„ლივერპულის“ ზეიმი ტრაგედიით დასრულდა...
„ლივერპულის“ ზეიმი ტრაგედიით დასრულდა...
27.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ლონდონის დროით დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქ ლივერპულში, ავტომობული ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის მოზეიმე ქომაგების რიგებში შევარდა და ათობით ადამიანი დააზიანა. ადგილას სადაც, ჯერ-ჯერობით კვლავ გადაკეტილია მოძრაობა და მუშაობენ პოლიციური და სამაშველო სამსახურები, შემთხვევამდე 10 წუთით ადრე ჩაიარა „ლივერპულის" ავტობუსმა, რომელშიც ფეხბურთელები, მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.


გამომდინარე იქიდან, რომ „ლივერპულმა" ბოლოს, პრემიერ ლიგის ჩემპიონობა კოვიდ პანდემიის დროს იზეიმა, დღეს კლუბის ქომაგებისთვის განსაკუთრებული დღე იყო - ეს იყო ემოციების ზეიმი, ისეთი, როგორიც ლივერპულს კარგა ხანია არ უნახავსო. ცერემონიის პერიოდში, ქუჩაში წესრიგის დასაცავად მობილიზებული იყო, აურაცხელი სტუარდი, ძალოვანი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.


„ცერემონიას ჩემი მეგობრის ბინიდან ვადევნებდით თვალს. ამ დროს ატყდა ყვირილი რომ ხალხი გაცლოდა, როდესაც გავიხედეთ, იმ მიმართულებით საიდანაც ხმა მოდიოდა, შევნიშნეთ, როგორ მოდიოდა მანქანა და მოზეიმე ხალხს ეჯახებოდა. ქვევით ჩვენი რამდენიმე მეგობარიც იმყოფებოდა", - ჰყვება, ინციდენტის ერთ-ერთი მოწმე.


დეილი სთრითისა  და ვოთერ სთრითის მონაკვეთში, შემთხვევის მომენტში შეგროვილი ხალხი, რომელთა შორის იყო ბევრი ბავშვი, შეეცადა ავტომობილის შეჩერებას, თუმცა, ის მაინც აგრძელებდა გზას. შედეგად, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე ათეული ადამიანია დაშავებული. მერსისაიდის პოლიციამ კი, სწორედ გულშემატკივრების წყალობით, რომლებიც ავტომობილის შეჩერებას ცდილობდნენ დააკავა 53 წლის მამაკაცი, ბრიტანეთის მოქალაქე, თუმცა, ამ ეტაპამდე უცნობია, თუ რატომ ჩაიდინა მან მსგავსი. აქვე, მერსისაიდული პოლიცია, ადასტურებს რომ დაკავებული ნამდვილად „ბრიტანეთის მოქალაქე, თეთრი მამაკაცია" და სთხოვს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, თავი შეიკავოს ყველამ. ამას გარდა, მიმართავს თხოვნით, ყველას, თუკი ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, თუნდაც, ანონიმურობის დაცვით, შეატყობინონ პოლიციის ცხელ ხაზს.


„ჩვენი ფიქრები და მოთამაშეებიც ახლა იმ ხალხის გვერდით არიან, ვინც ამ სერიოზული ინციდენტის მსხვერპლი გახდა. ჩვენ გავაგრძელებთ სრულ მხარდაჭერას იმ ხალხის მიმართ, ვინც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს და ასევე, ხელისუფლებას, რომელიც ამ ინციდენტს იძიებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კლუბმა მომენტალურად გაავრცელა.


მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის გარკვეული, თუ რა გახდა მიზეზი, 53 წლის მამაკაცის საქციელის, არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი, მოგვიანებით ტერორისტული აქტის მუხლით კვალიფიცირდეს. თუმცა, ამ ეტაპზე ოფიციალური პირები ტერორიზმის ვერსიას გამორიცხავენ.


განახლება 4:20  - საავადმყოფოში გადაყვანილია 27 ადამიანი, მათ შორის ორს აღენიშნება სერიოზული დაზიანებები. ამ ორიდან ერთი არის ბავშვი. ინციდენტის დროს დაშავებულთა შორის ოთხი არასრულწლოვანია.


ფოტო: BBC via Reuters / Image: LFC TV