კვირის ამბები რაც შესაძლოა გამოგვრჩა
კვირის ამბები რაც შესაძლოა გამოგვრჩა
18.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ის რაც შესაძლოა სპორტული მოვლენებით დაძაბულ სპორტულ კვირაში გამოგვრჩა, დღეს შევეცდებით პატარა კოლაჟით შევავსოთ.


დავიწყოთ პარაჯუდოთი - უფრო ზუსტად მსოფლიო ჩემპიონატით, რომელიც ყაზახეთში გაიმართა. თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოს პარაჯუდოკათა ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიგო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი ნაკრები უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა. ეს ქართული გუნდისთვის პირველი გუნდური მედალია.


თუმცა, ამ გუნდურ მედლამდე, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე სამი ოქრო და სამი ბრინჯაოს მედალიც მოიგო. ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ქალდანმა (-70 კგ. კატეგორია J2), საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ. კატეგორია J1) და ზვიად გოგოჭურმა (- 95 კგ. კატეგორია J2). ბრინჯაოს მედლებს კი, ზურაბ ზურაბიანი (- 64 კგ. კატეგორია J2), ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ. კატეგორია J2) და რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ. კატეგორია J2)  დაეუფლნენ.



ამ ბოლო დროს, წარმატებებით გვახარებენ მშვილდოსნებიც. ისტორიაში პირველად საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირში, რომელსაც ბულგარეთმა უმასპინძლა. ჩვენმა გოგონებმა - ანა ბოლოკაძეს, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით, საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგის მიხედვით ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და პოლონეთის გუნდს ანგარიშით 6-0 სძლია. ამის შემდეგ, ნახევარფინალი ქართველმა გოგონებმა იტალიელებთან ანგარიშით 2-4 დათმეს, თუმცა, მესამე ადგილისთვის იბრძოლეს  ჩეხეთს 6-0 მოუგეს.



საქართველოში ამერიკულ ფეხბურთსაც თამაშობენ და უკვე საკმაოდ დიდი ხანია. ამჯერად კი,  საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, აბუ დაბიში, „ოაზისის თასის" გათამაშებაზე იასპარეზა და მხოლოდ ფინალში დამარცხდა. ტურნირი ფლეგ-ფეხბურთში მიმდინარეობდა, ფინალში კი, ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდთან ანგარიშით 13-29 დათმო. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა კონკრეტულ ტურნირზე ოთხი შეხვედრა მოიგო, ჩვენი გუნდის წევრი ლაშა უნგიაძე კი, ტურნირის საუკეთესო შემტევ სპორტსმენად დასახელდა.



უკვე დღეს, თბილისის დროით 11:25 საათზე, უნგრეთის ქალაქ სეგედში, კანოეში მსოფლიო თასის 1/2 ფინალში 200 მ-ზე C1 კატეგორიაში მარიამ ქერდიკაშვილი იასპარეზებს. ამ ეტაპზე მოსახვედრად, მარიამმა შესარჩევ გაცურვაში 49.88 დროით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ +0.98-ით ჩამორჩა გაცურვის გამარჯვებულ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს.


16 მაისიდან ტურნირზე კიდევ სამი ქართველი ასპარეზობდა - ბადრი ყაველაშვილმა 1 ადგილიანი კაიაკში (K1) 200 მეტრი, B ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა (36.67 / +0.48). ლევანი ტატუნაშვილმა (K1) 500 მ-ზე შესარჩევ გაცურვაში ბოლო ადგილი დაიკავა (2:17.22 /+36.00) და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი გია გაბედავა 1 ადგილიანი კანოე (C1) 200მ -ზე ასპარეზობდა. ქართველმა B ფინალში იასპარეზა და 40.77 დროით პირველი ადგილი დაიკავა.


ტურნირის ყველა შედეგი



და ბოლოს ფეხბურთი და ლეგენდების მატჩი, რომელმაც თბილისში გაიმართა და რეალურად მიმდინარე კვირაში ყველა სხვა სპორტული მოვლენა დაჩრდილა - „დინამო არენაზე" მიმდინარე საფეხბურთო მატჩის მონაწილეთა გარდა, თამაშს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. რომელთა შორის იყო, მიუნხენის „ბაიერნის" ლეგენდების გუნდის წარმომადგენელი რაიმონდ აუმანი, რომელმაც მატჩის მასპინძელი სტადიონის, „დინამო არენის" მთავარ მასპინძელს, „დინამო თბილისს" 100 წლის იუბილე მიულოცა და „დინამო თბილისის" პრეზიდენტთან სამახსოვროდ მაისური გაუცვალა.