
ხვალ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მეორე შეხვედრას გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ გათამაშების ამ, ფინალურ ეტაპზე ხელწამოსაკრავი გუნდი არცერთია, რამაზ სვანაძის ხვალინდელი მეტოქე, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები, მაინც განსაკუთრებულია. შემადგენლობით, ისტორიით და თუნდაც მოლოდინებით.
ამას გარდა, თუკი, ხვალ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მარტინიდან, სტადიონამდე, მინიმუმ 1 საათის გზის გამოვლა და ამასთან, საცობშიც მოუწევს „დროის გატარება" (პოლონელებთან მატჩის წინ ეს პრობლემა ჩვენს გუნდს ჰქონდა), ფრანგები, პირდაპირ სასტუმროდან ჩამოირბენენ MŠK Žilina-ს სათამაშო მოედანზე. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და მიუხედავად იმისა სლოვაკეთში მიმდინარე ჩემპიონატზე ფრანგები ქართველი გულშემატკივრისთვის „მშობლიური" შერკისა და დუეს გარეშე არიან ჩამოსულები, მაინც, თუნდაც პირველი თამაშიდან გამომდინარე საკმაო ძალას წარმოადგენენ.
„საფრანგეთის ნაკრებს დიდი დახასიათება არ სჭირდება. მე როგორც მწვრთნელი ვთვლი, რომ ერთ-ერთი დიდ მოტივაცია, სწორედ ისეთ გუნდებთან თამაშია. წინა თაობას ჰქონდა ტოპ გუნდებთან თამაშის გამოცდილება. ესენი, ახლა, პირველად ეთამაშებიან გუნდს, როგორიც საფრანგეთია და ნებისმიერი გუნდისთვის, მათ შორის ასაკობრივისთვის, ეს არის დამატებითი მოტივაცია. გუნდის პლიუსებზე თუ ვილაპარაკებთ, შესწავლილი გვაქვს, ვნახეთ ბოლო თამაშიც, ძლიერი, კარგად დაბალანსებული გუნდია. ამას, გუნდური პრინციპით უნდა დავუპირისპირდეთ. ჩემი აზრით, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ინდივიდუალურად თუ გუნდურად, საქმე ჩვენი გასაკეთებელია. საჭიროა მაქსიმალურად კონცენტრაცია. ტოპ გუნდები არ გპატიობენ წვრილმა შეცდომებსაც კი. დანარჩენი ვნახოთ.
ყველა თამაშს თვის შინაარსი აქვს. პოლონეთთან სათამაშოდ, უპირატესობა იყო ჩვენი. ვითამაშეთ პირველ ნომერად. პოლონეთი უფრო ფრთხილობდა ვიდრე, ჩვენ. ამ მხრივ, ფრანგებთან სხვა ტიპის თამაში იქნება. გუნდი უნდა იყოს მზად ნებისმიერი გადაწყობისთვის. კონტრშეტევის საშუალება თუ გვექნება უნდა გადავიდეთ კონტრშეტევაზე. თუ ბურთის დაჭერა გახდა საჭირო, უნდა დავიჭიროთ. რამდენად იქნება ამის შესაძლებლობა არ ვიცი, მაგრამ რაც გვექნება უნდა გავაკეთოთ აქცენტი გუნდურობაზე და ბურთის კონტროლზე. ეს ქართველების სტილია და ამას უნდა დაემატოს ინდივიდუალური თვისებები. რამდენად გამოგვივა ამას ხვალ ვნახავთ", - ამბობს რამაზ სვანაძე, საფრანგეთთან მატჩისწინა დღეს, ტრადიციულ შეხვედრაზე ქართულ მედიასთან.
სხვათა შორის, ფრანგი ჟურნალისტები ჩვენების პრეს-კონფერენციას არ დასწრებიან. თუმცა, არც ჩვენ მოგვიკლავს თავი მოწინააღმდეგე გუნდის პრეს-კონფერენციაზე დასწრებიდან. ჩვენ, ამის მიზეზი გვქონდა, რამაზ სვანაძის გუნდი დღეს მასპინძელ სტადიონზე არ ვარჯიშობდა და ჩვენც მარტინისკენ გავეშურეთ, სადაც ქართველ 21-წლამდეთა გუნდია დაბანაკებული.
„გუნდში საბრძოლო განწყობაა და დადებითი ემოციები, რაც მნიშნელოვანია პოლონელებთან თამაშში, 3 ქულა ავიღეთ. ბოლო წამებზე მოგებულ თამაშს კი, უფრო მეტი ემოციები მოჰყვება. მზადების პროცესში, მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები. ტრავმების მხრივ არ არის პრობლემა. არის მცირე დისკომფორტი, მაგრამ ეს უმნიშვნელოა, ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ," - ამბობს სვანაძე.
პოლონელებთან მატჩში, საქართველოს ნაკრებმა 5 ყვითელი ბარათი მიიღო. შესაბამისად, იყო საშიშროება მინდორზე, ათნიც დავრჩენილიყავით. მატჩის შემდეგ, რამაზ სვანაძემ აღნიშნა, რომ ეს თემა გუნდში, მატჩამდეც იყო ლაპარაკის საგანი და ახლაც, პოლონელებთან თამაშის მერეც აპირებდა კიდევ ერთხელ ამ პრობლემატურ თემაზე ლაპარაკს. დღესაც, ქართული მედია დაინტერესდა, ნაკრების სამწვრთნელო გუნდმა მოახერხა თუ არა, გუნდში, აღნიშნული „თემის დალაგება".
„რა თქმა უნდა საუბარი გვქონდა ყვითელ ბარათებზე, ადრეც გვქონდა. ემოციები უნდა მართონ, თუმცა ასაკის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი ხშირია. მიუხედავად ამისა, ჩვენი ფეხბურთელები უკვე პროფესიონალები არიან, წარმოადგენენ ქვეყანას და ინდივიდუალურად უნდა მიხდენენ რომ ემოცია მართონ. ხვალ, ისეთი მოწინააღმდეგე გვყავს დიდი მოტივაცია არც გვჭირდება. ვიცით, ვისთან გვაქვს თამაში. ამ შემთხვეაში, სწორად დაგეგმვის და თავის გამოჩენის ახალი ასპარეზი ჩნდება, როგორც გუნდურად, ასე ინდივიდუალურად ცალკეული ფეხბურთელებისთვის", - ამბობს სვანაძე.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდში საბრძოლო განწყობაა და დადებითი ემოციები სჭარბობს. სვანაძის თქმით ყველაზე მეტად მნიშნელოვანია, რომ პოლონელებთან თამაშში, 3 ქულა ავიღეთ. ბოლო წამებზე მოგებულ თამაშს კი, უფრო მეტი ემოციები მოჰყვებაო, ამბობს ქართველთა მწვრთნელი.
„საფრანგეთის ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, ჩვენი გუნდი მოედანზე საბრძოლველად გავა და 100%-ით დაიხარჯება. პირადად მე, ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ, საკლუბო დონზე, მიმიწია მეთამაშა ძლიერ გუნდებთანაც, მაგრამ ნაკრებს სხვა დატვირთვა აქვს, ბევრად მნიშნელოვანია და ბევრად მეტი კონცენტრაცია მჭირდება", - ამბობს ლაშა ოდიშარია, რომელიც დღეს MŠK Žilina-ს სტადიონზე რამაზ სვანაძესთან ერთად იყო მოსული.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუშინ, მარტინთან უფრო ახლოს, ვიდრე ჟილინაა და სადაც, პირველ ვარჯიშს ჩვენც დავესწარით, გუშინ მსუბუქად ივარჯიშა. სვანაძის თქმით, გუნდი მზადების პროცესშია, შესაბამისად, „მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები და ტრავმების მხრივ არ არის პრობლემა. არის მცირე დისკომფორტი, მაგრამ ეს უმნიშვნელოა, ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართო", ამბობს სვანაძე. შეგახსენებთ, რომ პოლონეთთან თამაშის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პირველი რაზეც სვანაძე გაამახვილა ყურადღება ნოდარ ლომინაძის ჯანმრთელობა იყო, თუმცა, დღევანდელი პასუხიდან ჩანს, რომ „ლომინაც" გუნდის სხვა წევრების მსგავსად, თავს კარგად გრძნობს.
რამდენიმე ხანში, ჩვენ 21-წლამდე ნაკრების ვარჯიშს დავესწრებით და ფოტო-ამბავს, სოციალური ქსელით შემოგთავაზებთ.
სპეციალურად ჟილინადან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.





ჩვენ







