საქართველოს ეროვნულ ნაკრებში „ტრადიციული“ ცვლილებაა - გუნდს ვოლკოვი შეუერთდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში „ტრადიციული“ ცვლილებაა - გუნდს ვოლკოვი შეუერთდა
03.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, მოახლოებული ამხანაგური შეხვედრებისთვის მზადებას აგრძელებს. საგანგებოდ, გავლილ სეზონში ფეხბურთელთა გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ივნისის ფორმაციის ნაკრებში, ქართველთა სამწვრთნელო შტაბს მაინც მოუხდა შეკრების დაწყებიდან მალევე, ცვლილებების გაკეთება. გიორგი ზარია და ბუდუ ზივზივაძე, ტრავმის გამო შეკრებას გამოეთიშნენ. დღეს კი, სოციალურ ქსელში, სანაკრებო გვერდებიდან, ცნობილი გახდა, რომ ფარერის კუნძულებთან და კაბო-ვერდესთან მოსამზადებელ შეკრებაზე დავით ვოლკოვს დაუძახეს, რომელიც დღეს, 3 ივნისს იუბილარია.

 


საქართველოს ნაკრები, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" ვარჯიშობს. ვიდრე მედიისთვის ტრადიციული მატჩის წინა შეხვედრა და ლიმიტირებული და პროტოკოლით გათვალისწინებული 15-წუთიანი ღია ვარჯიშისთვის თვალის მიდევნება შეგვეძლება, გთავაზობთ, იმ ინტერვიუებიდან ფრაგმენტებს, რომელსაც სფფ-ის სანაკრებო გვერდი ავრცელებს.


გიორგი გველესიანი (ეროვნული ნაკრების წევრი): „ნაკრებში გამოძახება ყოველთვის სასიამოვნო და საამაყოა. ნებისმიერ მეტოქეს მაღალი პროფესიონალიზმით ვუდგებით. ისეთი პერიოდია, რომ ზოგ ფეხბურთელს შედარებით ადრე დაუსრულდა სეზონი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ფორმა და მზადყოფნაში შევხვედროდით ამ თამაშებს. შევისწავლით მეტოქეებს და ველოდებით ძალიან კარგ სპარინგებს.


მისასალმებელია, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც მზადყოფნაშია, ეძლევა ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, მომავალში ისინი აუცილებლად გამოადგებიან ნაკრებს".


სანდრო ალთუნაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. შეკრებაზე ბევრი დებიუტანტია და მინდა მივულოცო მათ. საწვრთნელი პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებთ.. სეზონის ბოლოა და ვცდილობდი, რომ კარგ ფორმაში და ჯანმრთელად შევხვედროდი მოახლოებულ თამაშებს.


დინამო არენა ნაკრების თითოეული წევრისთვის სახლივითაა და ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ქუთაისში კი ნამდვილად იციან გულშემატკივრობა და ვფიქრობ, რომ კარგ ატმოსფეროს შექმნიან".


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

 

ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი