
საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყეს. G ჯგუფში, სადაც ჩვენი ნაკრები ჩეხეთის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და არგენტინის მინი ფეხბურთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს დღეს პირველი სათამაშო დღე იყო.
მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდა და 2-0 გაიმარჯვა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს,24-ე წუთზე გეგა კოშაძემ გახსნა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, ნიკოლოზ კოპლატაძის გოლის შემდეგ, ქართველთა გუნდი უკვე ორი გოლი ლიდერობდა. თუმცა, 41-ე წუთზე, საქართველოს ნაკრებს, მეკარე ნიკოლოზ ფხაკაძე გაუძევეს. შესაბამისად, მთელი 5 წუთი, ვიდრე მოედანზე გაძევებული ფეხბურთელით გამოწვეული დანაკლისი გამოსწორდებოდა, ქართველებს დაცვაში ფრთხილი თამაში მოუხდათ. საქმეში, ორი ეფექტური სეივით კარგად ჩაერთო ჩვენი გუნდის მეორე მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი. საბოლოოდ, ქართველთა გუნდმა მოახერხა კარის დაცვაც და შეეძლო ანგარიშის გაზრდაც, თუმცა, შეხვედრა, როგორც უკვე გითხარით, 2-0 დასრულდა.
მომდევნო მატჩს, საქართველოს ნაკრები 24 მაისს, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:30 დაიწყება. აღსანიშნავია, რომ დღესვე, სასტარტო შეხვედრაში არგენტინის ნაკრები ჩეხეთთან 2-1 დამარცხდა. ამრიგად, პირველი სათამაშო დღის შემდეგ, ჯგუფს საქართველოს ნაკრები ლიდერობს (იხილეთ ბმული).
ჯგუფის ბოლო შეხვედრა ჩვენი ნაკრები 26 მაისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.
ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 8 ჯგუფში 32 გუნდია გადანაწილებული.

ფოტო: ©minifootballcom





ჩვენ







