საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე იწყებს ასპარეზობას
საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე იწყებს ასპარეზობას
13.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეიდან, 13 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით ხორვატიაში, საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაიწყებს ასპარეზობას. უკვე დღეს, ჩვენი გოგონები ევროპის მოქმედ ჩემპიონს საფრანგეთს დაუპირისპირდებიან. თამაში თბილისის დროით 14:50 საათზე დაიწყება. დღესვე, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებს, ასევე თბილისის დროით 20:40 საათზე ჩეხეთს შეხვდებიან, რომელიც შარშან მე-6 ადგილზე გავიდა.


ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველოს 7-ქალა ნაკრები ხვალ, 14 ივნისს, 14:25 საათზე გამართავს და ირლანდიას (მე-7 ადგილი შარშან) დაუპირისპირდება. ტურნირის დებულებით, დასკვნითი დღე, ხორვატიაში 15 ივნისი იქნება, როდესაც დილა ფლეი-ოფებით დაიწყება, მას მოჰყვება 1/2 ფინალები და დღის ბოლოს, გამარჯვებულიც გაირკვევა.  


ქართველი ქალი მორაგბეების მისია, ამ ტურნირზე, ძლიერთა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზეა გათვლილი და როგორც გოგონები ამბობენ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებსო.


ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილმა გუნდმა შარშანდელ ალაფაზე მეორე ადგილი დაიკავა და წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატს პირველად თამაშობს. ჩვენი გუნდი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საასპარეზოდ, რომელსაც 13-15 ივნისს ხორვატიის საკურორტო ქალაქი მაკარსკა უმასპინძლებს, 6 ივნისს  შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ანა დათიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, ლიკა ხუფენია, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ნინო წიკლაური, ანნა რურუა, ანასტასია ახვლედიანი, კირა დანელია.


საქართველოს 7-ქალა ნაკრები ქალაქ მაკარსკაში A ჯგუფში საფრანგეთთან, ჩეხეთთან და ირლანდიასთან ერთად ასპარეზობს. კიდევ ერთი ჯგუფი - B ჯგუფში ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და შვედეთი მოხვდნენ; C ჯგუფში ესპანეთი, პოლონეთი, იტალია და პორტუგალია ითამაშებენ.