იძულებითი ცვლილებები და ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ბაქრაძე და ბუხრიკიძე
იძულებითი ცვლილებები და ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ბაქრაძე და ბუხრიკიძე
02.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ჯგუფური შეხვედრის წინ ივარჯიშა.  3 ივნისს, 21:00 საათზე, ჩვენი გუნდი კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ამ მომენტში, სატურნირო ცხრილში 1 ქულით გვჯობნის.


„კვიპროსის ნაკრებს მეოთხედ ვეთამაშებით, ჩვენ ამ გუნდს ბოლო შესარჩევ ეტაპებზე უკვე სამჯერ ვეთამაშეთ, ასე რომ გუნდი კარგად ვიცით. ჩვენ გვაკლია რამდენიმე მოთამაშე დისკვალიფიკაციის გამო, მაგრამ მსგავსი ყოველთვის ხდება. მიუხედავად ამისა ჩვენ მზად ვართ, ჩვენ გუნდში გვყავს 23 ფეხბურთელი, რომელიც მზადაა სათამაშოდ. ასე, რომ ჩვენ ვითამაშებთ ბოლომდე. ჩვენს სახლში ვთამაშობთ, ჩვენ გვყავს გულშემატკივარი და ძალიან მნიშვნელოვანია მათი სტადიონზე ყოფნა და მხარდაჭერა. ვფიქრობ, თუკი ისინი მოვლენ სტადიონზე და კარგ ატმოსფეროს შექმნიან, მოთამაშეები მზად იქნებიან მოიგონ", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართული სხვა თამაშებისგან განსხვავებით, ამ გუნდების ხვალინდელი მატჩი, ყველა სხვა თამაშთან შედარებით მნიშვნელოვანია. მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები, კუნძულელებს გადაასწრებს და მეორეადგილოსნის კვალობაზე, ფლეი-ოფში ითამაშებს. იქიდან კი, ზედა ლიგაში დაწინაურების შანსი ექნება.


„ძალიან რთული თამაში იქნება, გამომდინარე იქიდან რომ ორივე გუნდს სჭირდება მოგება. გვაქვს შანსი, რომ გავიდეთ ფლეი-ოფში და ამისთვის, მაქსიმალურად დავიხარჯებით. სახლში თამაში, ორმაგი მოტივაციაა. მივმართავ და ვთხოვ გულშემატკივარს, რომ მოვიდეს და გვიქომაგოს. ჩვენ რაც შეგვეძლება მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ. ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში ვართ. წინა თამაშიც საჩვენოდ დასრულდა და გავიმარჯვეთ. ყველაფერს გავაკებთ, რომ კარგად ვითამაშოთ და ჩვენი გულშემატკივარი სახლში გახარებული დაბრუნდეს", - ამბობს ნინო ჩხარტიშვილი, ფეხბურთელი, რომელიც ანდორასთან მატჩში სკამიდან ჩაერთო, თან იმ მომენტში, როცა გუნდი 10 ფეხბურთელით იყო დარჩენილი, კარგად ჩაერთო და „ასუფთავა" სადაც მოახერხა.  


გუნდთან ერთად ივარჯიშა თეონა ბაქრაძემ რომელსაც ანდორასთან თამაშის გაცდენა ტრავმის გამო მოუხდა. გუნდთან ერთად იყო ნინო ბუხრიკიძეც. ნაკრებთან ერთად ივარჯიშა ელენე ჩიქოვანმაც. მოგეხსნებათ, რომ რამდენიმე დღის წინ, ანდორასთან შეხვედრისას ნინო პასიკაშვილს, წითელი ბარათის გამო მოუხდა თამაშის დატოვება. ტატა მატვეევამ და იმ შეხვედრაში გოლისა და საგოლე გადაცემის ავტორმა ლიზი მწყერაშვილმა კი, ყვითელი ბარათები მიიღეს და ლიმიტიდან გამომდინარე, ხვალინდელ თამაშს ისინიც გამოტოვებენ.