
საქართველოს საკალათბურთო სუპერფინალის სერიაში გამარჯვებული მეხუთე მატჩმა გამოავლინა. „ქუთაისი 2010"-მა დაძაბულ ფლეი-ოფებში, მათ შორის ნახევარფინალურ სერიაში, რომელშიც იმერლებმა ასევე 5 მატჩი ითამაშეს, მოახერხეს საჩემპიონო ტიტულის შენარჩუნება. შეგახსენებთ, რომ ფინალური სერიის პირველი ორი თამაში „ქუთაისი 2010"-სა და თსუ-ს შორის სტუმართა გამარჯვებით დასრულდა და შესაბამისად, თბილისურ გუნდს, სერიის დასასრულებლად ერთი მოგება აკლდა, თუმცა, თბილისში, ორივე შეხვედრა ქუთათურებმა მოიგეს და სერია გაათანაბრეს. შესაბამისად ჩემპიონის გამოსავლენად მეხუთე მატჩი გახდა საჭირო. დებულების თანახმად კი, „მასპინძლის უპირატესობა" კვლავ, იმერული გუნდის მხარეს გადაიწონა.
ქუთაისში, სპორტის სასახლეში მე-6 მოთამაშემ თავიდანვე ვთქვათ, რომ საქმე გააკეთა და ეს, განსაკუთრებით, მესამე მეოთხედის შუაწელიდან გახდა აქტუალური, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა მხოლოდ, ერთი, პირველი მეოთხედი მოიგეს 21-23. მასპინძელთაგან გიორგი კორსანტია, რომელსაც მეტ-ნაკლებად არ წაუვიდა თბილისური შეხვედრები და სტუმართაგან ალექსანდრე ფევაძე, საკუთარ გუნდებს ლიდერობდნენ. მეორე მეოთხედიდან მათ, ქუთაისელთა კაპიტანი კაკი დვალიშვილი წამოეწია, რომელსაც მეორე მეოთხედის შემდეგ, 17 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა დაგროვილი. არასრულ მესამე მეოთხედში კი, დვალიშვილმა დუბლიც კი გაიფორმა, 23 ქულითა და 11 მოხსნით. რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, მასპინძლებმა მეორე მეოთხედში მოახერხეს კონცენტრირება და 24-15 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთის სტარტზე, სტუმრებმა მხოლოდ 2 ქულა აიღეს, მასპინძლებმა კი, ნელ-ნელა გაზარდეს უპირატესობა. ამავე მონაკვეთში პირველი ქულები აიღო, თბილისელთა და ზოგადად, ქართული კალათბურთის გამოცდილმა მოთამაშემ გიორგი ცინცაძე, მისთვის სახასიათო სამქულიანის შემდეგ. დიდ შესვენებაზე, ანგარიში 45-38 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეოთხედის ერთ მომენტში სხვაობამ 10 ქულასაც მიაღწია, ეს მონაკვეთი, შეიძლება ითქვას, ყველაზე დაძაბული იყო, ორმხრივი შეცდომებით და თითქმის ქულა ქულაში. ზოგადადაც, თბილისელებმა, სხვაობა საერთო ანგარიშში 4 ქულამდეც შეამცირეს. თუმცა, მონაკვეთის მიწურულს, კოტე ტუღუშის შეგირდებმა, უფრო მოახერხეს მობილიზება. ეს ის მონაკვეთია, რომელზეც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ მე-6 მოთამაშის ფაქტორიც დიდი იყო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ, ბოლო წამზე, თსუ-ელმა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, 3-ქულიანი ჩააგდო, რითაც, ხაზი გაუსვა, რომ თსუ, ბოლომდე ბრძოლას გააგრძელებდა. მეოთხედი მასპინძლებმა 27-26 მოიგეს, საერთო ანგარიში კი, 72-64 იყო.
რეალურად ბოლო ათწუთეულში, ქუთათურებმა, ანგარიშის გაზრდაც მოახერხეს და დაცვაშიც კარგად ითამაშეს. მონაკვეთი 21-18 მოიგეს, თამაში კი, 11 ქულიანი სხვაობით, 93-82.
ორივე გუნდში ყველაზე მეტი 30 ქულა, გიორგი კორსანტიამ დააგროვა, რომელმაც საბოლოოდ, ორმაგი დუბლიც გაიფორმა 10 მოხსნით. სტუმართა გუნდიდან 19-19 ქულა დააგროვეს ალექსანდრე ფევაძემ და დევონტრეი ტომასმა.
უკვე მეორე ამ გაზაფხულზე, თუმცა, ამჯერად სუპერლიგის გამარჯვებულის თასი კაკი დვალიშვილმა ჩაიბარა. ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კორსანტია გახდა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელად, კოტე ტუღუში დაასახელეს. ცნობილი ქუთაისელი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობის სეზონის გამორჩეული ახალგაზრდის პრიზი გიორგი ოჩხიკიძეს ერგო, ზვიად მიქაძის სახელობის წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი ქუთაისელი გიორგი სულაბერიძე გახდა.
ფოტო მირიან ჩხეიძის