შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული - ვირტუსმა ფინალური სერია მოგებით გახსნა
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული - ვირტუსმა ფინალური სერია მოგებით გახსნა
13.06.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელიას ისევ საუკეთესოა - ვირტუსი კი იგებს. იტალიის სერია A-ს ფინალური სერია ბოლონიური კლუბის გამარჯვებით დაიწყო, სადაც მთავარი ფიგურა და გამარჯვების შემოქმედი ისევ ქართველი ფორვარდი გახლდათ. შენგელიამ 29 წუთში 29 ქულა ჩააგდო, მატჩის MVP გახდა და ვირტუსმა "ბრეშა" დაძაბულ ბრძოლაში, 90-87 დაამარცხა.


ბრეშამ პირველი ტაიმი 45-41 მოიგო, მესამე პერიოდი ფრედ 22:22 დასრულდა და ვირტუსმა გადამწყვეტ პერიოდში 27:20 გაიმარჯვა.  შენგელიამ 14-დან 12 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მან 5 მოხსნა, 2 პასიც დააგროვა. თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 37-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. მოედანზე მყოფთაგან მასთან ამ მაჩვენებლით ყველაზე ახლოს მისი თანაგუნდელი - მეტ მორგანი გახლდათ, რომელმაც 19  ქულა მიითვალა, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23 ჰქონდა. 


შენგელია დამსახურებულად გახდა მატჩის MVP, ისევე როგორც პლეი ოფში მოგებულ ყველა შეხვედრაში - ის საუკეთესო იყო. ფინალური სერია 3 მოგებამდეა, სადაც ვირტუსს მოედნის უპირატესობა აქვს და მომდევნო მატჩსაც ბოლონიაში, 14 ივნისს გამართავს. სერიის მესამე მატჩი 17 ივნისს, ბრეშაში ჩატარდება.