კვლავ გამოსასწორებელი სტატისტიკა და... რატომაც არა?!
კვლავ გამოსასწორებელი სტატისტიკა და... რატომაც არა?!
14.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სლოვაკეთში, MŠK Žilina-ს სტადიონის მუჭისოდენა საპრესკონფერენციო ოთახში გუშინ, რამაზ სვანაძის პრესკონფერენციის შემდეგ, ჯერი საფრანგეთი 21-წლამდეთა ნაკრების თავკაცზე იყო მიმდგარი, თუმცა, დარბაზში შესულს მხოლოდ, რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი დახვდა. საქმე ისაა, რომ ალბათ, ყველაზე დიდი რაოდენობით, მასპინძელი სლოვაკეთის, ქვეყნის მეზობელი ჩეხეთისა და პოლონეთის მედიის გარდა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნაში სწორედ ქართველებს და რა თქმა უნდა ჟურნალისტებს შეხვდებით. თუმცა, ფრანგთა თავკაცის ჟერარ ბატიკლის პრეს-კონფერენციას ვერც ჩვენ დავესწარით, რადგან დაახლოებით 30-40 ის გზაზე ჟილინადან (საცობის გარეშე გვაქვს დრო აღებული) FK Slovan Žabokreky-ს სტადიონზე გავეშურეთ, სადაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს უნდა ევარჯიშა. შესაბამისად, პრიორიტეტი ჩვენი ბიჭების გვერდით ყოფნა იყო.


MŠK Žilina-ს სტადიონის საპრესკონფერენციოში კი, ბატკილი მაინც დაჯდა ქართულ მედიასთან, რადგან ეს უეფა-ს პროტოკოლით სავალდებულო ნაწილია და რამდენიმე კითხვასაც უპასუხა:


"საქართველომ პოლონეთის წინააღმდეგ სოლიდური თამაში ჩაატარა და ბოლო წუთებზე მოიპოვა გამარჯვება. ამ სამი ქულის წყალობით მათ თავდაჯერება მოიპოვეს. ვიცით, რომ ჩვენ ჯერ  ერთი ქულა გვაქვს და სატურნირო ცხრილში უკან ვართ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს მხოლოდ, ტურნირის დასაწყისია. საქართველოს ნაკრებს დიდი ენერგია და მოტივაცია აქვს, ჰყავს თამამი მოთამაშეები და თავს აგრესიულად იცავენ. ამ გუნდს შეუძლია თავის მაღლა დაცვაც, მაგრამ ასევე დაელოდოს მეტოქეს, რათა შემდეგ კონტრშეტევაში სწრაფად გადავიდეს. მაღალი ფეხბურთელებიც ჰყავს, რაც სტანდარტულ მდგომარეობებზე სახიფათო გუნდად აქცევს და ეს, პოლონეთთან მათ მიერ გატანილი პირველი გოლის დროსაც დამტკიცდა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ, რათა მათ ძლიერ მხარეებს ვუპასუხოთ", - ამბობს  ბატიკლი.


ჯგუფში, სადაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ასპარეზობს, ფავორიტებად საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები მიიჩნეოდნენ. შესაბამისად, პირველ ტურში, ჩვენი გამარჯვებით (თუნდაც, პოლონეთი გაეკეთებინა ეს), ბევრი რამ C ჯგუფში თავდაყირა დადგა. თუმცა, ფრანგთა მთავარი მწვრთნელის არ იყოს, ეს მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისია და შესაძლოა სწორედ დღევანდელმა, მეორე ტურის თამაშებმა, ამ ჯგუფში ბევრი რამ „დაალაგოს". თუ ვიგებთ და მეორე შეხვედრაში ფრე ფიქსირდება, ჩვენ ავტომატურად გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვართ. თუ არა, და ისევე როგორც 2024 წლის ევროზე, ყველაფერი ბოლო ტურში, პორტუგალიასთან გადაწყდება.


„პორტუგალიასთან ჩატარებული მატჩიდან მთელი რიგი დეტალები უნდა გავაუმჯობესოთ და უკეთ ვითამაშოთ. აღარ უნდა მივცეთ მეტოქეებს იმედი, რომ ზიანს მოგვაყენებენ. თუმცა, თავდაჯერების მოპოვება ჩვენზეა დამოკიდებული. მართალია, პორტუგალიის წინააღმდეგ გოლი არ გავუშვით, რაც შესანიშნავია, მაგრამ მეტოქეს გოლის გასატანად ძალიან ბევრი შანსი მივეცით. საბედნიეროდ, ყოველ ეპიზოდში მოვახერხეთ გადარჩენა, მენტალიტეტის თვალსაზრისით ეს დადებითია, თუმცა, დაცვაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. პორტუგალიასთან მოგებაც შეგვეძლო, რაღაც ნაბიჯები დაგვაკლდა, მაგრამ როდესაც გამარჯვებას ვერ ახერხებ, უნდა იცოდე, როგორ მოიპოვო ქულა და არ დამარცხდე", - ამბობს ფრანგთა 21-წლამდე ნაკრების თავკაცი.


იმ ახალგაზრდა ფრანგებიდან, რომლებსაც ჩვენ, ქართველები კარგად ვიცნობთ (შერკი და დუე მყავს მხედველობაში) და შესაძლოა ამ ტურნირზე ველოდით კიდეც, საბედნიეროდ არ არიან. 


შეხვედრას დანიელ მსაჯთა ბრიგადა (იაკობ სანდბერგი, ვიქტორ სკიტე, დენიზ იურდაქული) მოემსახურება, რომელსაც სხვათა შორის რამაზ სვანაძის გუნდის თამაში განსჯილი აქვს, 2024 წელს, გიბრალტარში, როდესაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამ ევროსკენ მომავალ გზაზე გიბრალტარი 0-2 დაამარცხა. მეოთხე მსაჯი ლიეტუველი  მანფრედას ლუკიანჩუკასი იქნება.


საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებები, დღევანდელ ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრილან (ბუნებრივია, ორივე გუნდი სხვა ფორმაციის იყო), 2021 წლის ევრო საკვალიფიკაციოს ფარგლებში და ორივე შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს, სახლში 3-2, გასვლაზე 0-2. მაშინ ქართველთაგან გოლები გიორგი კოხრეიძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს (ხვიჩას უყვარს გოლების გატანა საფრანგეთში). შესაბამისად, პოლონეთის მსგავსად, ქართველთა გუნდს, სტატისტია აქაც გამოსასწორებელი აქვს.


"ჩვენ როგორც გუნდს, ასევე ფედერაციას, გვინდა ტურნირზე შორს წავიდეთ, გვინდა თასი მოვიგოთ. რაც ამ თაობის ფეხბურთელებს დაეხმარება ისტორიაში ჩაწერონ სახელები", - ამბობს ფრანგთა მწვრთნელი. თუმცა, ეს გვინდა ჩვენც. სხვათა შორის 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმაც ჩვენს მსგავსად მოახერხა 1/4 ფინალში გასვლა, თუმცა იმ წელს ფრანგებიც დამარცხდნენ. 


კიდევ ერთი საინტერესო დეტალი საფრანგეთისა და საქართველოს ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობაში იქნება ორი მოთამაშე ტიერნო ბარი და გაბრიელ სიგუა, რომლებიც 2023-2024 წლების სეზონში, „ბაზელის" შემადგენლობაში თამაშობდნენ ერთად.


2024 წლის 24 ოქტომბერს, უეფა-ს ევროპა ლიგის შეხვედრაში, რომელშიც „აინტრახტმა" 1-0 დაამარცხა რიგის RFS-ი სასტარტო შემადგენლობიდან თამაშობდა ლაშა ოდიშარია, მისი დღევანდელი მეტოქე საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან ჟან-მატეო ბოია, კი, მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე სათამაშოდ.


საფრანგეთის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ იღბალი დღესაც ჩვენს მხარეს იქნება, თუმცა, მხოლოდ იღბლის იმედად, ბუნებრივია არ ვიქნებით.



სპეციალურად ჟილინადან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.



ფოტო: © UEFA.com