
დღეს „დინამო არენაზე" 16 წლისა და 275 დღის საბა ხარებაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. საბა, არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე პატარა ასაკით, ვინც ეროვნული ნაკრების (ამ შემთხვევაში ახალი დიზაინის) მაისურით, „დინამო არენაზე" ითამაშა.
ჩვენი გუნდის ფრანგი სპეციალისტი, იმ მწვრთნელების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა. ქართველ გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ნაკრების თითქმის ყველა შეკრებაზე, ვილი სანიოლს თითო ახალგაზრდა ფეხბურთელი ყოველთვის ჰყავს გამოძახებული. თუმცა, „ხარებას" ასაკის ჯერ არ ჰყოლია და ამასთან, შეკრების პირველივე შეხვედრაში, სათამაშო დრო არ მიუცია.

დღეს, ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ, „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის უკვე, თამამად შეიძლება ითქვას, გამოცდილი მცველი, მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა.
„მთელი ბავშვობა, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ამ მომენტზე ვოცნებობდი და როცა მოედანზე შევედი, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აქამდე გვერდში მედგა. სტადიონზე სასწაული ატმოსფერო იყო და მადლობა გულშემატკივარს. ამაზე მაგარი ემოცია ალბათ ჩემს კარიერაში არ მექნება, რადგან როცა ნაკრებში დებიუტი გაქვს, წარმოუდგენელი შეგრძნებაა", - ამბობს საბა ხარებაშვილი მატჩის დასრულების შემდეგ.

მოახერხებს თუ არა ახლო მომავალში, საბა ეროვნულ ნაკრებში ადგილის დამკვიდრებას ეს, მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელზეა დამოკიდებული. მანამდე კი, მნიშვნელოვანია, რომ საბამ, პირველი „ბარიერი", თითქმის სავსე დინამო არენა გადალახა, მართალია მხოლოდ 10 წუთს დამატებული მსაჯის მიერ კომპენსირებული კიდევ ოთხი და საერთო ჯამში 14 წუთი გაატარა მოედანზე, თუმცა, დებიუტისთვის კარგი გამოცდილება აკრიფა. ამას გარდა, ჩვენი აზრით, მონაწილე გახდა თამაშის, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდის გაცილების, რომელსაც ამ დღემდე, მხოლოდ ტრიბუნიდან ქომაგობდა და რომელთან ერთადაც „დინამო თბილისის" შემადგენლობაში გარკვეული პერიოდი თამაშიც მოუწია.
„ლორია ქართული ფეხბურთის ლეგენდაა, ძალიან მოხარული ვარ, რომ მასთან, გველესიანთან ერთად თამაში მომიწია, ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ლორიას წარმატებას ვუსურვებ, მას ეროვნული ნაკრებისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. მადლობა, რომ ასეთი კარგი პიროვნებაა და მისგან ყოველთვის მაგალითს ვიღებდი, მათ შორის, „დინამოშიც", სადაც ცოტა ხანი მასთან ერთად ვითამაშე", - ამბობს ხარებაშვილი.

16 წლის ხარებაშვილმა დღეს, ასევე, „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი ლუკა ლოჩოშვილი შეცვალა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, რომელშიც სტუმართა გუნდი, მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, მოახერხა საკუთარ საჯარიმოსთან, ერთ-ერთი მომენტის „გასუფთავება". საქართველოს ნაკრებმა კი, ეს შეხვედრა მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა სათამაშო დროს, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ვილი სანიოლი, კვირას, 8 ივნისს, კაბო-ვერდესთან შეხვედრაში, რომელიც ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ







