება. ვამაყობ ჩემი გუნდით, ფეხბურთელებით, რაც ჩვენს თავს ხდება, ზოგადად ბოლო წლებში, ქართულ ფეხბურთში. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი იყო ეს მარცხი, მაგრამ თავი იჩინა იმ პრობლემებმა, რაც დაგვიგროვა და ცხადი იყო ერთ დღეს ასე მოხდებოდა.
ბევრი ფეხბურთელი არაა სათანადო ფორმაში. არა იმიტომ, რომ ვინმეზე ნაკლებად ნიჭიერები არიან, პირიქით, მამაცები არიან, ხასიათი აქვთ, მაგრამ სათამაშო დრო და ტრავმები თანმხლებია და ამას, დაემატა საბა საზონოვის ტრავმა. არ შეიძლება არ გამოვყო საბას პატრიოტიზმი. ამხელა პაუზის შემდეგ, ორი 90 წუთი ითამაშა.
საფრანგეთი კარგი გუნდია, არ გვაპატიეს არც ერთი შეცდომა. მესამე გოლი, ზუსტად იმ ზონიდან გაგვიტანეს, სადაც დაგვაკლდა ფეხბურთელი. იმდენი დრო დაამატეს რამდენიც არ უნდა ყოფილიყო დამატებული, 13 წუთი ზედმეტი გვათამაშეს.
ბოლო თამაშში შანსი გვაქვს და ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული... ძალები უნდა აღვიდგინოთ, რომ პორტუგალიასთან თამაშს შეხვდეთ ფორმაში, ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა დაგვჭირდება.
წინა პრესკონფერენციაზეც ბევრი ვილაპარაკე ინდივიდუალურ შეცდომებზე. არ შეიძლება არ აღვნიშნო ის მომენტი, რომ პირველ ტაიმში იყო ეპიზოდები, განსაკუთრებით ჩვენს ნახევარზე, როდესაც გაუმართლებლად დავკარგეთ ბურთები. ასეთი დონის გუნები კი, შეცდომებს არ გპატიობენ და ამ ყველაფერს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურად. ამიტომ, როდესაც შენს ნახევარზე რამდენიმე გადაცემას კარგავ, ფსიქოლოგიურად ასეთი თამამი ვეღარ ხარ. ამ შემთხვევაში, საწუხარო ისაა, რომ ის მიმართულებები, რაც დამუშავებული გვქონდა იგივე ბურთის ამოტანის დროს, ნაკლებად სრულდებოდა, ან, ორი მომენტი იყო დამუშავებულიდან, რომელშიც გამოვედით ისე, როგორც დაგეგმილი იყო და საკმაოდ სახიფათოდ შევუტიეთ.
შესვენებაზე, რეალურად გვქონდა საუბარი თუ რა დონის გუნდს ვეთამაშებოდით. მეორე, თუ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ სრულდება ტაქტიკური მონახაზი. ეს არ ეხებოდა დაცვას, ეს ეხებოდა შეტევას. პლიუს ამას, იყო ფსიქოლოგიური საუბარი ფეხბურთელებთან და მეორე ტაიმში, ყველამ ნახა, რომ სულ სხვა გუნდი ვიყავით. თუმცა, სამწუხაროდ, მაინც დავმარცხდით.
ლომინაძეც ტრავმის ფონზე თამაშობს და მას აქვს პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით. საბას მდგომარეობას რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით ვერაფერს გიპასუხებთ. ის გრძნობს ტკივილს. ყველაფერი ხვალ გამოჩნდება. ამიტომ შემდეგი თამაშის წინ, პრეს-კონფერენციისთვის გვექნება სურათი თუ, ვინ რა მდგომარეობაშია
არა იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებმა არ შეიძლება საფრანგეთთან წააგოს - სიტყვა მარცხი, ზოგადად ჩვენთვის უკვე ნიშნავს ძალიან ცუდს. ეს განწყობა, რაც ახლა გასახდელშია, არის თითოეული ჩვენგანში. ეს ყველაფერი გამოცდილებას ხომ გვაძლევს და კიდევ, სამი დღე, რომელიც დარჩენილია თამაშამდე, გვავალდებულებს, რომ სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ პორტუგალიასთან თამაშს. მესმის, რომ რთულია ეს ყველაფერი, ჩვენ გვინდა, რომ ყველა თამაში მოვიგოთ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენ დღეს, პირველი თამაში წავაგეთ ევროპის ჩემპიონატზე და ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც, მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. სწორედ ამიტომ, მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან არ არის მარტივი, გამოხვიდე საფრანგეთის ნაკრებთან და ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ, ასეთი მეორე ტაიმი ითამაშო.
განსაკუთრებით ფეხბურთში, ხდება ხოლმე რომ რაღაც მიდის, მაგრამ მიდის იმიტომ, რომ მერე სადღაც დაბრუნდეს. ჩვენ ძალიან ბევრი თამაში გვაქვს მოგებული ბოლო წუთებზე. ძალიან ბევრი, ე.წ. „ქამბექი" გვაქვს შესრულებული ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში და დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავად დავმარცხდით ბოლო წუთებზე. ვერ ვიტყვი, რომ მოვდუნდით. უბრალოდ, აქ მთავარი იყო ის გარემოება, რომ ჩვენ, ფიზიკურად ძალიან დაღლილები ვიყავით და ამას დაემატა, ის გარემოებაც, რომ ცვლილება აღარ გვგქონდა დარჩენილი და ამას დაემატა საბა საზონოვის ტრავმა. საფრანგეთის დონის გუნდები კი, სამწუხაროდ, ასეთ ლაფსუსებს არ გპატიობენ. ყველაფერი ხდება, ფეხბურთია. ახლა, მთავარია, რომ ეს სამი დღე ისე დავგეგმოთ, რომ ის ფორტუნა, რომელიც ბოლო წუთებში წავიდა, შემდეგ თამაშში დავიბრუნოთ, რადგან ფორტუნა იმასთან მიდის ვინც იმსახურებს.
ის, რაც თამაშის ბოლო წუთებში მოხდა, ჩვენი მხრიდან გამიზნული არ ყოფილა. ფეხბურთელებს, ფიზიკურად აღარ შეეძლოთ. თუ კარგად გახსოვთ ეს იყო საბა საზონოვი და მე უკვე აღვნიშნე, თუ რა სირთულეებს გადის საბა, რომ ასე ითამაშოს, გადამწყვეტ მომენტში გოლი გაიტანოს, წარმოუდგენელია, ჯვარედინი იგოს ტრავმის შემდეგ, ფეხბურთელი გამოვიდეს, ისე რომ არ ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა და ასეთი დონის გუნდებთან 2-2 ტაიმი გაატაროს მოედანზე. ადამიანს, მეტი აღარ შეეძლო.
რაც შეეხება ბოლო წუთებში ბურთის დაჭერას - განვმეორდები, ფიზიკურად აღარ შეგვეძლო. ამ ყველაფერს კი აქვს ძალიან ბევრი ქვეტექსტი, რატომ, რისთვის და ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. მაგრამ ერთი უნდა გვახსოვდეს ყველას. არ უნდა მოვწყდეთ რეალობას, ვისთან ვთამაშობთ, რა დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ, რა გამოცდილებაა მათ ზურგს უკან და კვირაში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც რა დონის ინტენსიობის თამაშების ჩატარება უწევთ მათ, ვისაც ვეთამაშეთ. რეალურად, ჩვენ დღეს გავდივართ გზას, რომელიც ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ გაიარა. მხედველობაში, ასაკობრივი ნაკრებები მყავს. ჩვენ გავდივართ ამ გზას და საკმაოდ წარმატებით. ვიცი, რომ ყველა ქართველს მოლოდინი გამარჯვებებია, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ რეალობიდან გამომდინარე და რეალობა კიდევ, ასეთია. აქ ჩამოვდივართ და „უსახელო" გუნდს გვიწოდებენ და ჩვენთან კიდევ, არის სერიოზული პრობლემა რეალობის აღქმის. რეალობა კი, ისაა, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ ამ ბიჭებით, უნდა ვიამაყოთ ჩვენი ნაკრებებით, იმიტომ რომ ისეთ გზაზე ვართ, რომელზეც ძალიან მალე, აუცილებლად მოვუმატებთ, იმ ერთიანი მუშაობით, რომელსაც გადის ფეხბურთის ფედერაციის ძალიან დიდი გუნდი.
საქართველოს ნაკრები ახლა 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა. საქმე ისაა, რომ პორტუგალიამ, რომელმაც ტრენჩინში მეორე შეხვედრა გამართა და ჩვენც იქ გვიმასპინძლებს 17 ივნისს, პოლონეთის ნაკრები გაანადგურა, 5-0 მოიგო და ჯგუფში ლიდერიც გახდა. თუმცა, თუკი, სვანაძის გუნდი 17 ივნისს პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრები დამარცხებას მოახერხებს, ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ, პორტუგალია კი, ჯგუფში ჩარჩება.
სპეციალურად ჟილინადან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.