
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებისას, ვილი სანიოლი, რომელიც ზურიკოზე „განაწყენებულია", რადგან მისი კლუბი ფრანგულ ლიგა 1-ში ვერ დატოვა, „კვარას" პსჟ-ს კი, მხოლოდ ორი მიზეზით, მისი ეროვნებიდან და ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელის ამპლუაში ქომაგობდა, უკვე არა ვარაუდითა და სურვილით, არამედ ნამდვილად აღარ იქნება ერთადერთი, რომელსაც „გასახდელში" მყოფს უეფა-ს ყველაზე პრესტიჟული თასი ექნება მოგებული. ვინ იცის, იქნებ ამ „ფრანგულმა" აურამ გაჭრას და სექტემბრის სანაკრებო ციკლისას თბილისში და ალბათ, წალენჯიხაშიც (რატომაც არა!) უფეა-ს ჩემპიონთა ლიგის თასმა იმოგზაუროს... მითუმეტეს, რომ უეფა-ს მთავარ ტროფეის, ქართული ტროფის გამოცდილება აქვს და არც თუ ძალიან შორეულ წარსულში...
|
|
![]() |
თუმცა, ეს უკვე ჩვენი ოცნებაა, მანამდე კი, ოცნება ხვიჩა კვარაცხელიამ აიხდინა, როდესაც, დღეს, პსჟ-სთან ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გამომდინარე იქიდან, რომ უეფა-ს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფავორიტად, რომელიც შეგახსენებთ ახალი ფორმატით ჩაატარდა და რეალურად ჩვენც გზადაგზა მივყვებოდით როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ყველა ფინალურ დაპირისპირებაში „ბარსელონას" ან „ლივერპულს" ხედავდა, მიუნხენური მატჩის წინ, ყველა თუ არა, ბევრი, „ინტერის" მიერ „ბარსელონაზე" გამარჯვების შემდეგ, ალბათ, უპირატესობას მილანურ კლუბს აძლევდა. თუმცა, იყო, გამონაკლისი, მათ შორის „ბარსას" ფანებიც, ერთი პატარა ქვეყნიდან, რომლებიც ფრანგულ კლუბს, პარიზელებზე მეტად თუ არა, თანასწორად მაინც ქომაგობდნენ. ალბათ, ეს იყო ის გამონაკლისი ქვეყანა, სადაც რამდენიმე „პრაგმატისტ ანალიტიკოსის" გარდა, სჯეროდათ, რომ „ნეაპოლიტანიდან" პარიზულ კლუბში გადაბარგებული ქართველი ბიჭი, წელს წარმატებას მიაღწევდა.
![]() |
![]() |
როდესაც შედეგი უკვე მიღწეულია, ბუნებრივია, დეტალებზე მხოლოდ „თეორიაზე" ლუის ენრიკესთან ერთად გაირჩევა საკითხი, კაცთან, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლი ისე გაუხარდა, რომ ამ გოლის მისეული აღნიშვნა, ალბათ, კიდევ დიდხანს იტრიალებს სატელევიზო ეთერებში თუ, სოციალურ ქსელში. შესაბამისად, არც ჩვენ ჩავუღრმავდებით თამაშის მიმდინარეობის დეტალებს, რომელშიც მსაჯის პირველ სასტვენთან ერთად, ფრანგული კლუბის უპირატესობა ისეთი აშკარა იყო, რომ პსჟ-ს გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ერთადერთი რაც ჩვენ, ქართველ ქომაგს გვაკლდა ხვიჩას გოლი იყო, რომელსაც გოლამდე ოთხი კარგი მომენტიც ჰქონდა. შესაძლოა მეტიც, თუმცა, აღარ დაგვითვლია. გოლი კი, „კვარამ" 73-ე წუთზე გაიტანა. ამ მომენტისთვის მისი გუნდი უკვე 3-0-ს უგებდა „ინტერს" (ჰაკიმისა (12') და დუეს დუბლით (20', 63'). ამ გოლიდან რამდენიმე წუთში, ქართველს შეცვლიან და შეცვლაზე შესული სემი მაიულუ 87-ე წუთზე საბოლოო ანგარიშს დააფიქსირებს. პსჟ-მ „ინტერი" 5-0 დაამარცხა. რეალურად ესეც, ერთგვარი რეკორდია, ფინალური მატჩის კვალობაზე.

თუმცა, საბოლოო გამარჯვებამდე, „მავრმა" საქმე გააკეთა - პატარა ბიჭმა, პატარა საქართველოდან, ქართული ფეხბურთის ისტორიის წიგნში, კიდევ ერთი ფურცელი დაწერა - გაიტანა პირველი გოლი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში... არ ვიცი, რა იქნება წლის ბოლომდე, რადგან წინ მთელი 6 თვეა და ბევრი სპორტული შეჯიბრი სადაც ქართველებს წარმატების შანსი გვაქვს, მაგრამ ერთ სეზონში მოახერხო ორი ქვეყნის ტოპ საფეხბურთო ჩემპიონატის (იტალიისა და საფრანგეთი) მოგება, მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო საკლუბო ტურნირი, თან ისე, რომ ფინალში გაიტანო გოლი, ვიკითხავთ რაღა დარჩა და პასუხად მივიღებთ, ოქროს ბურთიო... თუმცა, ამის გარეშეც, პირადად ჩვენი მოსაზრებით და ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მხოლოდ იმიტომ რომ ერს აერთიანებს, „კვარა" 2025-ის საუკეთესო სპორტსმენია საქართველოში.
![]() |
![]() |
აქვე ვთქვათ, რომ დღევანდელ შეხვედრაში, ხვიჩამ ახალი ბუცით ითამაშა, რომელიც მისთვის „ადიდსმა" ფინალამდე ორი კვირით ადრე შეკერა. ჩვენი აზრით, ყველაზე ბრენდული ბრენდი, „ადიდასი" არჩევანში არც ამჯერად შეცდა, რამეთუ საგანგებოდ და სხელობითად შეკერილი F50-ი ბუცით მესისა და რობენის მსგავსად ფინალში, ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა და ალიანც არენაზე მისი რთულად წარმოსათქმელი გვარი, ერთხმად აყვირებინა ქომაგს.
და ბოლოს, ვიდრე ახალი სეზონი და რა თქმა უნდა, სანაკრებო ციებ-ცხელება დაგვეწყება უნდა ვთქვათ რომ ხვიჩა კვარაცხელიას და პსჟ-ს წინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფა-ს სუპერ თასი აქვს კიდევ მოსაგები. ეს უკანასკნელი, 13 აგვისტოს იტალიურ უდინეშია დაგეგმილი.

ps - და ახლა, როცა სრულიად საქართველო ზეიმობს, განსაკუთრებით მინდა ორ ქართველ მწვრთნელს მივულოცო, რომლებსაც ყველაზე კარგად ახსოვთ „კვარას" პირველი ნაბიჯები - ლადო კაკაშვილს „დინამო თბილისის" აკადემიიდან და კახა კაჭარავას, რომელიც პირველად ენდო კიდევ უფრო პატარა „კვარას" და „დინამო თბილისის" მთავარ გუნდში ათამაშა...
ფოტო: © UEFA via Getty Images / Ligue 1 McDonald's
სტატია რედაქტირებულია 01.06.2025 / 15:00





ჩვენ













