
საქართველოს ხელბურთის ნაკრების მეკარემ ზურაბ ცინცაძემ კლუბი შეიცვალა. ქართველს დღეს უკვე ახალი კლუბის KPR Legionowo სოციალური ქსელით მიესალმნენ და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვეს.
ქართველ მეკარესთან მიმართებაში, ცინცაძის ახალმა კლუბმა პოლონელი გულშემატკივრის ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ 29 წლის მეკარის ზურგს უკან, საკმაოდ „დახუნძლული" კარიერული წარსულია, როგორც მის მშობლიურ ქართულ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. KPR Legionowo-ს ვებ-გვერდი, კლუბის ფანებს ამცნობს, რომ ბოლო ორი წელი, ცინცაძე, პოლონური „აზოტის" ღირსებას იცავდა, მანამდე კი, ჩრდ. მაკედონიურ RK Prilep-სა და RK Ohrid-ის ღირსებასაც იცავდა. მშობლიურ საქართველოში, ქართულ „პეგასუსში" დაიწყო და იყო ქვეყნის ჩემპიონიც და ორგზის ბრინჯაოს მედალოსანიცო.
TSFF.Ge-სთან საუბარში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ აღნიშნა, რომ „ლეგიონოვოსთან" კონტრაქტი ერთი წლის ვადით გააფორმა.
ქართველის ახალმა კლუბმა, პოლონურ სუპერლიგაში, ასპარეზობა მე-13 ადგილზე დაასრულა. 2025 წლის ჩემპიონატში კლუბმა 917 გოლი გაუშვა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი არაა, თუმცა, როგორ ჩანს, ახალი სეზონიდან ლეგიონოველებს სხვა გეგმები აქვთ და ახალი სეზონისთვის მზადებას, კარის მცველის ცვლილებით იწყებენ.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენი გვერდი გიამბობდათ პოლონეთში დასრულებულ ჩემპიონატზე ხელბურთში, რომელშიც ქართველებიც მონაწილეობდნენ. სუპერლიგის ბოლო შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და ადგილობრივი „აზოტის" მოთამაშემ გიორგი დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა და პოლონურ კლუბს დაემშვიდობა.
აღსანიშნავია, რომ ის მატჩი, „აზოტისთვის" ბოლო თამაში იყო არა მხოლოდ სეზონში, არამედ პოლონეთის სუპერლიგაში - ფინანსური პრობლემების გამო „აზოტი" მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას წყვეტდა. გეტყვით იმასაც, რომ „აზოტმა" 2025 წლის სეზონი მე-11 ადგილით დაასრულა.
და ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონი ქართველი ხელბურთელისთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო, გიორგიმ 29 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 147 გოლი გაიტანა და 22 „ასისტი" მიითვალა. რაც შეეხება ცინცაძეს, 29 შეხვედრაში „სეივების" გარდა, ქართველის ანგარიშზე 7 გოლი და 38 „ასისტია".





ჩვენ







