სფფ-ის ორგანიზებით Pro ლიცენზიის მიმდინარე კურსის მეოთხე მოდული სლოვაკეთში იმართება
სფფ-ის ორგანიზებით Pro ლიცენზიის მიმდინარე კურსის მეოთხე მოდული სლოვაკეთში იმართება
14.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების „ბანაკიდან" რამდენიმე წუთის გზაზე, პატარა დასახლება მარტინში, ეს დღეები უფრო მეტი, ქართული ფეხბურთის წარმომადგენელია, ვიდრე ადგილობრივი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, სწორედ, მარტინში, უეფა-ს Pro ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული მიმდინარეობს.


აღნიშნული მოდული, უმაღლესი დონის საფეხბურთო შეჯიბრებას ეხება, შესაბამისად, კურსის მსმენელები თეორიული და პრაქტიკული დავალებების გარდა და მინდა გითხრათ, რომ დილის 10:00-დან 18:00 საათამდე, მცირე შესვენებით მუშაობენ, 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის თამაშებსაც ესწრებიან. შემდეგ კი, აღნიშნული თამაშების ტექნიკურ-ტაქტიკურ ანალიზსაც აკეთებენ.


სფფ-ის ინფორმაციით,  მეოთხე მოდულს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი დაესწრო და კურსის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა. მოდულის დასრულების შემდეგ, მისი მონაწილენი „შუალედურებსაც" ჩააბარებენ და შემდეგ, საქართველოში დაბრუნდებიან.


PRO ლიცენზიის მიმდინარე კურსში მონაწილეობენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბის მწვრთნელები. კურსზე, რომელიც 8 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, 21 მონაწილე ირიცხება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატების დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს უეფას წევრ ქვეყნებში შეუძლიათ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.



სპეციალურად სლოვაკეთიდან, მარტინი 

სფფ-ის ფოტო / ლაშა კუპრაშვილი