ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში კაბო-ვერდესთან ფრედ ითამაშა
ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში კაბო-ვერდესთან ფრედ ითამაშა
08.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში 2017 წლის შემდეგ ითამაშა და შეხვედრა, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კვლავ ფრედ დასრულდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნებოდა, ბევრისთვის ეს საქილიკო თემა გახდა. ვილი სანიოლის გუნდი, ისევე, როგორც რამდენიმე დღის წინ თბილისში, არც დღეს თამაშობდა ძირითადი შემადგენლობით. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და რეალურად, ამხანაგური თამაშების მთელს არსს თუ ჩავწვდებით კიდევ, სწორედ, ასეთ, ერთის შეხედვით უცხო და მსოფლიო რეიტინგში ჩვენზე ოთხი საფეხურით დაბლა მდგომ ნაკრებთან იყო ყველაზე კარგი შანსი გამოგვეცადა ის ფეხბურთელები, რომლებსაც სანაკრებო თამაშებში ცოტა დრო ეძლეოდათ.


ფარერებთან, რამდენიმე დღის წინ გამართული მატჩისგან განსხვავებით, ვილი სანიოლის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იყო. თავდაპირველად მეკარეზე, დაანონსებული ლუკა გუგეშაშვილი, რომელსაც მარტში, სომხეთთან გამართული მატჩის შემდეგ ვიცით და ველით სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90 წუთის მანძილზე იცავდა კარს. ალბათ, აქვე უნდა ითქვას, რომ „გუგეშამ" საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა და თუ არ ჩავთვლით შეხვედრის მიწურულს ჩვენს კარში გატანილ 11-მეტრიანს, რომლის კუთხეც გამოიცნო და ცოტა დააკლდა მის მოსაგერიებლად. მოკლედ, გიორგი მამარდაშვილთან ერთად, საიმედო კარის მცველები გვყავს.


სასტარტო შემადგენლობაში არ იყო არც ლევან შენგელია, რომელიც ამ ჯერზე შეცვლაზე შემოვიდა. მისი ადგილი კი, დღეს, ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაიკავა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შეცვლაზე ვილი, ივა გელაშვილი, გურამ გიორბელიძე, გიორგი ბერიძე და დავით ვოლკოვი შემოუშვა. თუკი, სანიოლის რამდენიმე დღის წინანდელ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციას გავიხსენებთ, ქართველთა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ის რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ დააკვირდებოდა და ამიტომ, მათ მეტ სათამაშო დროსაც მისცემდა.


რაც შეეხება თამაშს, კაბო-ვერდე, სულაც არ გამოდგა მარტივი გუნდი და არ ეწყინება ჩვენს ნაკრებს, თუ ვიტყვით, რომ ბურთიც მთელი თამაში გაგვიკონტროლა, კარშიც დაგვირტყა და გვარიანადაც გვანერვიულა. თუმცა,  ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც მსაჯის მიერ კომპენსირებულმა დრომ დაიწყო ათვლა, გაგნიძის გადაცემის შემდეგ, თავით, საბა ლობჟანიძემ გაიტანა და გამარჯვებისკენ ათვლა დაიწყო. თუმცა, ამ გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა, როგორც უკვე გითხარით, მატჩის მიწურულს სტუმრებმა 11-მეტრიანით გაგვითანაბრეს და შეხვედრაც ფრედ, 1-1 დასრულდა.


ფოტო: ზიზუ ჯიქია