
ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს სანაკრებო ფანჯრით ისარგებლებს და დაგეგმილი ორი ამხანაგური შეხვედრიდან პირველს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი, „დინამო არენაზე", ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკრების შემადგენლობაში, ევრო 2024-ის გუნდიდან ბევრი არ ითამაშებს, გულშემატკივრის ნაწილმაც გადაწყვიტა „შვებულება" აეღოთ. ამიტომ, ვისაც ფეხბურთი გიყვართ და თავს, საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრად თვლით, ბილეთების შეძენა და თამაშზე დასწრება კიდევ შეგიძლიათ. ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებას თავს ვერ მოგახვევთ, მაგრამ ეროვნულ ნაკრებს, ყველა ფორმაციისას უნდა უგულშემატკივრო. საქართველოსა და ფარერის კუნძულების ნაკრებების შეხვედრა, ხვალ 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩის დაწყებამდე, დღეს, დინამო არენაზე, ტრადიციული მატჩისწინა შეხვედრა გაიმართა ქართულ მედიასთან. ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვრცლად ისაუბრა გუნდის დებიუტანტებზე და მოლოდინებზე კონკრეტულად ამ თამაშიდან.

„ამ თამაშში განსაკუთრებულ ექსპერიმენტებს არ ვგეგმავთ, რადგან საშუალებას ვაძლევთ ახალ ფეხბურთელებს, თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ჩემი მოლოდინიც უცვლელია - ყველასგან მაქსიმუმს ველოდები, ვინც ამჟამად ნაკრებია გამოძახებული. ძალიან ბევრი ფეხბურთელი 21-წლამდელთა ნაკრებში გვყავს გაშვებული და შესაძლებელია, მათ შემოდგომაზე, მთავარი ნაკრების კარიც შეაღონ. დიდი ხანია ვამბობ, რომ ნაკრებში 9-10 ადგილი „თავისუფალია" და მათ ამ ადგილების დასაკავებლად უნდა იბრძოლონ. ამიტომ მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება სექტემბრის მატჩებში", - ამბობს სანიოლი.
ივნისის სანაკრებო შეკრებაზე სანიოლის გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც ნაკრებთან გარკვეული გამოცდილება აკავშირებთ, თუმცა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩვენი ვებ-პორტალის შეკითხვა, გუნდის ყველაზე პატარა მოთამაშეს, „დინამო თბილისის" 16 წლის მცვლეს საბა ხარებაშვილს ეხებოდა. გემახსოვრებათ, რომ ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის დასახელების შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ საბა ხარებაშვილს გარკვეული პერიოდია აკვირდებოდა და მას იცნობდა „დინამო თბილისიდან" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან, ამრიგად ჩვენთვის საინტერესო იყო, ფრანგმა სპეციალისტმა, თუ მოახერხა ახალგაზრდა ფეხბურთელის უფრო კარგად გაცნობა და ამ გადმოსახედიდან, როგორი იყო მისი მოლოდინი.
„საბა ხარებაშვილი როგორია ცოტა რთულია აღსაწერად, რადგან ის ჯერ კიდევ 16 წლის არის და კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ის ჯერ საბოლოოდ, საფეხბურთო თვალსაზრისით, არ არის ჩამოყალიბებული. მას ყოველთვის აქვს შანსი, რომ მოხვდეს 23-კაციან შემადგენლობაში, თუმცა, ამისთვის უნდა აჩვენოს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი. წინასწარ არასდროს ვიცი, რომელ მოთამაშეებზე გავაკეთებ აქცენტს, თუმცა, თუკი იშრომებს მას, ყოველთვის ექნება სათამაშო დრო. ამ ეტაპზე მისით, დიახ, კმაყოფილი", - ამბობს სანიოლი.

ბუნებრივია ვილი, მომავალ თამაშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფარერები კარგად დაკომპლექტებული გუნდია და მათ წინააღმდეგ რამდენიმე ნაკრებს პრობლემაც კი შეექმნა. გამომდინარე აქედან, ქართველთა თავკაცი, ხვალინდელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთაგან 100%-იან თავდადებას მოელის. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი დღევანდელი პრეს-კონფერენციიდან. გემახსოვრებათ, რომ რამდენიმე დღის წინ, ქართული მედია დაინტერესდა, გურამ კაშიას არყოფნაში ვინ იქნებოდა ნაკრების კაპიტანი. დღეს სანიოლიმ აღნიშნა რომ ეს მისია, ფარერებთან გიორგი ლორიას დაევალებოდა. ადამიანს, რომელსაც ხვალინდელი თამაშის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთიდან გააცილებდნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ შეკრების დაწყებიდან, მალევე ცნობილი გახდა რომ გუნდს, გიორგი ზარია და ბუდუ ზივზივაძეც ვერ დაეხმარებოდნენ, მიკრო ტრავმების გამო, შესაბამისად, ქართველთა თავკაცს, დამატებითი ფეხბურთელის გამოძახება მოუხდა. ამ ჯერზე, ეს პატივი დავით ვოლკოვს ერგო, რომელიც ქართული ლეგიონის აზერბაიჯანული ჩემპიონატის წარმომადგენელია.

საქართველოსა და ფარერის კუნძულების შეხვედრა, 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატჩზე, რომელიც „დინამო არენაზე" გაიმართება, დასასწრები ბილეთები, ჯერ კიდევ გაყიდვაში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სტადიონის ტერიტორიაზე უკვე დღეიდან მუშაობდა ეროვნული ნაკრების ფან-შოპი, სადაც ის სათამაშო ფორმაცი იყიდება, რომელიც, ეროვნული ნაკრების 35 წლის იუბილეს მიეძღვნა და რომლითაც ქართველთა გუნდი, ხვალ პირველად იასპარეზებს.





ჩვენ







