ორი ამხანაგური, ოთხი ქულა და რამდენიმე „ახალი“ სახე, რომლებსაც სავარაუდოდ სექტემბერშიც ვიხილავთ
ორი ამხანაგური, ოთხი ქულა და რამდენიმე „ახალი“ სახე, რომლებსაც სავარაუდოდ სექტემბერშიც ვიხილავთ
08.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოსა და კაბო-ვერდეს თამაშის დასრულების შემდეგ, ქართულ მედიასთან სასაუბროდ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი ავიდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვილი სანიოლი მატჩის დამთავრებისთანავე დედაქალაქში გამოემართა საიდანაც სლოვაკეთში უნდა გადაფრინდეს და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს დაესწროს.

 

„დიდი ხანია, 4 მცველით სათამაშო ტაქტიკაზე გადასვლას ვგეგმავთ. ამხანაგურ მატჩებში კი, ამის ტესტირების საშუალება გვაქვს ვფიქრობთ, რომ მომავალში ნაკრები 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავა, რასაც ბევრი მიზეზი აქვს", - ამბობს ხიზანიშვილი, რომელიც ამ ეტაპზე სხვა, კონკრეტულ მიზეზებზე არ ლაპარაკობს.


ხიზანიშვილმა ხაზი გაუშვა გამართული შეხვედრების მნიშვნელობას, რომლის დროსაც ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო დრო მიეცა. მოგეხსენებათ, ვილი სანიოლმა რთული სეზონის შემდეგ, რამდენიმე (12) ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა, სამაგიეროდ შეკრებაზე დაუძახა მივიწყებულ და ახალ სახეებს, რომელთაგან ბევრი საქმეშიც ნახა.


„კმაყოფილები ვართ გაგნიძისა და გულიაშვილის თამაშით. მათ ამ ორ მატჩში თავი გამოიჩინეს და ბევრ კითხვას გასცეს პასუხი. ჩვენ მათ ასპარეზობას პოზიტიურად ვაფასებთ. დიდი პოტენციალი აქვს 16 წლის საბა ხარებაშვილს, რომელსაც ფარერის კუნძულებთან დებიუტი ჰქონდა, თუმცა მან ძალიან ბევრი უნდა იშრომოს იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში თავი დაიმკვიდროს", - ამბობს „ხიზანა".


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონკრეტულ სანაკრებო შეკრებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, ჰქონდა კონკრეტული მიზანი - მიეცა სათამაშო დრო იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ეს სხვა თამაშების არ ჰქონდათ, ამას გარდა გამოეცადათ ახალი მოთამაშეები. შეგახსენებთ იმასაც, რომ ფარერებთან მატჩის შემდეგ, სანიოლმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ დააკვირდებოდა. დიდი ალბათობით, ამ ფეხბურთელთა შორის გაგნიძე და გულიაშვილი არიან, რომლებიც არა გამორიცხული, უკვე შემოდგომის თამაშებზე ვიხილოთ. აქ, მხოლოდ ერთს დავამატებთ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, დღეს დებიუტი ჰქონდა ლუკა გუგეშაშვილსაც. საქართველოს ნაკრები მეკარე, დღევანდელ შეხვედრაში, ჩვენი ეროვნული ნაკრების კარი რამდენჯერმე იხსნა. გამოიცნო 11-მეტრიანის კუთხეც, თუმცა, სამწუხაროდ, ბურთს ვერ მისწვდა.


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს ორი სპარინგი გამართა. პირველი, თბილისში, „დინამო არენაზე" მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო. მეორე კი, დღეს ქუთაისში, კაბო-ვერდეს ნაკრებთან, რომელიც დიდი ალბათობით მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებას მალე გაინაღდებს, ფრედ, 1-1 ითამაშებს.