ქართველი ჩემპიონები
ქართველი ჩემპიონები
27.05.2025
ავტორი: მარიამ მესხი

ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატების უმეტესობა დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება. ქართულ ლეგიონში კი არაერთი ჩემპიონი გვყავს. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ გარემოებას, რომლითაც, განსაკუთრებით სანაკრებო თამაშების შემდეგ ძალზედ ვამაყობთ.


პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიაზე ვისაუბროთ, რომელიც პარი სენ-ჟერმენში იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა და მასთან ერთად ჩემპიონობა ნაადრევად იზეიმა. თუმცა, „კვარას" ყოფილმა გუნდმა, ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონობა ბოლო ტურში მოიპოვა. მიუხედავად, იმისა, რომ მედალი არ გადაუციათ, ქართველი ფეხბურთელი იტალიის სრულიფლებიან ჩემპიონად ითვლება. ნახევარ სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის" შემადგენლობაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა სერია A, მას მედალს გადასცემს თუ არა, „კვარა" მიმდინარე სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონია. ამავდროულად მან პსჟ-სთან ერთად, საფრანგეთის თასიც მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ძლიერი თავის ტკივილის გამო თამაშში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. ახლა „კვარა" თავს კარგად გრძნობს და გუნდთან ერთად სრული დატვირთვითაც ივარჯიშა. 31 მაისს კი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისთვის კარგად ნაცნობ „ინტერს", დიდი ალბათობით, ძირითადი შემადგენლობიდან შეუტევს.


ბოლო ტურში გაიფორმა ჩემპიონობა ოთარ კიტეიშვილი. „კიტეს" გრაცის „შტურმს", ბოლო ტურში ჩემპიონობისთვის ერთი ქულაც ჰყოფნიდა, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგთან". თამაში 1-1 დასრულდა და კიტეიშვილმაც, ავსტრიის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ასევე ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელი თავად ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც პირველად ითამაშა. ბოლო ტურამდე „კიტე" ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე იყო და „ლინცის" რონივალდოს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ, ქართველმა ნახევარმცველმა 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და ბომბარდირთა დავა მეოთხე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფბერგერი" ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა.


გიორგი გოჩოლეიშვილი კი, „კოპენჰაგენთან" ერთად, დანიის ჩემპიონი გახდა. ქართველი მცველის გუნდმა უახლოეს მდევარს, „მიდტიულანდს" მხოლოდ 1 ქულით აჯობა და ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. 29 მაისს კი, „გოჩოლას" გუნდი დანიის თაისის ფინალში „სილკებორგს" დაუპირისპირდება.


გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე" მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში ითამაშებს. „ქოჩორას" გუნდმა ლალიგა 2-დან ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში დაწინაურება ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ახალი სეზონიდან ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიაში გადაბარგდება და „სპორტინგში" ითამაშებს. ტრანსფერი „ლევანტემ" რამდენიმე თვის წინ დაადასტურა.


შვეიცარიის სუპერლიგაში „ბაზელთან" ერთად, ჩემპიონი გაბრიელ სიგუა გახდა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გუნდმა შვეიცარიის ჩემპიონობა ოთხი ტურით ადრე გაინაღდა. სიგუამ მიმდინარე სეზონში „ბაზელის" რიგებში შვეიცარიის თასზე, 1 გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი შვეიცარიის თასის მეოთხედფინალში 84-ე წუთამდე მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდა, თუმცა, 84-ე წუთზე სწორედ, სიგუას გოლის წყალობით ანგარიში გათანაბრდა, საბოლოოდ კი, „ბაზელმა" 4 წუთში 3 გოლი გაიტანა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალი კი, 1 ივნისს გაიმართება, სადაც „ბაზელი",  „ბილს" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ სიგუა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატის შეკრებაზე, ავსტრიაში შეუერთდება.


„სლოვანთან" ერთად, ჩემპიონობა ზედიზედ მეოთხედ იზეიმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ. „კაშომ" ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გასულ სეზონში „სლოვანთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა.


უკრაინის თასის გამარჯვებული გახდა ირაკლი აზაროვი, რომლის „შახტრმაც" ფინალში კიევის „დინამო" პენალტების სერიაში დაამარცხა. უკრაინის ჩემპიონატი დონეცკურმა კლუბმა 62 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. თასის მოგებით კი, აზაროვის გუნდი უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.


ბოსნია-ჰერცოგოვინას თასის გამარჯვებულები გახდნენ გიორგი გულიაშვილი და ვასილიოს გორდეზიანი. „სარაევომ" ორმატჩიან ფინალში „ბრიეგი" 5-1 დაამარცხა და ქვეყნის თასის გამარჯვებულიც გახდა. ქართველი ლეგიონერების გუნდი ბოსნია-ჰერცოგოვინის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა და უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი გულიაშვილი დაასახელეს, რომელმაც 16 გოლი და 4 „ასისტი" შეასრულა. გულიაშვილი ბომბარდირთა დავას ლიდერობდა, თუმცა სეზონის მიწურულს მიღებული ტრავმის გამო, მას მეტოქემ მიჰაელ მლინარიჩმა სამი გოლით გადაასწრო.