საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ცხელი ივნისისთვის 30 მაისიდან დაიწყებს შეკრებას
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ცხელი ივნისისთვის 30 მაისიდან დაიწყებს შეკრებას
29.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

აქართველოს 21-წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია. დღეს, სფფ-ს სანაკრებო გვერდმა, რამაზ სვანაძის გუნდის ის, 25-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომლებიც თვის ბოლოდან ავსტრიაში დაიწყებენ შეკრებას და ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ.


ევროპის 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის თანამასპინძელი ქვეყნების, საქართველოსა და რუმინეთის 21-წლამდე ნაკრებები, ბოლოს, 2022 წლის 3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ და ცოტნე კაპანაძის დუბლით, 2-0 მოიგეს. ფეხბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ ის რამაზ სვანაძის პირველი ფორმაციის გუნდი იყო, მას შემდეგ კი, ბევრმა წყალმა ჩაიარა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ახალგაზრდულ ევროზე ჯგუფური ეტაპიდან გასვლა მოახერხა, ევროპის მომავალ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გასასვლელად კი, ფლეი-ოფში, ხორვატიის ნაკრები, რიეკაში, დაძაბული და უხვგოლიანი მატჩის შემდეგ, პენალტების სერიაში დაამარცხა. ახლა, ახალი თავის დაწერის დროა.


როგორც რამდენიმე კვირის წინ, ჩვენი გვერდისთვის გახდა, სვანაძე იმ ფეხბურთელების გამოძახებას გეგმავდა, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერში ხორვატული რიეკას მატჩში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა, ბუნებრივია იქნებოდა ცვლილებები, რომლებზეც ასევე დიდი ხანია, ტურნირის პრიორიტეტებიდან გამომდინარე,  მოლაპარაკებულნი არიან ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები.


ყველაზე სასიამოვნო კი, ჩვენთვის, რაღა დაგიმალოთ და ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საბა საზონოვის გამოჩენაა. სერია A-ში მიღებული მძიმე ტრავმისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ფეხბურთელმა აქტიური ვარჯიში ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა საზონოვის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელსა 2023 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამოცდილებაც გააჩნია, საკმაოდ კარგი სიახლეა. სიახლეა ისიც, რომ ნაკრებში ერთი დებიუტანტია, ვახტანგ ბედოშვილი „გარეჯიდან". როგორც ჩვენი გვერდი უკვე იუწყებოდა, ჩვენს გუნდს ავსტრიაში, 1 ივნისის შემდეგ შეუერთდება გაბრიელ სიგუა, რომელსაც შვეიცარიის ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ, შვეიცარიის თასზეც „უჭირავს თვალი".


4 ივნისს, თბილისის დროით 20:30-ზე (18:30 - ცენტრალური ევროპის დრო, თუ ვინმეს ამ შეხვედრაზე დასწრება მოუნდება), ფორაუს ურკრაფტ არენაზე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. რეალურად ევროპის ჩემპიონატამდე, ეს მატჩი არის ერთადერთი შანსი, შეთამაშდეს გუნდი, რამაზ სვანაძემ კი, საქმეში ნახოს ფეხბურთელები, მათ შორის „ახლებიც".


ავსტრიულ შეკრებაზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებულები არიან: მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო ბათუმი"), ლევან თანდილაშვილი („თელავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"); მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („სირიუსი", შვედეთი), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი"), გიორგი მაისურაძე („პოლისია" ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი", იტალია), საბა საზონოვი („ემპოლი", იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის „შახტარი", უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის „ჩერნომორეცი", უკრაინა); ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო", პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი", ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი"), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა", ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ვასილიოს გორდეზიანი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999"), ვახტანგ ბედოშვილი („გარეჯი"), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913"), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).


ავსტრიული შეკრების შემდეგ, 8 ივნის ჩვენი ახალგაზრდული გუნდი, სლოვაკეთში გადაინაცვლებს და იქ, ევროპის მომავალი ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრის მასპინძელი ქალაქის, ჟილინას ახლოს დაბანაკდება. ავსტრიაში, საქართველოს 21-წლამდე უკვე 23 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრებიან. თუ ვინ დაიკავებს საბოლოოდ ადგილს ევროპის ჩემპიონატის განაცხადში, ეს 4 ივნისს, რუმინელებთან თამაშის შემდეგ გაირკვევა. საბოლოო ვადა, როდესაც ქართულმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდი უნდა დაარეგისტრიროს, 6 ივნისია.


ჩვენი გვერდი 9 ივნისიდან, უკვე, უშუალოდ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნიდან შეეცდება საქართველოს 21-წლამდე ნაკრების პულსაცია თქვენამდე მოიტანოს.