გამოსამშვიდობებელი, დებიუტი, ბევრი ემოცია და სამი ქულა სტატისტიკაში
გამოსამშვიდობებელი, დებიუტი, ბევრი ემოცია და სამი ქულა სტატისტიკაში
05.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს, დინამო არენაზე, ეროვნული ნაკრები სომხეთთან გამარჯვებისა და B დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შემდეგ, პირველად შეიკრიბა. ამჯერად, ძირითადი შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე და თითქმის სავსე ტრიბუნების ფონზე, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით, პირველი იარუსის 6 სექტორს, რომელიც წინა შეხვედრის მსგავსად დაკეტილი იყო. ვილი სანიოლის გუნდი, ეთამაშა შეიძლება ითქვას, ფეხბურთის მოყვარული ამბიციური ქართველი გულშემატკივრისთვის, უინტერესო ფარერის კუნძულების ნაკრებს, თუმცა, სრულიად გადახალისებული შემადგენლობით, ბევრი ფეხბურთელისთვის საკლუბო დონეზე, ცოტა სათამაშო დროისა და სამომავლოდ, ეროვნულ ნაკრებში ადგილის მოპოვების მსურველი ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდით.  თანაც, მეკარით, რომელმაც სწორედ, მშობლიურ დინამო არენაზე გადაწყვიტა თამაშის დასრულება, მეორე ტაიმში კი, ვილი სანიოლმა მოედანზე 16 წლისა და  275 დღის (ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე) საბა ხარებაშვილი შემოუშვა. დღესვე, საქართველოს ნაკრებში დებიუტი კიდევ ორ ფეხბურთელს, ნიკა გაგნიძესა და დავით კერესელიძეს ჰქონდათ (ამ უკანასკნელმა სწორედ, ლორია შეცვალა). ამ გადმოსახედიდან დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.



მაგალითად, ჩემთვის, რომელიც ვთვლი, რომ ბავშვობის ასაკიდან ვიცი ლუკა ლოჩოშვილი, დღეს აღმოვაჩინე რომ ფეხბურთელს, მის მიერ გატანილი გოლი რომ არ ჩავთვალოთ, მეორე ტაიმში ისეთი სპრინტი ჰქონდა, თვალიც კი მოვიფშვნიტე, ნამდვილად „ლოჩო" იყო თუ, არა.


„ლოჩოშვილმა სომხეთთან ძალიან კარგად ითამაშა დაცვის ცენტრში, მაგრამ ვიცით, რომ მარცხენა მცველადაც თამაში შეუძლია, შეიძლება ისე კარგად არა, როგორც ცენტრში, მაგრამ შეუძლია და ამიტომაც გამოვიყენეთ დღეს მარცხნივ. რაც შეეხება ლობჟანიძეს, მჯერა, რომ მარცხენა ფლანგზე მას უკეთ თამაშობს, ვიდრე მარჯვნივ. მიხარია, რომ კარგად ითამაშა, ჩემი აზრით, ის მოედანზე საუკეთესო იყო, ეს მისთვის მოტივაცია იქნება, რადგან ბოლო წლებში შედარებით ნაკლებად უწევდა ნაკრებში თამაში", - ამბობს ვილი სანიოლი მატჩის დასრულების შემდეგ.



ემოციური თამაშის შემდეგ, რომელშიც გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერის დაასრულა და ქართველთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა, მედიასთან მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე კიდევ ერთხელ შეაჯამეს საქართველოსა და ფარერის კუნძულების მწვრთნელებმა.


 „ეს იყო კარგი საწვრთნელ მატჩი, გამოვცადეთ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე. მეორე ტაიმში გვქონდა შანსები, რომლებიც შეგვეძლო გამოგეყენებინა. ამიტომ გული მწყდება. პირველ ტაიმში გაშვებული გოლი იყო, დიდი შეცდომა ჩვენი გუნდის. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ და ახლა, მოვემზადებით მომავალი თამაშისთვის, რომელიც ორშაბათ უნდა გვქონდეს.  ალბათ, ის რომ საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა და გაიმარჯვა, გუნდის მეკარის, გიორგი ლორიას დიდი დამსახურებაა, რომელიც დღეს გააცილეს", - ამბობს ეიუნ კლაკსტეინი,ფარერის კუნძულის მთავარი მწვრთნელი.



საქართველოსა და ფარერის კუნძულების შეხვედრაში კი, ერთადერთი გოლი, შეხვედრის მე-9 წუთზე გავიდა. ანგარიშის გაზრდის საშუალება საქართველოს ნაკრებს ორივე ტაიმში ჰქონდა, თუმცა, სიზუსტე გვაკლდებოდა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, აი იქ, ერთ მომენტში გიორგი ლორიას ბოლომდე მოუხდა გაწელვა და რათა ფარერელთა მიერ ცხრიანში გაშვებული ბურთი მოეგერიებინა.


„საკმაოდ კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით, ჩვენ თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ,  რაც გვინდოდა და ვგეგმავდით. გული მწყდება რომ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ. არ ვარ კმაყოფილი მეორე ტაიმით, ძალიან დავკარგეთ ჩვენი ჟინი და სწრაფად. რიგ მომენტებში კი, ემოცია გვწონიდა, ეს არ არის კარგი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამ შემადგენლობას ერთდ არ უთამაშა. ამიტომ, არ არის მარტივი ასე უცბად აეწყო. რაც შეეხება გიორგი ლორიას, ბოლო თამაში ეროვნულში მარტივი არაა, რადგან არ იცი, რა მოხდება. ამიტომ ეს იყო, კარგი დამშვიდობება და შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ითამაშა", - ამბობს სანიოლი.



ბოლო სამ პრეს-კონფერენციაზე, როდესაც ჟურნალისტები საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან შემოდგომის თამაშებთან დაკავშირებით ცდილობენ დალაპარაკებას, ვილი სანიოლი ჯიუტად პასუხობს, რომ რა იქნება სექტემბერში მისთვის, ამის გამოცნობა ამ ეტაპზე რთულია - შეიძლება იყოს ტრავმა, შეიძლება ამა თუ იმ ფეხბურთელს ჰქონდეს ნაკრები სათამაშო დრო, თუმცა, დღევანდელი და კვირას დაგეგმილ შეხვედრებში, მისი და სამწვრთნელო შტაბის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ საქმეში სხვა ფეხბურთელებიც ენახა.


„დღევანდელ შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელმა დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და შესაძლოა სექტემბერშიც ჩვენთან ერთად იყვნენ. თუმცა, სამ დღეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს. ეს არის შანსი სხვა ფეხბურთელებისთვის, გვაჩვენონ სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს, რომ შეუძლიათ იყვნენ ამ გუნდის ნაწილი. ამიტომ, უნდა აღვიდგინოთ ძალები, რადგან კვირას სრულიად განსხვავებულ გუნდთან გველის საინტერესო თამაში", - ამბობს სანილი.


საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო ფანჯრის ბოლო შეხვედრას, 8 ივნისს, საღამოს 8 საათზე ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე გამართავს და ამჯერად, კაბო-ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ფარერის კუნძულების გუნდისგან, რადიკალურად განსხვავდება.