საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი წაგების გარეშე დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი წაგების გარეშე დაასრულა
26.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრებმა, ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა წაგების გარეშე დაასრულა. ალბათ, ჯგუფში, რომელშიც ერთ-ერთი მონაწილე მსოფლიოს ჩემპიონიც იყო ერთ დროს და საერთო რეიტინგში მე-6 ნაკრების ფეხბურთის აღნიშნულ კატეგორიაში, ქართველთა გუნდს, შეეძლო მაქსიმალური ქულებითაც დაესრულებინა ეტაპი, თუმცა, ჩვენი მოსაზრებით, ქართველთა გუნდს გამოცდილება დააკლდათ.


ერთ-ერთი საკამათო მომენტის შემდეგ, მეორე ტაიმში, როდესაც მსაჯმა VAR-საც გახედა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეიცვალა და ჩეხეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯიუტად ყვითელი ბარათი დაუტოვა საჯარიმო სანქციად, ემოციურმა ქართველებმა, ცოტა ხნით „ყურები ჩამოჰყარეს", გამოცდილმა მეტოქემ კი, ეს გარემოება კარგად გამოიყენა და მცირე სათამაშო ჩავარდნის დროს ანგარიში გაგვითანაბრა.


თუმცა, საერთო ჯამში თანაბარ ბრძოლაში, ნაკრებთან რომელსაც ჩვენს მსგავსად, ჰქონდა ორი მოგებული შეხვედრა, ანგარიში მსოფლიო რეიტინგის მე-15 გუნდმა, საქართველოს ნაკრებმა გახსნა. 21-ე წუთზე, ჩვენმა გუნდმა ჩეხეთი შეცდომაზე დაიჭირა, გარი წერეთელმა კი, მეკარეს აუღელვებლად გადაუგდო თავზე ბურთი და საქართველოს ნაკრები დააწინაურა, 0-1.   მეორე ტაიმშიც, საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო და 30-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გავიტანეთ. ამჯერად, კუთხურის შემდეგ, თეიმურაზ ექიზაშვილმა, უძლიერესი შორეული დარტყმით გაიტანა, 0-2.


თითქმის მთელი თამაში, ჩეხეთი ე.წ. ზედმეტი მოთამაშის იმიტაციას ცდილობდა. დომინიკ კუნიცკი, რომელმაც ორი გოლი გაუშვა, კარში დგომას, მინდვრის მოთამაშედ ასპარეზობას არჩევდა. სწორედ ამის ხარჯზე, ერთხელ პირველ ტაიმში და მეორედ, მეორეში, როდესაც გოლები გაგვიტანეს, მათ მოახერხეს ბურთის გაკონტროლება და ქართველთა კარის მიმართულებითაც დარტყმა, თუმცა, ჩვენი გუნდის კარის მცველი, კონსტანტინე სეფიაშვილი, თუ არ ჩავთვლით, ჩვენს კარში გატანილი გოლების მომენტს, როდესაც რეალურად დაცვითი თამაშში ჩავვარდით, ვითარებას აკონტროლებდა და რამდენიმე კარგი „სეივიც" შემოგვთავაზა.


საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 2-2 (მატჩის სტატისტიკა) დასრულდა. დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ორივე გუნდმა, ჩეხეთმაც და ჩვენც საქართველომ 7-7 ქულა დავაგროვეთ და პირველი-მეორე ადგილები გავიყავით. თუმცა, გატანილი და მიღებული (სხვაობის) გოლების ხარჯზე, ჩეხებს მატჩამდეც 1 გოლის უპირატესობა ჰქონდათ. ამიტომ დღეს, ჯგუფის მოსაგებად, ჩვენ მხოლოდ, გამარჯვებამ გვაწყობდა. ამასთან, პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ჩვენ H ჯგუფის მეორეადგილოსანს შევხდებოდით, ახლა კი, ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, სერბეთთან მოგვიწევს ჯახი, რომელიც ამ მომენტში მსოფლიო რეიტინგის ნომერი მესამე გუნდია.


სხვათა შორის, მსოფლიოს 2023 წლის მოქმედმა ჩემპიონმა, რუმინეთის ნაკრებმა ჯგუფში მხოლოდ 4 ქულა დააგროვა, თუმცა, მეორეადგილოსნის კვალობაზე ასპარეზობას აგრძელებს. ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულა სერბეთის თამაშს დასრულებამდე მხოლოდ, პორტუგალიის მინი-ფეხბურთის ნაკრებს ჰქონდა -9. 7-7 ქულა კი, ტურნირში მონაწილე 32 გუნდიდან, მხოლოდ, ოთხმა გუნდმა დააგროვა: აზერბაიჯანმა ( A ჯგუფი მოიგო), ინგლისმა (C ჯგუფი მოიგო), ტაილანდმა (E ჯგუფი მოიგო), ჩეხეთმა და ჩვენ. ამასთან, ქართველთა გუნდმა სხვა, პირველ ადგილზე გასულ გუნდებზე მეტი ქულაც დააგროვეს და გოლიც გაიტანეს.


და ბოლოს, ვინც თვალს ადევნებს ბაქოში მიმდინარე მინი-ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, ან ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებს ეცნობა, ემახსოვრება, რომ პირველი თამაშიდან, საქართველოს ნაკრების მთავარ მეკარე, ნიკოლოზ ფხაკაძე, ჩვენი აზრით გადამეტებულად მკაცრად დასაჯეს და წითელი ბარათით გააძევეს. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენმა ნაკრებმა იმ თამაშის მოგება მოახერხა. დღეს კი, ფხაკაძე გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა. ასე, რომ ამ მხრივაც ქართულ გუნდს, ამ ეტაპზე პრობლემა არ აქვს.


და ბოლოს, საქართველოს მინი-ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 1/8 ფინალურ შეხვედრას 28 მაისს გამართავს.