შენგელიამ ვირტუსს მილანში კვლავ მოაგებინა და იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა
შენგელიამ ვირტუსს მილანში კვლავ მოაგებინა და იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა
08.06.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონია იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა. ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩი ბოლლონიელებმა სტუმრად, მილანში გამართეს, სადაც ოლიმპია არმანი 84:78 დაამარცხეს. შედეგად, ვირტუსმა მთლიანი სერიაც მოიგო, რადგან საერთო ანგარიში 3-1 გახდა, რაც შენგელიას უდიდესი დამსახურებაა.


სამივე მატჩში, რომელიც ნახევარფინალურ სერიაში ვირტუსმა მოიგო, შენგელია საუკეთესო იყო. განსაკუთრებული დომინაციით ქართველი ფორვარდი სწორედ ბოლო მატჩში გამოირჩა. თორნიკემ 27 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, რითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც დამსახურებულად გახდა.


შენგელია უბადლოდ ესროდა - 11-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტნის სარგებლიანობის ინდექსმა 35-ს უწია და ამ მაჩვენებელი ვირტუსში შემდეგი ისაია კორდინიე გახლდათ (15). შენგელიამ დიდებული მატჩი გაუხუნა უშუალო კონკურენტ ნიკოლა მიროტიჩს, რომელმაც მილანელთა შემადგენლობაში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 32 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი. 


ფინალურ სერიაში ვირტუსი ბრეშას შეხვდება. ბრეშამ ნახევარფინალურ სერიაში ტრაპანის საქმე იოლად მოუთავა - 3:0 მოუგო და ფინალისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონდა. რეგულარულ ჩემპიონატში ფინალისტებმა მოგებები გაიყვეს. ვირტუსმა შინ ბრეშა 91-78 დაამარცხა, ხოლო ბრეშაში მასპინძელმა რთულ ბრძლაში 98-97 იმარჯვა.


ფოტო: (c) Virtus Segafredo Bologna