13 დღე მსოფლიო ჩემპიონატამდე
13 დღე მსოფლიო ჩემპიონატამდე
30.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

13 დღეში უნგრეთში სტარტს მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატი აიღებს ჯუდოში, რომელში მონაწილეობის სურვილი, 91 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენმა გამოთქვა. საქართველოს ნაკრები მონაწილეობას როგორც პირად, ასევე გუნდურ ტურნირში მიიღებს. ქართულ გუნდს სამი წონა ორი ბიჭებში და ერთი გოგონებშიც გაორებული ექნება. საერთო ჯამში კი, ქართული გუნდი, ბუდაპეშტის ტატამზე 17 ჯუდოკათი იქნება წარმოდგენილი.


მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ასე გამოიყურება:


ვაჟები:

-60 კგ გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი

-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100 კგ ილია სულამანიძე

+100 კგ გურამ თუშიშვილი


გოგონები:

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-63 კგ ეთერ ასკილაშვილი,

+78 კგ სოფიო სომხიშვილი


გუნდურ ასპარეზობაში ნაკრებს დაემატებიან: მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია.


ერთი საინტერესო დეტალი, პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, შესაძლოა ერთმანეთს გურამ თუშიშვილი და ტედი რინერი (რომელიც სავარაუდოდ ამ მსოფლიო ჩემპიონატის მერე წავა აქტიური სპორტიდან), კვლავ გადაეყარონ. ბუნებრივია, ქართველები ამ დაპირისპირებას ფინალში და ქართველის გამარჯვებით ვისურვებთ.


სასიამოვნოა ისიც, რომ ქართველების ერთ-ერთ საყვარელ წონაში, -90 კგ-ში, ჩვენ ორი წარმომადგენელი გვეყოლება ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაზე და რაღა დაგიმალოთ და აქაც, ქართულ ფინალს ვისურვებდი. თუმცა, ისევე, როგორც -81 კგ-ში.


თუმცა, მოვლენებს წინ არ გავასწრებთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ საერთო ჯამში, შემადგენლობიდან გამომდინარე, ქართულ გუნდს, რომელიც გვჯერა მოინდომებს, კარგი „მოსავალი" უნდა გვქონდეს.


და ბოლოს გეტყვით, რომ თითოეული წონა მხოლოდ ერთ დღეს იასპარეზებს და შესაბამისად იმავე დღეს გათამაშდება მედლებიც, 13-19 ივნისს, პირად ასპარეზობაში. 20 ივნისს კი, ჩვენი ნაკრები გუნდური მედლისთვის იბრძოლებს.