
დღეს სლოვაკეთში, სტარტს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი აიღებს, რომელშიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრები C ჯგუფში, საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან, საფრანგეთთან, პორტუგალიასთან და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად მონაწილეობს. როგორც წესი, ჯგუფში გამარჯვებულები ბოლო სათამაშო დღეს ირკვევა, თუმცა, ამ ჯგუფთან დაკავშირებით, ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ბევრი რამ, სწორედ, პირველი სათამაშო დღის შემდეგ დალაგდეს. ამასთან, მათივე ვარაუდით, პოლონეთისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს, რომლებიც დღეს, სწორედ, სასტარტო შეხვედრაში შეხვდებიან ერთმანეთს, შესწევთ ძალა, ჯგუფის ფავორიტები „გააბრაზონ" და შესაბამისად, სწორედ, დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე ჟილინაში ჩანიშნულმა შეხვედრამ, შესაძლოა ბევრი რამ გადაწყვიტოს.
ბუნებრივია, ჯგუფის ფავორიტებად საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ითვლებიან. თუმცა, ეს ფურცელზეა, რა მოხდება რეალობაში კი, დრო გვიჩვენებს.
საინტერესო ფაქტია, რომ პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს, განაცხადში, მხოლოდ ორი თავდამსხმელი ჰყავს - ფილიპ შიმჩაკი, რომელსაც პოლონურ ექსტრაკლასაში 5 გოლი აქვს გატანილი და ვიქტორ ბოგაჩი, რომელმაც სეზონის მიწურულს გაიტანა პოლონურ ლიგაში სადებიუტო გოლი.
აქვე, ერთი ჩართვა, გემახსოვრებათ, ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმაც და გუშინ რამაზ სვანაძემაც, მატჩისწინა ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე, ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილეს, რომ პოლონეთი, ჩვენს საწინააღმდეგოდ მაღალ ფეხბურთელებს „გამოიყენებს". რა დაგიმალოთ და გუშინ, პოლონეთის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდისთვის, რაც მოვასწარი თვალის შევლება, მართლა მაღალი ფეხბურთელები ჰყავდათ.
აქვე, ისიც ვთქვათ, რომ პოლონეთის 21-წლამდე ნაკრებს ყველაზე დიდი შედეგი, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ჰქონდა, როდესაც ხუთჯერ მოახერხეს 1/4 ფინალში გასვლა. შესაბამისად, თუკი, პოლონელები კვლავ მოახერხებენ ამ შედეგის გამეორებას სლოვაკეთშიც, ბევრისთვის ეს დიდი მოულოდნელობა იქნება.
რაც შეეხება საქართველოს - აქ, საფეხბურთო წრეებში აღნიშნავენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სენსაციური დებიუტის შემდეგ, საქართველო კვლავ მონაწილეობს კონტინეტის ახალგაზრდულ ფორუმში. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, რამაზ სვანაძის ნაკრებმა, ჯგუფის ფავორიტი, პორტუგალიაც კი დაჯაბნა და ჯგუფში პირველი ადგილით გავიდა გათამაშების მომდევნო ეტაპზე, სადაც პენალტების სერიაში წააგო ისრაელთან.
სხვათა შორის, პენალტების ამ სერიამ, ჩვენს გუნდს საკმაოდ ბევრი ასწავლა. მაგალითად, გიორგი მამარდაშვილის „სეივებით" ოდნავ მოგვიანებით, ასევე პენალტების სერიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში ჩატარდა და რომელმაც 2024 წელს ყველა ქართველი გაგვახარა. მან კი, ვინც ისრაელის 21-წლამდე ნაკრებთან, პენალტი „გააფუჭა", საბა ხვადაგიანი გვყავს მხედველობაში, 2024 წლის ნოემბერში, აქ, სლოვაკეთში მოსახვედრი საგზურისთვის გამართული ფლეი-ოფის პენალტების სერიაში, ცივად და აუღელვებლად მოახერხა 11-მეტრიანის გატანა. ასე, რომ ჩვენი გუნდი, გაკვეთილს კარგად სწავლობს და იმედია, ეს გარემოება, დღესაც დაეხმარება ჩვენს ბიჭებს.
ასე, რომ საფეხბურთო წრეები, სულაც არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ის გუნდია, რომელმაც შესაძლოა ისტორიის ახალი გვერდი დაწეროს, როგორც ქართული, ასევე, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. თამაში კი, ჟილინაში ჩატარდება, MŠK Žilina სტადიონზე, რომელიც 11,253 გულშემატკივარზე გათვლილი. აქედან, ერთ-ერთი მხარე, დღეს, ქართული იქნება. ჩვენი ინფორმაციით სლოვაკეთში ქართველო ქომაგების ჯგუფი იმყოფება, რომლებსაც ადგილობრივი ქართული დიასპორის და სპეციალურად თამაშებზე დასასწრებად ჩასული გულშემატკივარიც შეუერთდებიან.





ჩვენ







