სამძიმარი ქართულ სამთო-სათხილამურო ოჯახს
სამძიმარი ქართულ სამთო-სათხილამურო ოჯახს
28.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

ქართულ მთის, სპორტულ სამყაროს, კიდევ ერთი ტკივილიანი დღე გაუთენდა. ტრაგიკულად დაიღუპა დათო ნათაძე. ადამიანი, რომლის სახელსაც დამოუკიდებელ საქართველოში, სამთო-სათხილამურო სპორტთან დაკავშირებით, ბევრი საინტერესო ტურნირი და თავგადასავალი უკავშირდება. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პოპულარული სამოყვარულო სამთო-სათხილამურო ტურნირია, სახელად „სუხია", რომელმაც ათვლა ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო.


დავით ნათაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, განცხადებას საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციაც ავრცელებს, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც, დავით ნათაძე წლების განმავლობაში იყო. 


„საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბატონი დავით ნათაძე - სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე სპორტსმენი და გამოჩენილი ფიგურა.


ბატონი დავით ნათაძე მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სპორტული სფეროს წინსვლაში. როგორც გამოცდილ სპორტსმენსა და მწვრთნელს, მას განსაკუთრებული როლი ჰქონდა ახალი თაობების აღზრდაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაში.


ფედერაცია დიდი პატივისცემითა და მადლიერებით ეხმიანება მისი ღვაწლის მნიშვნელობას და საქართველოს სათხილამურო საზოგადოების სახელით უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა სპორტსმენს. მისი მოღვაწეობა დარჩება ჩვენთვის სანიმუშოდ და სამახსოვროდ", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.


დათო წელს 61 წლის გახდებოდა და რომ არა, მისი ტრაგიკული დაღუპვა, ქართულ სამთო-სათხილამურო სპორტის განსავითარებლად, კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგვთავაზებდა. TSFF.Ge მწუხარებას გამოთქვამს დავით ნათაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, სათხილამურო და სამთო სპორტულ ოჯახს.