ცვლილება 21-წლამდეთა განაცხადში - გოგლიჩიძის ნაცვლად ოდიშვილი
ცვლილება 21-წლამდეთა განაცხადში - გოგლიჩიძის ნაცვლად ოდიშვილი
05.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლუკა ლაცაბიძისა და ნიკა უგრეხელიძის შემდეგ, უკვე ოფიციალურად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა.


სფფ-ის სანაკრებო გვერდის ცნობით, გოგლიჩიძემ ავსტრიული შეკრება დატოვა, მის ნაცვლად კი რამაზ სვანაძემ გუნდში, „თელავის" წარმომადგენელი ლადო ოდიშვილი ჩაანაცვლებს.  ოდიშვილი, 21-წლამდე ნაკრების შემადგელობაში პირველად 2024 წლის სექტემბერში გამოჩნდა, ნაკრების ფორმით 4 მატჩი აქვს ჩატარებული.  სხვათა შორის იყო, იმ გუნდის განაცხადშიც, რომელმაც რიეკაში ფლეი-ოფში ხორვატიის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.  ახალგაზრდულ ნაკრებამდე კი, ფეხბურთელს ერთი მატჩი 2024 წლის ივნისში, ყაზახეთის წინააღმდეგ 20-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშა. რეალურად, ფეხბურთელისთვის ეს ასაკობრივი ნაკრები მშობლიურია.


უეფა-ში ამ მომენტში ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება: მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო ბათუმი"), ლევან თანდილაშვილი („თელავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი");  მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („სირიუსი", შვედეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია" ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი („თელავი"), საბა საზონოვი („ემპოლი", იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის „შახტარი", უკრაინა);  ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო", პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი", ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი"), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა", ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი"), თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ვასილიოს გორდეზიანი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999"), ვახტანგ ბედოშვილი („გარეჯი"), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913"), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).


რა შეეხება ნაკრებს, რამაზ სვანაძის გუნდმა, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე დაგეგმილი ბოლო სპარინგი გამართა რუმინეთის წინააღმდეგ და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა (იხილეთ სტატია).


„მძიმე თამაში გამოვიდა. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა დავმარცხდით და ამით, კმაყოფილი არავინ არის.  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ თამაშში ჩვენთვის მნიშნელოვანი იყო, საქმეში გვენახა ყველა ფეხბურთელი, ეს ერთი და მეორე, ყველაზე მთავარი, ტრავმები აგვერიდებინა თავიდან. განსაკუთრებით, ბოლო დღის მოვლენების ფონზე, ეს ამბავი ძალიან გვაშფოთებდა. არის ძალიან დიდი ჯგუფი ფეხბურთელების, რომლებისთვისაც პირველი თამაში იყო დიდი ხნის შემდეგ. ფეხბურთელების ჯგუფმა ორი-სამი კვირის წინ დაასრულეს თავიანი ჩემპიონატები, ამ გარემოებით მინდა ავხსნა მოედანზე მათი ქმედებები. დღეს ჩვენ გვაკლდა აგრესია, გვაკლდა ის სისწრაფეები, რომლითაც ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით. ერთი კვირა გვაქვს დრო რომ მოვემზადოთ, მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ბევრად კარგად იქნება, ვიდრე ეს დღეს იყო. პირველ რიგში, მოძრაობას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, იმ „აგრესიას". საერთო ჯამში, კარგი სპარინგი გამოვიდა, იმიტომ რომ მივიღეთ ძალიან კარგი ინფორმაცია. აუცილებლად დაგვჭირდება დაცვის ფაზაში განსაკუთრებით მომატება, უფრო მეტი კონცენტრაცია და ყურადღება. ბოლო მომენტების ფონზე გამოგვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, არ არის მარტივი გადაწყობა, დრო ცოტაა, მაგრამ უნდა შევძლოთ ის, რომ პოლონეთის თამაშს მომზადებულად შეხვდეთ", - ამბობს რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


გუშინდელ სპარინგში დებიუტი ჰქონდა, ვახტანგ ბედოშვილს, რომელმაც, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 60 წუთი გაატარა.


და ბოლოს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდი, პირველ შეხვედრას, 11 ივნისს, სლოვაკურ ჟილინაში გამართავს.