შერმადინის 14 ქულა და 9 მოხსნა ხუვენტუდთან - ტენერიფემ პლეი ოფის გამარჯვებით დაიწყო
შერმადინის 14 ქულა და 9 მოხსნა ხუვენტუდთან - ტენერიფემ პლეი ოფის გამარჯვებით დაიწყო
03.06.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია

ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფი წარმატებით დაიწყო გიორგი შერმადინმა და მისმა ლაგუნა ტენერიფემ. მეოთხედფინალში კანარის კუნძულების გუნდის მეტოქე ბადალონის ხუვენტუდია. სერია 2 მოგებამდეა, მოედნის უპირატესობას კი ტენერიფე ფლობს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, ხუვენტუდმა კი - მე-6.


პირველი მატჩი ტენერიფელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით  96-81 დასრულდა. გამარჯვებულებს 2 ლიდერი ჰყავდათ - მარსელინიო ჰუერტასი, რომელმაც ისტორიული მატჩი ითამაშა და გიორგი შერმადინი. სარგებლიანობით პირველი ჰუერტასი იყო, რომელმაც 39 ქულა და 6 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 41-ს შეადგინა, რაც პლეი-ოფისთვის გამორჩეული შედეგია.


მის შემდეგ ტენერიფელთაგან ყველაზე შედეგიანი შერმადინი გახლდათ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 23:14 წუთში 14 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობამ 26 უწია. 


მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩი ბადალონაში 4 ივნისს გაიმართება. თუ ტენერიფე იმარჯვებს, ნახევარფინალში გავა, არადა, გადამწყვეტი შეხვედრა ტენერიფეში, 7 ივნისს ჩატარდება.