ცნობილია საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები კალენდარი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე
ცნობილია საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები კალენდარი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე
19.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღის წინ, დანიურ ჰერნინგში გამართული წილისყრის შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ჯგუფი გაირკვა, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის (იხილეთ ბმული), რჩებოდა მხოლოდ განრიგი, თუ როდის, რომელ გუნდს შეხვდებოდა ტიტე კალანდაძის გუნდი.


შეგახსენებთ, რომ ექვსივე ჯგუფიდან, ჩვენები E ჯგუფში შვედეთს, ხორვატიისა და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად გადანაწილდნენ. ჯგუფი შვედეთში იასპარეზებს. პირველ შეხვედრას კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები 17 იანვარს, ქალაქ მალმოში, Malmö Arena-ზე ჩაატარებს. ქართველთა კალენდარი ასე გამოიყურება:


17 იანვარი / ხორვატია - საქართველო

19  იანვარი / საქართველო - შვედეთი

21  იანვარი / ნიდერლანდები- საქართველო



ცოტა რამ ჩვენს მეტოქეებზე:


შვედეთი ნაკრები წლების განმავლობაში მოწინავე პოზიციებისთვის იბრძვის. გუნდს,  11 მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მედლები მოგებული, მათ შორის 4-ჯერ გახდა ჩემპიონი, 3-ჯერ იყო ვერცხლის პრიზიორი, 4-ჯერ  კი, ბრინჯაოს დასჯერდა.  ამას გარდა, შვედეთის ხელბურთელთა ნაკრები,  ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ბოლო ტიტული კი, ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა 2022 წელს მოიგეს.


ნიდერლანდები, რომლებსაც ჩვენი გუნდი კარგად იცნობს -  ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაში სამჯერ 2020, 2022 და 2024 წლებში თამაშობდა. შედეგების მიხედვით კი,  გუნდი ნელ-ნელა უახლოვდება ევროპულ გრანდებს.


ხორვატია, განსხვავებით ზემოთხსენებული ორი ნაკრებისგან, რომლებიც წინა ევროპის ჩემპიონატზეც ჩვენს ჯგუფში იყვნენ, წლების განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია სტაბილურობის თვალსაზრისით. სხვადასხვა წონად ტურნირებზე ნაკრები ხშირად ხვდება საპრიზო სამეულში. ყველაზე დიდი წარმატება კი, ჩვენს მომავალ მეტოქეებს ორჯერ, მართალია რამდენიმე ათეული წლის წინ, მაგრამ აქვთ მოპოვებული, ოლიმპიური ოქრო 1996 და 2004 წლებში, ხოლო 2003 წელს ხორვატებმა მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმეს. ამას გარდა, ევროპის ჩემპიონატზე ხორვატთა ნაკრები სამჯერ იყო ფინალისტი, თუმცა, ტიტული ჯერჯერობით არ მოუპოვებია.


რაც შეგვეხება ჩვენ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, მოგეხსენებათ, მეორედ იასპარეზებს. ამას გარდა, ცოტა სატრაბახო ჩვენც გვაქვს - ბოლო წლებში ორჯერ (2019, 2021), საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ერთა თასის მოიგება მოახერხა.


ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 15 იანვარიდან 1 თებერვლამდე დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება და მასში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.