
ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მეათე ტური უხვგოლიანი გამოდგა. საერთო ჯამში, 5 შეხვედრაში 49 გოლი გავიდა. ორი მატჩის შედეგმა კი, სატურნირო ცხრილის ზედა ჯგუფში, რომელიც საბოლოოდ, მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, მოხვედრისა და ადგილის დამკვიდრების მოსურნე გუნდებს შორის, ზეგავლენაც კი იქონია. აქვე გეტყვით, რომ ბომბარდირთა დავას, 18 გატანილი გოლით, კვლავ ეთერ სულაშვილი ლიდერობს „ლანჩხუთიდან".
ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ორი მატჩიდან და ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. თბილისურ დაპირისპირებაში „ვერემ", „კვარტალს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი, მე-5 წუთზე, ნათია წოწერიამ გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ კი, „კვარტალმა" 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ერთი ადგილით დაქვეითდა 10 ტურის შემდეგ „სამეგრელო", რომელიც თბილისის კიდევ ერთ კლუბს „ელიტას" ეთამაშა და 0-10 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურამდე, ჩხოროწყუელთა შემადგენლობა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, ეს ცვლილება კი, შედეგსაც უმალ დაეტყო. ანგარიში ამ შეხვედრაშიც მე-5 წუთზე გაიხსნა. „ელიტას" ლეგიონერმა ჯესიკა შირზიმ გოლების ათვლა დაიწყო, საბოლოოდ კიდევ ორი გოლი გაიტანა 66-ე და 83-ე წუთებზე. სტუმართა გუნდის სამმა ფეხბურთელმა ანა კირვალიძემ (18', 25'), ნატა კვირკვაიამ (39', 81') და ნათია ჯოჯუამ (73', 78') დუბლი შეასრულეს. კიდევ ერთი გოლი, რომელიც ჩხოროწყუს ნაცვლად ხაშურში, გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, მარიამ ჯოჯუამ გაიტანა 82-ე წუთზე.
საერთო ჯამში, 9 გოლი გავიდა ამბროლაურში აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე, სადაც ადგილობრივმა „რაჭა 2020"-მა, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" მიიღო. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუმრებს სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ძირითადი მოთამაშე აკლდათ. მწვრთნელებმა, ქალთა ლიგის დებიუტანტთან, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცეს. ანგარიში კი, მე-17 წუთზე, სტუმრებმა ანასტასია ბოლქვაძის გოლით გახსნეს. 23-ე წუთის შემდეგ კი, ჰანა რასელის გოლით, უკვე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. თუმცა, 31-ე წუთზე მარიამ ფართალაძემ ერთი გოლი გაქვითა. შესვენების შემდეგ, გამოცდილმა ლელუ ჭიჭნაძემ (48') კვლავ, ორგოლიანი უპირატესობა მოაპოვებინა თავის გუნდს. თუმცა, სამწუთიან მონაკვეთში, კესო მეტონიძემ ჯერ 59-ე წუთზე გოლი გაუტანა შეცვლაზე შემოსულ თათია გაბუნიას, 61-ე წუთზე კი, მისი კარი 11-მეტრიანით მეორედ აიღო, ანგარიში კი, 3-3 გახდა. თუმცა, შეხვედრის დასკვნით ფაზაში გამოცდილებმა თავის ქნა და ლანჩხუთელთაგან ჯერ, ეთერ სულაშვილმა (74'), შემდეგ კი, ანანო წიქარიძემ (87', 90'+1) კიდევ ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, 3-6 გაიმარჯვეს.
ამ ტურის ერთ შეხვედრაში სატურნირო ცხრილი ლიდერი „ნიკე-ლუსო" და ბოლო ადგილოსან „ნორჩ დინამოს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 25-0 დაამარცხა. სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტში, მასპინძლები უკვე გამანადგურებელი ანგარიშით 17-0-ს იგებდნენ. საერთო ჯამში, ამ შეხვედრაში გოლები 11 ფეხბურთელმა გაიტანა - ანი აკობიძე (6', 15, '60', 62', 75'), სოლანჟე კარვალიაშმა (3', 28', 37-პ, 40'), თეონა ბაქრაძემ (4', 18', 26', 32'), ირინა ხაბურზანიამ (7', 19', 58'), არინა სიტნიკოვამ (17', 32'), ანასტასია ბუჩუკურმა (68', 82'), სოფო ნარსიამ (24'), იულია სლიასარჩიკმა (35'), ნათია დანელიამ (39'), ქეთევან სუხიაშვილმა (67') და ზეჰრა ბორაზანჯიმ (81'). „ნიკე-ლუსო" 28 ქულით, ქალთა ლიგის რეგულარულ ჩემპიონატს, 28 ქულით ლიდერობს.
ტურის ბოლო, მე-5 შეხვედრა ბათუმში გაიმართა. ბათუმელთა ქალთა გუნდმა „ბათუმმა", ქუთაისის „მართვე" აჭარაბეთ არენაზე მიიღო. ესკორტის ბავშვები, საფეხბურთო ლიგის ჰიმნი, ტრიბუნებიდან აჭარელი ქომაგების შეძახილები, მხოლოდ გოგონებით დაკომპლექტებული მსაჯთა გუნდი მეათის ტურის ამ შეხვედრას ძლიან მოუხდა. ორივე გუნდი შეეცადა, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საფეხბურთო არენაზე თავი არ შეერცხვინა. ალბათ ორივე გუნდიდან მეკარეებს, ბათუმელთაგან ლანა მჟავიას და ქუთაისელთაგან მარიამ სოფრომაძეს გამოვყოფდით. პირველად „საქმეში" ჩართვა მასპინძელთა მეკარეს მოუხდა, როდესაც ანა ჯანელიძის დარტყმული მოიგერია. მომდევნო ორი „სეივი" უკვე ქუთაისელთა მეკარის სათვალავში. პირველი ტაიმიც მშრალი ანგარიშით დასრულდა, მეორე ტაიმის სტარზე კი, ბათუმელები, რომლებიც მთლიანად მატჩში დომინირებდნენ, უფრო გააქტიურდნენ და 47-ე წუთზე თათია შაინიძემ, ამჯერად შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. მეკარეები კი ვახსენეთ, თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, აჭარელთა ლეგიონერი ისაზა გაბრიელა ვალენტინა კამარგო, რომელმაც 65-ე წუთზე გატანილი გოლის გარდა, ქუთათურები, შეიძლება ითქვას ააწიოკა. ამ გოლიდან მალევე, 70-ე წუთზე სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს, „მართვეს" რიგებიდან მარიამ შონიამ ულამაზესი გოლი გაიტანა. თუმცა, კიდევ 6 წუთში, აჭარულმა გუნდა, სამი ქულისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და თუკი ორფაზიანი შეტევისას სოფრომაძემ ამჯერადაც იხსნა „მართვეს" კარი, მომდევნო მონაკვეთში, თანაგუნდელებმა მას მხარი ვერ აუბეს და მარიამ მოდრეკილაძის „მოდრიჩისეული" დარტყმა გაეპარათ. შეხვედრის ბოლო წუთზე, გოლის გატანის შანსი ჰქონდა, ქუთაისელთა გამოცდილ ფეხბურთელს თეონა თოდაძეს, თუმცა, საქმეში წარმატებულად კვლავ ლანა მჟავია ჩაერთო. „ბათუმმა" 3-1 მოიგო და სატურნირო ცხრილში „ელიტას" წამოეწია.
ქალთა ლიგის მორიგი მე-11 ტური მხოლოდ, 8 ივნისს არის ჩანიშნული. მანამდე კი, გუნდები სანაკრებო შესვენებაზე გადიან. შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოსა და ივნისის პირველ რიცხვებში ქალთა ეროვნულ ნაკრებს, უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური შესარჩევი ეტაპის ორი შეხვედრა ელით.
სფფ-ის ფოტო