
31 მაისიდან, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ივნისის ამხანაგური თამაშებისთვის მზადებას შეუდგებიან. დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართულ მედიასთან შეხვედრისას, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, დაესწრებოდა თუ არა ის, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თამაშს, სანიოლმა უპასუხა, რომ სამწუხაროდ, ამის გაკეთების შანსი არ ჰქონდა, რადგან სანაკრებო შეკრება ეწყებოდა.
„ვერ მივდივარ რადგან ვიწყებ შეკრებას, თუმცა, აუცილებლად ვუყურებ ტელევიზიით. მომავალ თამაშზეც ვერ ვიტყვი ვერაფერს. „კვარას" მინდა ვუსურვო მოგება, რადგან ეს თასი ყველაზე პრესტიჟულია ევროპის საკლუბო ტურნირებზე. რა თქმა უნდა, როგორც ფრანგი, ვიქნები ფრანგული კლუბისკენ. ყველა ქვეყანას ჰყავს ერთი ფეხბურთელი მაინც, რომელიც „ლოკომოტივის" როლს ასრულებს. საქართველოსთვის ეს არის „კვარა", რომლებსაც ახალგაზრდა ფეხბურთელები აუცილებლად და უკვე ჰბაძავენ. არც ის ვიცი, გაიტანს თუ არა გოლს, მაგრამ ვიცი, რომ გასახდელში, ამ თამაშის შემდეგ, მხოლოდ მე აღარ ვიქნები, ვინც, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა და მოიგო", - ამბობს ვილი სანიოლი.
ეს ერთ-ერთი ბოლო შეკითხვა იყო, რომელიც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დღეს შეეკითხნენ, ივნისის თამაშებისას არჩეულ ტაქტიკასთან და მამარდაშვილის არყოფნაში, პრიორიტეტულ მეკარესთან. შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრებთან თამაშების პერიოდში გამართულ ყველა პრეს-კონფერენციაზე, ვილი იძახდა, რომ ივნისში ლუკა გუგეშაშვილს მისცემდა დროსა და შანს. პოზიცია, ქართველთა მწვრთნელს ამ ჯერზე იგივე ჰქონდა. სწორედ ამ პრინციპით და რიგითობით, დღესაც შეეცადა მეკარეთა სამეული განესაზღვრა: პირველი - „გუგეშა", მეორე ლორია და მესამე დავით კერესელიძე. რაც შეეხება ტაქტიკას, რა ტაქტიკით ვითამაშებთ არ არის მნიშნელოვანი. უფრო მნიშნელოვანია როგორ ვითამაშებთ ბურთის ფლობის მხრივ და შეტევაშიო, თქვა ვილიმ. სხვათა შორის, გურამ კაშიას არყოფნაში არც სავარაუდო კაპიტნის კანდიდატზე უთქვამს რაიმე კონკრეტული, ამას მოგვიანებით გადავწყვეტო.
„რაც შეეხება „კაშოს", რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის კაპიტანია, მომწონს მისი ლიდერობა გუნდში, მისი პოზიციაზე ის საუკეთესოა. ის არის ასაკიანი ფეხბურთელი, მაგრამ მაინც, მიუხედავად ამისა, მნიშნელოვანია ჩვენთვის. არ ვიცი რა იქნება მომავალში, იქნება თუ არა ფორმაში, ტრავმირებული ხომ არ იქნება, მაგრამ ის არის დიდებული კაპიტანი", - ამბობს სანიოლი.
ისე, დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე კაშიას გვარმა, კიდევ ერთ კონტექსტში გაიჟღერა, ნიკა კვეკვესკირთან ერთად. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბთან სიახლოვე ისურვეს. სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ:
„მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს ხელი შევუწყოთ განვითარებაში. ამაში მათ მწვრთნელთა განათლების კურსებით ვეხმარებით. გვქონდა საუბარი რამაზ სვანაძესთან ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე გურამ კაშიას და ნიკა კვეკვესკირის გამგზავრების თაობაზე. რა თქმა უნდა, თუ მათ ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნებათ, ხელს შევუწყობთ, რომ დამატებითი გამოცდილება მიიღონ", - აღნიშნა იაშვილმა.
ახალგაზრდული ნაკრების თემას, ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი, მოახლოებულ თამაშებთან და იმ შემადგელობასთან დაკავშირებით, რომელსაც ვაისმა ივნისში, ჯერ ფარერების, შემდეგ კი, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ მოუწევს:
„ორ განსხვავებულ გუნდთან ვითამაშებთ. ფარერის კუნძულების ნაკრები უფრო ძალისმიერ, აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო კაბო-ვერდეს განსხვავებული ფეხბურთელები ჰყავს და აქცენტს კომბინაციურ თამაშზე აკეთებენ. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ მოახლოებული თამაშებისთვის.
ჩვენს ბევრ ფეხბურთელს სჭირდება დასვენება, ბოლო წლებში ინტენსიური კალენდრიდან გამომდინარე, რადგან მნიშნელოვანი სექტემბერია და ამ დროისთვის ფეხბურთელები, უნდა იყვნენ საღად. მომავალ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატამდე დიდი დროა, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი თვალთახედვის არეში მყოფი ფეხბურთელების კონდიცია. ამასთან, გუნდში, მეტი კონურენცია გვჭირდება. 7-9 მოთამაშე, რომლებსაც განსაკუთრებით ვაკვირდებით, მომავალი თამაშებისთვის უნდა იყვნენ უკეთესები. ივნისის თამაშები, ამ მხრივ გაზრდის კონკურენციას. ზოგო მოთამაშე, როგორც შენგელია, ლობჟანიძე ადრეც იყვნენ გუნდში, მაგრამ არ ჰქონდათ ბევრი სათამაშო დრო, ამიტომ უნდა ვნახოთ როგორ გაართმევენ ისინი თავს უფრო ხანგრძლივ სათამაშო დროში", - ამბობს სანიოლი.
ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ სექტემბრის თამაშებისთვის, „ჩაკვეს", რომელსაც აღსადგენად 6 თვე სჭირდებოდა გუნდს აუცილებლად გამოადგება. მანამდე კი, ივნისის სასელექციო თემა რომ ამოვწუროთ, ორი სიტყვა ეროვნული ნაკრების ყველაზე უმცროს მოთამაშეზე საბა ხარებაშვილზეც ვთქვათ, რათა მისმა გამოჩენამ, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, საკმაოდ დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა:
„ხარებაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, თამაშობს როგორ 27 წლის ფეხბურთელი. რა თქმა უნდა მის თამაშს ვაკვირდები დიდი ხანია, როგორც „დინამო თბილისის" შემადგენლობაში, ასევე ასაკობრივ ნაკრებში. ეს იშვიათობაა თანამედროვე ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. მისი საქმეში ნახვა და პირადად გასაუბრება მსურს", - ამბობს სანიოლი.
5 და 8 ივნისს, ჯერ თბილისში, დინამო არენაზე და შემდეგ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი განსაკუთრებით ქუთაისურ დაპირისპირებას მოელის, სადაც მისი ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები პირველად ითამაშებს.