რთული სასტარტო თამაში და მნიშვნელოვანი 3 ქულა
რთული სასტარტო თამაში და მნიშვნელოვანი 3 ქულა
12.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფა-ს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო. საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელშიც ნოდარ ლომინაძისა და ვასილიოს გორდეზიანის გოლებით, რამაზ სვანაძის გუნდმა 1-2 გაიმარჯვა. გამარჯვების გოლი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე გავიტანეთ. ამის შემდეგ, 5 დამატებული წუთი, კიდევ სამ წუთს გაგრძელდა, თუმცა, კარგია, რომ 3 ქულით დავიწყეთ. ჯგუფში, რომელშიც ფავორიტებად საფრანგეთი და პორტუგალია მიიჩნევიან. თუმცა, თამაშამდე ვარაუდობდნენ, რომ საქართველო იყო ის ნაკრები, გამომდინარე 2023 წლის ახალგაზრდული ევროდან, რომელსაც ბევრი „სიურპრიზის" შემოთავაზება შეეძლო და ამასთან, სწორედ, პირველ სათამაშო დღეს შეეძლი ბევრი რამე გაერკვია. საფრანგეთმა და პორტუგალიამ ფრედ ითამაშეს. ასე, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, პირველი სათამაშო დღის შემდეგ, C ჯგუფის ლიდერია. მატჩის შემდეგ, შერეულ ზონაში, სადაც ქართველი ჟურნალისტების ნაწილი იყო, ჩვენმა ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს. აქვე გეტყვით, რომ მეორე ნაწილი საპრესკონფერენციო ოთახში, რამაზ სვანაძეს ვხდებოდით.


საბა საზონოვი: „ვიცით, რომ კარგად თამაში და მოგება ყოველთვის შეგვიძლია. 2-1 გავიმარჯვეთ, შეიძლებოდა პენალტის თავიდან არიდება, მაგრამ ასე მოხდა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა 1-0 ან 2-0 მოგვეგო, მაგრამ 2-1 და ესეც კარგი ანგარიშია.


ტრავმა როცა მქონდა, ყოველთვის ველაპარაკებოდი მწვრთნელს, კონტაქტზე ვიყავით. „ემპოლიში" ძალიან კარგი რეაბილიტაცია გავიარე, იმედი მქონდა და მინდოდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, ეს „ემპოლიშიც" იციან. მეორე მატჩი იყო ჩემთვის ტრავმის შემდეგ, რუმინეთთან 45 წუთი ვითამაშე. ახლა, მეორე ტურშიც 90 წუთი რომ ვითამაშო, ძალიან კარგი იქნება, ყველაზე მაგარი ისაა, რომ თავს კარგად ვგრძნობ.


ძალიან მიხარია, რომ ქომაგები სტადიონზე იყვნენ, ისინიც ყოველთვის მწერდნენ, კითხულობდნენ, შევძლებდი თუ არა თამაშს. ძალიან მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვთამაშობ. მინდოდა, სტანდარტული მდგომარეობებიდან გოლის გატანა, მაგრამ არა უშავს. პორტუგალიას გოლი ერთხელ უკვე გავუტანე, ახლა კი, საფრანგეთთან და მერე ისევ პორტუგალიასთან ვეცდები გატანას.


მოედანზე ორი კარგი გუნდი იყო, რომლებიც კარგად ახერხებდნენ პრესინგს და ცდილობდნენ, მაქსიმალურად გამოეყენებინათ თავიანთი შესაძლებლობები. დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო და ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. მეორე ტაიმში ცოტა უფრო სწრაფად და მეტი ენერგიით ვითამაშეთ, სათადარიგო მოთამაშეებმა კი გავლენა მოახდინეს. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მოთამაშეები, თავს ოჯახად ვგრძნობთ და ყველა ერთად ვართ. ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია საფრანგეთის დამარცხება, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება".


ირაკლი აზაროვი: „სასწაული ემოციებია, რომელსაც ახლა ვერ გამოვხატავ, რადგან სტადიონზე ემოციებისგან დავიცალე. მადლობა ბიჭებს, ვეცდებით, რომ მომავალშიც გვქონდეს დადებითი ემოციები. დიდი შანსი გვაქვს, რადგან 3 ქულით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წინ რთული მატჩები გველოდება, მაგრამ ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს. რთული იყო თითქმის მთელი შეხვედრის ყვითელი ბარათით თამაში, თან, მსაჯიც ჩვენდამი მთლად კარგად განწყობილი არ ყოფილა, მაგრამ ბიჭები დამეხმარნენ, გამარჯვება ყველამ ერთად შევძელი.


ეს იყო საოცარი მატჩი ჩვენი გუნდისა და ქვეყნისთვის. ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით და ყველა გულშემატკვრით, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა. ვაგრძელებთ პროგრესს და უკეთესობისკენ სვლას. ამ თამაშმა დიდი რწმენა შეგვძინა, რადგან ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ. ახლა უნდა დავისვენოთ, ვივარჯიშოთ და ვეცადოთ, საფრანგეთის წინააღმდეგ ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია".



გიზი მამაგეიშვილი: „ემოციურად დაღლილი ვარ. გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩვენთვის ფრე არასასურველი შედეგი იყო. ჯერჯერობით, ჯგუფში ლიდერები ვართ და აუცილებლად დიდი მიზნებისკენ გავაგრძელებთ სიარულს. ჩვენი ბოლო წუთები ალბათ იმას აჩვენებს, რომ ძალიან დიდი ერთიანი ძალა ვართ.


მადლობა ბიჭებს, გულშემატკივარს და ყველას, ვინც გაიზიარა ჩვენი სიხარული. შეცვლის წინ მწვრთნელისგან დავალება იყო, რომ გაგვეძლიერებინა დაცვა, გაგვეძლიერებინა შეტევა, მოგვემატებინა სისწრაფეები და ერთიანობა შეგვენარჩუნებინა, რადგან გუნდი თამაშს იგებდა.


ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ეს არის ჩვენი პირველი წარმატების გასაღები. არ ვიქნები ამპარტავანი და ვიტყვი, რომ არ ვართ ის ნაკრები, რომელიც პირველია ჯგუფში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვებს არ აქვთ, ესაა ერთიანობა, რასაც ყოველთვის ვინარჩუნებთ".



ლუკა ხარატიშვილი (პირველ ტაიმში, ორი კარგი „სეივი" დავითვალე, შესაძლოა რომელიმე გამომრჩა): „ძალიან ემოციური მომენტია თითოეული ჩვენგანისთვის, გუნდისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, ჯერჯერობით, პირველ ადგილზე ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ. ბოლო წუთზე „სეივი" ძალიან ემოციური იყო, რადგან გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე. მომდევნო მატჩებისთვის ისე მოვემზადებით, როგორც ამ მატჩისთვის მოვემზადეთ, მთელი სერიოზულობით, ჯერ არ გვქონია მეტოქის ანალიზი, მაგრამ გავარჩევთ საფრანგეთის ნაკრების თამაშს. პენალტის მომენტში არ მეგონა, შუაში თუ დაარტყამდა, სწორედ ეს ვუთხარი დარტყმამდე, მაგრამ მაინც შუაში დაარტყა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და დაგვაფასეს, მთელი თამაშის განმავლობაში ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას".



ლაშა ოდიშარია: „ვულოცავ მთელ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. ძალიან დაძაბული თამაში იყო, როგორც ველოდით, მაგრამ მოვიგეთ და კარგად დავიწყეთ. წინ კიდევ ორი მატჩია და 100%-ით დავიხარჯებით. დიახ, ამ პოზიციაზე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან შეტევაში თამაში უფრო მომწონს, ჩემი სტილია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, იყო მომენტები, როცა დაცვაშიც მიწევდა ჩასვლა, თუმცა ეს პრობლემას არ მიქმნის. გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს დღესაც დაგვეტყო, მათგან დიდ მუხტს ვგრძნობდით. პირველად არ მომხდარა, ბოლო წუთებზე აქამდეც მოგვიგია თამაშები და ეს გუნდის მენტალიტეტის დამსახურებაა, გუნდს ჩამოუყალიბდა გამარჯვებულის მენტალიტეტი".



ვასილიოს გორდეზიანი: „ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოვიგეთ. ვიცოდი, რომ გავიტანდი, მაგრამ ბოლო წუთი რომ იყო, უფრო დიდი ემოცია. ძალიან დიდი მოტივაცია გვაქვს, პირველ ადგილზე ვართ და ვეცდებით, ეს პოზიცია შევინარჩუნოთ. გუნდებში ბევრი გოლი ვერ გამაქვს, მაგრამ ნაკრებში უფრო მეტი შანსი მაქვს და გოლებიც გამაქვს. ფორვარდი ვარ და ასეთ დროს უნდა გავიტანო".



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებო მომდევნო შეხვედრას კვლავ ჟილინაში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს, 21:00 ადგილობრივი და თბილისის დროით 23:00 საათზე.


აქვე, ჩვენი სახელით, მადლობას ვუხდით ყველა გულშემატკივარს, რომლებიც დღეს, არა მხოლოდ ქართულ ტრიბუნაზე, არამედ, სტადიონზე, სხვადასხვა ადგილას ისხდნენ და მიუხედავად იმისა, რომ სამეზობლოდან გამომდინარე სლოვაკურ ჟილინაში პოლონელები, აშკარად აღემატებოდნენ ქართველებს, მშობლიურ ენაზე შეძახილი რამაზ სვანაძის ბიჭებს ყველა კუთხიდან ესმოდათ.



სპეციალურად ჟილინადან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.