რამდენიმე დღეში საქართველოს წყალბურთის ნაკრები მეშვიდე ევროზე შეეცდება გასვლას
რამდენიმე დღეში საქართველოს წყალბურთის ნაკრები მეშვიდე ევროზე შეეცდება გასვლას
05.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

9-11 ივნისს, თბილისი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს წყალბურთში. სამი დღის მანძილზე „ოლიმპიკის" აუზზე, ჩვენი ნაკრები ევროპის 2026 წლის საგზურის მოსაპოვებლად, C ჯგუფში შვეიცარიის, ისრაელისა და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.


სამი დღის მანძილზე მატჩებზე დასწრება „ოლიმპიკში", ქართველ გულშემატკივარს თავისუფლად  (ბილეთის შეძენა არაა საჭირო) შეეძლებათ.


9 ივნისი / 17:00 საქართველო  - ბულგარეთი

10 ივნისი / 17:00 საქართველო -შვეიცარია

11 ივნისი / 17:00 საქართველო - ისრაელი


თბილისი გარდა, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპები კიდევ სამ ქალაქში გაიმართება:


A ჯგუფი (კრანი, სლოვენია): ნიდერლანდები, სლოვენია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი

B ჯგუფი (სტამბოლი, თურქეთი): გერმანია, სლოვაკეთი, თურქეთი, ფინეთი, შვედეთი

D ჯგუფი (გზირა, მალტა): საფრანგეთი, მალტა, უკრაინა, პორტუგალია


აქვე გეტყვით, რომ ევრო 2026-ის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს, თუმცა, თბილისში, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჯგუფის გამარჯვებული სწორედ, ჩვენი გუნდი იყოს. ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კი, 10-25 იანვარს, სერბეთში გაიმართება. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2014 წლიდან მონაწილეობს. ამ პერიოდში ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე კარგი შედეგი, მე-8 ადგილი 2022 წლის ევროზე დააფიქსირა. ბოლო, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი, ჩვენმა ნაკრებმა მე-10 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


საინტერესოა, რომ ფინალური ეტაპი რომელიც ბელგრადში, „ბელგრად არენაზე" 2016 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩატარდება და 10 წლის წინ ტურნირს 18000-ზე მეტი ქომაგი დაესწრო, განახლებული ფორმატით ჩატარდება. სხვათა შორის, 2022 წლის შემდეგ, ტურნირის ფორმატი, როგორც ხედავთ, კიდევ ერთხელ შეიცვალა.


პირველი რაც ფინალურ ეტაპზე შეიცვალა არის ის, რომ გუნდები, ისე როგორც წინა ევროპის ჩემპიონატზე იყო, აღარ გადანაწილდებიან ორ ჯგუფში. სიახლე კი, იმაში მდგომარეობს, რომ ფინალური ეტაპის მონაწილე 16 გუნდი ოთხ, 4-გუნდიან ჯგუფად გადანაწილდება და თითოეულ ჯგუფში 2-2 ტოპ რეიტინგის გუნდი მოხვდება. რეიტინგი, 2024 წლის მონაცემებით განისაზღვრება. ამ გუნდებს კი, კვალიფიკაციიდან გასულები დაემატებიან. შესაბამისად, ჯგუფში ყველა გუნდი, ერთდღიანი შუალედებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამის შემდეგ, უკვე 3-3 საუკეთესო გუნდი შეადგენს, საერთო ჯამში 12 გუნდს, რომლებიც მეორე ეტაპზე ორ 6 გუნდიან ჯგუფში გააგრძელებენ ასპარეზობას.


საინტერესო დეტალი - ფინალური ტურნირის პირველი ეტაპიდან გუნდებს, მომდევნო ეტაპზე პირველი ჯგუფური ეტაპის დროს დაგროვილი ქულები გადაჰყვებათ და ამას გარდა, ითამაშებენ, სამ დამატებით მატჩს, გუნდების წინააღმდეგ, რომლებსაც არ შეხვედრილან. ამის შემდეგ ორი ჯგუფის ბოლო 2 ადგილზე გასული 4  გუნდი, საბოლოოდ, მე-13-16 ადგილებისთვის იბრძოლებს.


ჯგუფის 2-2 საუკეთესო 1/2  ფინალურ შეხვედრებში გადაინაცვლებს, დანარჩენი 8 გუნდი კი, მე-5-დან მე-12 ადგილებისთვის გაარკვევს ურთიერთობას.


ამ მომენტისთვის, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საგზურების მფლობელები უკვე არიან ესპანეთის, ხორვატიის, იტალიის, უნგრეთის, საბერძნეთის, სერბეთის მონტენეგროსა და რუმინეთის ნაკრებები. შეგახსენებთ, რომ რეიტინგი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით არის შედგენილი.