გიგა, თავად მივიდა „მამარდას“ სანახავად...
გიგა, თავად მივიდა „მამარდას“ სანახავად...
20.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მესტალიაზე" გულისამაჩუყებელი გაცილების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილს ჩვენებმაც არ „დააკლეს". ვალენსიაში მყოფი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე, „თავად მივიდა" საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის „სანახავად" და თან, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ბიძინა ბარათაშვილთან ერთად, ის პრიზიც გაიყოლეს, რომელიც წესით „მამარდას" თბილისში უნდა მიეღო. თუმცა, სათამაშო კალენდრიდან გამომდინარე, სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით, საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენს, პრიზი, მხოლოდ ახლა ჩაბარდა.


„შარშანდელი, ოლიმპიური წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის. და ასეთი სერიოზული კონკურენციის პირობებში, როდესაც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, საბედნიეროდ, მრავლად გვყავდა, გამარჯვება, ალბათ, განსაკუთრებით მისალოცია. წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგის, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი იმედია", - ამბობს გიგა გვენცაძე.


სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ქართველმა ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი 6-ჯერ გახლდათ.


„მადლობა მინდა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ძალიან საპატიოა ეს პრიზი, მითუმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს მოვიგე. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.


გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ, სლავა მეტრეველმა, მურთაზ ხურცილავამ, რამაზ შენგელიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვეს.