
დღეს ბილბაოში, ვიდრე უეფა-ს ევროპა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართებოდა, დღე, უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტისთვის საკმაოდ ადრე დაიყო. მთავრი საკითხი რის შესახებაც აღნიშნულ სხდომაზე იმსჯელეს, უეფა-ს ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი იყო.
აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა ის 9 სტადიონიც, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საერთო ჯამში ფინალური ეტაპის 24 გუნდს უმასპინძლებენ. ისევე, როგორც ევროპის 2024-26 წლების საკვალიფიკაციო ეტაპისას, შედგება 12 საკვალიფიკაციო ჯგუფი, რომელშიც ოთხი ან ხუთი გუნდი იქნება გადანაწილებული. ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყნები, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი ასევე მიიღებენ მონაწილეობას საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე და ისინი, სხვადასხვა ჯგუფში იქნებიან გადანაწილებულნი.
12 ჯგუფის გამარჯვებული და 8 მეორე ადგილოსანი, საერთო ჯამში 20 ნაკრები, ევროპის 2028 წლის ფინალურ ეტაპზე პირდაპირი წესით მოხვდებიან.
ფინალურ ტურნირზე ორი ადგილი „გადანახული" იქნება ორი საუკეთესო შედეგის მქონე მასპინძელი ქვეყნისთვის, თუკი ისინი არ მოხვდებიან ზემოთხსენებულ 20 გუნდში. დარჩენილ ადგილებს ფლეი-ოფის დახმარებით, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ადგილოსნები და უეფა-ს ერთა ლიგის 2026-27 წლების საუკეთესო შედეგის მქონე, კვალიფიკაციის გარეშე დარჩენილი ჯგუფების გამარჯვებულები გამოავლენენ.
გამომდინარე იქიდან, თუ მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენლები რამდენ ადგილს მიიღებენ ფინალურ ტურნირზე, გადაწყდება, ევროპის 2028 წლის რამდენი საგზური გათამაშდება ე.წ. ფლეი-ოფებში. ასე, რომ დამატებითი შანსი, მოხვდნენ ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე, შესაძლოა ჰქონდეს დამატებით ორ ან ოთხ გუნდს. ამ მხრივ არსებობს მოვლენათა განვითრების სამი სცენარი:
- თუკი, ორივე „გადანახულ ადგილს" მასპინძელი აითვისებს, მაშინ, დარჩენილი ორ საგზურს, 8 ნაკრები ორი ტურნირის ფარგლებში, ერთ-მატჩიანი 1/2 ფინალითა და ფინალით, შეეცდება, დარჩენილი საგზურების მოგებას.
- თუკი, „გადანახული ადგილი" მასპინძელი ქვეყანა აითვისებს ერთს, მაშინ, დარჩება სამი საგზური, რომლისთვისაც უკვე 12 გუნდი, სამი ტურნირის ფარგლებში, ერთ-მატჩიანი 1/2 ფინალითა და ფინალით, შეეცდება, დარჩენილი საგზურების მოგებას.
- თუკი, „გადანახული ადგილი" მასპინძელს არ დასჭირდება (სარედაქციო, ანუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან პირდაპირი წესით გასულ 20 ნაკრებს შორის იქნება ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი), მაშინ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასათამაშებელი დარჩება 4 საგზური, მაშინ 8 გუნდი ითამაშებს ოთხ ფლეი-ოფს, სახლი-გასვლის პრინციპით და ამ გზით გამარჯვებულები, ევროპის ოთხი დარჩენილი საგზურის მფლობელები გახდებიან.
ტურნირის განრიგი, ყველა დეტალით 2025 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება, რეგულაცია კი წლის ბოლომდე.
და ბოლოს, მათთვის ვინც, თვლიდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, B-დან C დივიზიონში დაქვეითებით არაფერი „დაემუქრებოდა", მაშინაც შევეცადეთ განგვემარტა და კიდევ შეგახსენებთ, რომ ფლეი-ოფში, რომელზეც ევროპის ჩემპიონატის საგზური გათამაშება, რა თქმა უნდა თუკი, ჩვენი ნაკრები პირდაპირი გზით ვერ მოხვდება საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო 20 გუნდში, ვერაფრით C დივიზიონის ჯგუფის მოგებით ვერ მოხვდებოდა, შეცვლილი წესების გამო, ფლეი-ოფში თამაშის უფლება, მხოლოდ, B დივიზიონის გამარჯვებულებს ექნებათ.





ჩვენ







