სუპერლიგის ფინალურ სერიაში თსუ უკვე 2-0 დაწინაურდა და მესამე შეხვედრას თბილისში გამართავს
სუპერლიგის ფინალურ სერიაში თსუ უკვე 2-0 დაწინაურდა და მესამე შეხვედრას თბილისში გამართავს
22.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა დღეს, ქუთაისში, კიდევ ერთხელ დაამარცხა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ტიტულის დასაბრუნებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში, ანგარიში უკვე, 0-2 არის თბილისელთა სასარგებლოდ და ამასთან ერთად, გადამწყვეტი თუ არა, დებულებით გათვალისწინებული ბოლო ორი თამაშიც სწორედ თბილისში, თსუ-ს მაღლივი კორპუსის გვერდით მდებარე, თბილისი არენაზე გაიმართება.


„ქუთაისი 2010"-სა და თსუ-ს დღევანდელი დაპირისპირება კი, თბილისელთა გუნდის შეტევებით დაიწყო და გლენ აბრამისა და დევონტრეი ტომასის ზედიზედ ჩაგდებული სამქულიანების შემდეგ, ქუთაისელთა ორი დღის წინანდელი „კოშმარიც" გაცოცხლდა. კოტე ტუღუშის გუნდი, რეალურად მთელი შეხვედრა ცდილობდა თამაშში დაბრუნებულიყო. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდის თამაშში საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო. მასპინძლები სამი მეოთხედი მდევრის როლში იყვნენ. პირველ მეოთხედში, სტუმრებმა მოახერხეს 7-9 ქულიანი უპირატესობის მოპოვება და შენარჩუნება. მონაკვეთის შემდეგ, ტომასის ანგარიშზე 16 ქულა იყო. აი, მასპინძელთა გუნდის ლიდერის, გიორგი კორსანტიას გვარის გასწვრივ კი, მხოლოდ 7 ქულა ეწერა. რეალურად, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, მოახერხა ქუთაისელთა ლიდერის ნეიტრალიზება. ამასთან, შეძლო, თითქმის ყველა წამყვანი მოთამაშის გათიშვა. სტუმრებმა პირველი მეოთხედი 26-35 მოიგეს.


უფრო დაიძაბა ვითარება მეორე მონაკვეთში. ამ ათწუთეულში, თსუ-მ სხვაობა 16 ქულამდე გაზარდა, თუმცა, ჰქონდა მცირე ჩავარდნაც, რა დროშიც მასპინძლებმა სხვაობის შემცირება ოდნავ მოახერხეს. მეოთხედის მიწურულს კი, თუს-მ კვლავ მოახერხა კონცენტრაცია და ეს მეოთხედიც მოიგო, ამჯერად მხოლოდ 5 ქულით, 17-22, თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ, სხვაობა სოლიდური იყო 43-57. დევონტრეის ანგარიშზე უკვე 23 ქულა იყო. მასპინძელთა შორი კი, მარკილ სმიტი დაწინაურდა 11 ქულითა და 5 მოხსნით. 5 მოხსნა ჰქონდა თსუ-ელთა შორის ალექსანდრე ფევაძესაც, რომლის როლი, მეორე ტაიმში უფრო გამოიკვეთა.


მეორე ტაიმის საწყის მეოთხედში, სტუმრებმა მოახერხეს 11-ქულიანი სხვაობის „დაჭერა", თუმცა, იყო მომენტი როდესაც ტომასის ზუსტი 3-ქულიანის შემდეგ, 17 ქულითაც გავიდნენ წინ. საქართველოს ჩემპიონმა, შესაძლოა გვიან, მაგრამ მაინც მოახერხა თამაშში „დაბრუნება". გიორგი ოჩხიკიძის ზუსტი სროლის შემდეგ, მეოთხედის მიწურულს პირველად მოახერხეს 10-ქულიან ზღვარში შესვლა. საბოლოოდ, კი, ეს მეოთხედი სამი ქულითაც მოიგეს, 18-15. გადამწყვეტი მეოთხედის წინ, კოტე ტუღუშის გუნდი 9 ქულას აგებდა, 63-79. საინტერესოა რომ დევონტრეის ამ მეოთხედში მხოლოდ, 3 ქულა ჰქონდა აღებული და ამ მომენტისთვის 26 ქულით, ორივე გუნდში საუკეთესო იყო. 17 ქულა ჰქონდა აღებული მის თანაგუნდელ გლენ აბრამს, მასპინძელთა შორის კი, მარკილ სმიტი იყო საუკეთესო, რომელმაც ამ მონაკვეთში მხოლოდ, 4 ქულა აიღო.


მეოთხე მეოთხედში, ქუთაისელებმა გამოცოცხლება მიხეილ ბერიშვილის მიერ ზუსტად ნასროლი 3 ჯარიმის მერე დაიწყეს. მალევე, სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანეს. არასრულ სამ წუთში კი, სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, 70-72. კიდევ ცოტა ხანში, ანგარიში გაათანაბრეს, 72-72. კაკი დვალიშვილის სროლის შემდეგ კი, ამ შეხვედრაში „ქუთაისი 2010" პირველად გავიდა წინ, 74-72. ამ მომენტიდან, შეხვედრაში იმატა დაძაბულობამ და შესაბამისად შეცდომებმაც. თამაშის მთელი დრამატიზმი ბოლო წუთებში აისახა. შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, გიორგი ცინცაძე საჯარიმო ხაზთან დადგა, თანაბარ ანგარიშზე „ბუმ" პირველი ჯარიმა გააფუჭა. მეორე სროლის შემდეგ კი, თსუ 1 ქულით დააწინაურა, 82-83. მომდევნო ეპიზოდში, ელაია ჯოინერი აწინაურებს ქუთათურებს ასევე ერთი ქულით, 84-83. 26,4 წამით ადრე შეტევა თსუ-მ დაიწყო და ტომასმაც 3 ქულიანი ზუსტად გაუშვა. დარჩენილ წამებში კი, კოტე ტუღუშის გუნდმა, რომელსაც ოვერ-ტაიმებიც არ უკვირს და ასე, თამაშებიც მოუგია, მიზანს ვერ მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედი 21-14 მოიგო, თამაში ორი ქულით, 84-86 დათმო და სერიაში, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი.


დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო დევონტრეი ტომასი იყო, რომელმაც 32 ქულა დააგროვა 7 მოხსნასთან ერთად. ამასთან, კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტცი, ორივე გუნდში ყველაზე მაღალი იყო, 34%. მასპინძელთაგან 21 ქულით, საუკეთესო მარკილ სმიტი იყო. ელაია ჯოინერი, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში ქუთაისელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესი იყო, რამდენიმე გაცდენილი შეხვედრის შემდეგ, ცოტა მძიმედ დაბრუნდა. დღეს, მის ანგარიშზე 14 ქულა 6 მოხსნა და 6 პასი იყო. ჩვენი აზრით, ასევე არ წაუვიდა თამაში და ეს მთლიანად, თსუ-ელთა აქტივში უნდა ჩაიწეროს, გიორგი კორსანტიას, რომელმაც მხოლოდ 15 ქულა დააგროვა. 15 ქულა დააგროვა ჩვენი ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ალექსანდრე ფევაძემაც.


ამ გუნდები მესამე და თუკი, ქუთაისელებმა არ მოინდომეს, შესაძლოა ბოლო შეხვედრა 25 მაისს, თბილისში, თბილისი არენაზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.


ფოტო: მირიან ჩხეიძე