მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მაისურაძე გახდა
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მაისურაძე გახდა
12.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, სლოვაკურ ჟილინაში, საქართველის 21-წლამდე ნაკრებმა პოლონელი თანატოლები დაამარცხა, 1-2. მეორე გოლი, ამ შეხვედრაში მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე გავიდა. გოლი კი, ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანა, თუმცა, გოლამდე იყო გიორგი მაისურაძის საკმაოდ გააზრებული და თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან გაკეთებული გადაცემა, რაც ბუნებრივია, დაინახეს უეფა-ს დამკვირვებლებმაც და მატჩის დასრულების შემდეგ, „მაისა", მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და გადაწყვეტილება ასე დაასაბუთეს: „ის ეფექტურად ახერხებდა დაცვაში თამაშს, როდესაც ერთი-ერთზე სიტუაცია იქმნებოდა, პოულობდა საჭირო პოზიციას საჯარიმო მოედანში. კარგად კომბინირებდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე და შესაშური ხასიათი გამოავლინა, როდესაც საგოლე გადაცემის გაკეთება გადაწყვიტა",- წერს უეფა-ს ვებ-გვერდი.



რამაზ სვანაძესთან დასრულებული პრეს-კონფერენციის შემდეგ კი, უეფა-ს პროტოკოლით და პრიზით ხელში, გიორგი მაისურაძე, საპრესკონფერენციო ოთახშიც შემოიყვანეს.


„მეც არ ვიცი რა მოხდა, შევედი ორთაბრძოლაში, რა დროსაც ფეხი შევახე, მანდ მიგრძნო გულმა რომ გოლი გადიოდა. თითოეულ ფეხბურთელს ვუხდი მადლობას 90 წუთი ბრძოლისთვის. მადლობა, რომ ავიღეთ 3 ქულა და პირველი ადგილი დავიკავეთ ამ ეტაპზე.


თავიდან, პირველ წუთებში ცოტა დაბნეულები ვიყავით. ბევრი, პირველად თამაშობდა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ თამაშის შუაში მივხვდით, რომ შეგვეძლო მოგება და არაფერი ისეთი არ იყო, რასაც ვერ გავაკეთებდით. წინ გრძელი გზაა, მაგრამ ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე დავიხარჯებით და გავუწევთ კონკურენციას.


ზოგადად, ემოციური ვარ, თამაშამდეც მელაპარაკნენ, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, მაგრამ ეგრე მოხდა... ყვითელი მივიღე. ამას, სამომავლოდ გავითვალისწინებ", - ამბობს მაისურაძე.


შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში პირველი გოლი ნოდარ ლომინაძემ გაიტანა 55-ე წუთზე.


საქართველოს ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ევრო 2025-ის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მომდევნო შეხვედრას 14 ივნისს, კვლავ ჟილინაში გამართავს და საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც სტადიონის „გადაღმა" ჰოლიდეი ინში არის დაბანაკებული. თამაში, თბილისი დროით კვლავ, 23:00 საათზე დაიწყება.



სტატიაში გამოყენებული  Damjan Zibert -ის ფოტო ( UEFA/UEFA via Getty Images)

სპეციალურად ჟილინადან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.