მოვა დრო, როცა ნახავ, რა შეგიძლია და ყველაფერს ხალხი დაინახავს - 17 წლის სანაკრებო კარიერის შემდეგ, ხალხმა „ლორის“ დაუფასა
მოვა დრო, როცა ნახავ, რა შეგიძლია და ყველაფერს ხალხი დაინახავს - 17 წლის სანაკრებო კარიერის შემდეგ, ხალხმა „ლორის“ დაუფასა
06.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკმაოდ რთული გამოდგა სპორტული ჟურნალისტისთვის იმის გადახარშვა, რომ სანაკრებო სპორტიდან კიდევ, იმ ერთი სპორტსმენის გაცილების მომსწრე ხდები, რომლის პირველი ნაბიჯებიც გახსოვს. ალბათ, ერთ-ერთი ასეთი გიორგი ლორია არის, რომელთანაც პროფესიულის გარდა, მეგობრობაც მაკავშირებს. ალბათ, დაახლოებით ორი ათეული წლის მანძილზე, „ლორჩიკასგან" ბევრი სასიხარულო თავგადასავალიც მახსენდება და ბევრი გულისტკივილიც, მათ შორის საკლუბო ფეხბურთიდან. მაგალითად, გერმანიაში, საქართველოს ნაკრების პირველი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მითხრა, რომ „დინამო თბილისიდან" წავიდა და ეს, ევროტურნირების წინ იყო - ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. აქვე, მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე სპორტული ჟურნალისტი, რომელსაც საყვარელი კლუბი არ ჰყავს (ეროვნულ ნაკრებს რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ), შესაბამისად არც ასეთი კლუბის არსებობა „ტეხავს", მთავარია ობიექტურობა და პროფესიონალიზმი, როცა საქმეს უდგები. აი ამ კუთხით, სანაკრებო დონეზე, მაინც წამძლევს ხოლმე ქართველობა, ამიტომ ჩემი ქვეყნის დროშით მოასპარეზე სპორტსმენისთვის ბოლომდე დავიხარჯები და გიორგი ლორიაც, ამ დიდი არმიიდან ერთ-ერთია. ისე, ალბათ, იმ გამონაკლისებსაც ვეკუთვნი, რომელსაც 2023 წლის ჩათვლით იძახდა, რომ გიორგი ლორია ჯერ კიდევ ნომერი პირველი მეკარეა. თუმცა, დრო რიგ მოცემულობებს ცვლის და სპორტში კიდევ, მთავარია ის მომენტი იპოვო, როცა ტაშით და არა სტვენით გაგაცილებენ.


კვლავ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, სტვენამდე, ალბათ, ჯერ კიდევ შორს იყო და ამის დასტური, გუშინ, ფარერის კუნძულების ნაკრებთან შეხვედრის მეორე ტაიმის „სეივს" მოვიშველიებ, როცა „ბებერი ძვლები" ბოლომდე გაშალა და ცხრიანში მიმავალი ბურთი კარიდან „გამოიღო", მაგრამ თავად ფეხბურთელზე უკეთ, ამ მომენტს ვერც ვერავინ მიხვდება.


„ძალიან რთულია ემოციების გადმოცემა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამაყი ვარ, რადგან მომიწია ამ წლებში საქართველოს ნაკრებში თამაში. როგორც ბოლო დროს გავიგე, ძალიან ბევრი ფეხბურთელისთვის სტიმული ვიყავი და ეს არის ალბათ, ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება. ის დაფასება, რასაც ვგრძნობდი და დღეს ვიგრძენი, ფასდაუდებელია და მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ამაზე მეტი არ შეიძლება, ეს არის ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო", - ამბობს გიორგი ლორია ეროვნულ ნაკრებთან გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ.


ამ მომენტამდე იყო მატჩის წინა, საკმაოდ ემოციური შეხვედრა მედიასთან. რეალურად, ორი ემოციური დღე ეროვნულ ნაკრებთან, „დინამო არენაზე" რომელზეც ვერა და ვერ ვისწავლეთ, თამაშამდე, ერთი საათით ადრე მოსვლა, გულშემატკივრის ნაწილთან (სტადიონი თამაშის მიმდინარეობისას შეივსო) შეხვედრა, ყოფილი თანაგუნდელისგან და ახლა, სფფ-ის ვიცე პრეზიდენტისგან ალექსანდრე იაშვილისგან, სამახსოვრო და სამადლობელო საჩუქრების მიღება, ეროვნული ნაკრების კაპიტნობა, თან ახალი ფორმით თამაში, რომელიც განსაკუთრებით მეკარეებისთვის იყო ექსკლუზიურად ახალი. თამაში, იმ სტადიონზე, რომელიც ალბათ, ყველა სხვა საფეხბურთო სტადიონთან შედარებით, შენთვის ყველაზე მშობლიურია, სახლია. ემოციური იყო, მოედანზე გატარებული 90'+4 წუთი და მთელი ამ ხნის მანძილზე ტრიბუნებიდან მოსული გუგუნი, რომელიც ერთ გვარსა და სახელს გიორგი ლორიას სკანდირებდა.


„ყველა, ვისაც დებიუტი ჰქონდა, იმსახურებს ამ შანსს. კარგია, რომ მოვიგეთ. ყველა ქართველისთვის ნაკრების კარი ღიაა, მთავარია, მონდომება. იყო დრო, როცა ვაპირებდი გაჩერებას, მაგრამ არ გავჩერდი, ჩემი მშობლების, განსაკუთრებით მამაჩემის დამსახურებით, მეუბნებოდა, რომ მოვა დრო, როცა ნახავ, რა შეგიძლიაო და ყველაფერს ხალხი დაინახავსო", - ამბობს ლორია, რომელიც „ხალხმა დაინახა" და შეუყვარდა. ამ ხალხს შორის კი, ის ფეხბურთლებიც არიან, რომლებმაც გუშინ, ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო თამაშები ჩაატარეს, მათგან ერთი მეკარე დავით კერესელიძე იყო, რომელმაც ბოლო წუთზე შეცვალა ლეგენდა, იყო ნიკა გაგნიძე, რომელსაც ვილი მთელი თამაში ენდო და იყო 16 წლის საბა ხარებაშვილი, „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი - სიმბოლოების თუ, ვინმეს სჯერა, მაშინ ისიც ვთქვათ, რომ 17 წლის წინ, როდესაც გიორგი ლორია ეროვნულ ნაკრებში თამაშს იწყებდა და საერთო ჯამში გუშინ 79-ე მატჩი ჩაატარა, საბა, ჯერ დაბადებული არ იყო.


„საქართველოს ნაკრებს ვტოვებ საიმედო ხელში", - ესეც ლორიას გუშინდელი ემოციური გამოსვლებიდან ერთ-ერთი ფრაზაა და აქ, ბუნებრივია გიორგი მამარდაშვილთან ერთად, „ლორიმ", ლუკა გუგეშაშვილი და დავით კერესელიძეც იგულისხმა, თუმცა, ალბათ, ის მეკარეებიც, რომლებიც რამდენიმე დღეში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ჩაერთვებიან და დიდ გამოცდილებასაც მიიღებენ . თანამედროვე ქართული ფეხბურთის ლეგენდა კი, გუშინ ქართველმა გულშემატკივარმა საკმაოდ ემოციურად გააცილა. ჩვენი გვერდის ინფორმაციით, გიორგი ლორიას გადაწყვეტილი აქვს საბოლოოდ დაბრუნდეს საქართველოში და თბილისში, „მეკარეებს" მოჰკიდოს ხელი. თუმცა, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.