დაკარგული ქულების, გაფუჭებული პენალტების და წითელი ბარათების ტური
დაკარგული ქულების, გაფუჭებული პენალტების და წითელი ბარათების ტური
16.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის კალენდარი ისე მიჯრით არის შედგენილი, რომ გუნდები კი არა, ჩემპიონატზე მომუშავე მედიაც კი, ვერ ვასწრებთ ამოსუნთქვას. თუმცა, ეს გარემოება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - პირველი ცხელი ზაფხული ქართული კლუბებისთვის, რომლებსაც ევროტურნირებზე უწევთ ასპარეზობა და კიდევ, კარზე მომდგარი უეფა-ს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები ასპარეზობს. ამ გუნდში კი, ძირითადად ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელები ასპარეზობენ. შესაბამისად ივნისის პირველ რიცხვებშიც, რამაზ სვანაძის გუნდი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას. ეროვნული ლიგა კი, აგვისტოს პირველ რიცხვებამდე, „არდადეგებზე" გავა. თუმცა მანამდე, მე-15-ეს ჩათვლით, კიდევ სამი ტური იყო დარჩენილი.


ტური, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, იმერული დერბით დაიწყო. „სამგურალმა", ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე მოჰამედ შერიფის გადაცემის შემდეგ, ბიორნ იონსენიმ გაიტანა. „ტორპედომ" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და 24 ქულა დააგროვა, რითაც, ბათუმის „დინამოს" დაეწია.


თავის მხრივ, ბათუმელებმა, ამ ტურში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. აჭარაბეთ არენაზე, ბათუმის „დინამომ", უშუალო კონკურენტს, გორის „დილას" უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში, ანგარიშის გახსნა გორელებს, 36-ე წუთზე შეეძლოთ. თუმცა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა 11-მეტრიანი გააცუდა. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს, სტუმრებმა მაინც გაიტანეს. 45-ე წუთზე, ჟან-მარკ ტიბუემ გაიტანა. 67-ე წუთზე ანდრონიკაშვილის გადაცემით, შოთა შეყილაძემ მეორედ აიღო ბათუმელთა კარი. 77-ე წუთზე კი, აბუბაქარ კონტემ, ამ თამაშს, წერტილი დაუსვა.


თუმცა, ბათუმურ მატჩამდე, მე-15 ტურის მეორე სათამაშო დღე თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე დაიწყო. „გარეჯმა" ფრედ, 0-0 ითამაშა „თელავთან". შეხვედრის სტარტი, საკმაოდ უხეში გამოვიდა. მე-10 წუთისთვის მსაჯს, უკვე სამი ყვითელი ბარათი ჰქონდა ნაჩვენები. აქედან ორი, ერთმა ფეხბურთელმა, თამაზ ცეცხლაძემ მიიღო და შესაბამისად, მასპინძლებიც კაცნაკლულები დარჩნენ. მასპინძლებს ჰქონდათ, ანგარიშის გახსნის საშუალება, თუმცა, VAR-მა, თელაველთა კარში დანიშნული 11-მეტრიანი გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ „თელავი" ამ მომენტისთვის ბოლო ადგილზეა, „გარეჯი" კი, მეტ-ნაკლებად „სამშვიდობოზე", მე-7 ადგილზე, გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ქულაა.


ფოთში, „ფაზისის" სტადიონზე ქულები დაკარგა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა, თუმცა, ლევან კორღალიძის გუნდს 15 ტურის შემდეგ, სოლიდური მარაგი აქვს და ალბათ, კარგად უნდა მოინდომოს, რომ მინიმუმ უახლოეს ტურებში, მათ საზიანოდ რაიმე შეიცვალოს. თუმცა, დღეს, ცხრილის ლიდერს, ერთ-ერთმა აუტსაიდერმა დიდი ბრძოლა გაუმართა. თბილისელებმა, ანგარიშ გიზი მამაგეიშვილის გოლით, მე-20 წუთზე გახსნეს. 37-ე წუთზე, მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი, რომელიც იური ტაბატაძემ დაარტყა, დემეტრე ბულისკერიამ აიღო. სხვათა შორის, ეს ზედიზედ მეორე თამაშია, რომელშიც ტაბატაძეს პენალტი ვერ გააქვს. რაც შეეხება, ბულისკერიას, ერთ დროს იმედის მომცემი ქართველი მეკარე, რომელიც „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, ფეხბურთში დაბრუნდა და მეორე თამაშია, ფოთელთა ღირსებას იცავს. ტაიმის მიწურულს, ფოთელთა კიდევ ორმა დინამო თბილისის აკადემიელმა, ანგარიში გაათანაბრეს. 43-ე წუთზე, გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემით, გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით, 1-1 გავიდნენ. მეორე ტაიმში, დაიწინაურება მასპინძლებმა მოახერხეს. 56-ე წუთზე ლადო ჩიხრაძემ გაიტანა. 64-ე წუთზე კი, ლუკა სილაგაძემ გაათანაბრდა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.


ტურის ბოლო შეხვედრა, თბილისში, პეტრო არენაზე გაიმართა. „გაგრამ", „დინამო თბილისს" უმასპინძლა. ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ამ გუნდები პირველი წრის შეხვედრაც ამ სტადიონზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით, 0-4 დასრულდა.  გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, 16 მაისს, „დინამო არენაზე" GEO11-სა და ლეგენდების მატჩი იყო დაგეგმილი, გაგრელებმა და დინამოელებმა მოილაპარაკეს და მეორე წრის შეხვედრის მასპინძლობაც გადაცვალეს. შესაბამისად, ელიგის მესამე და მეოთხე წრეში, უკვე „დინამო თბილისი" უმასპინძლებს „გაგრას". დღევანდელი შეხვედრა კი, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა გოლების გატანის შესაძლებლობა. თუმცა, თუ თბილისელებს უფრო სიზუსტე აკლდებოდათ, გაგრელებს დინამოელთა მეკარე არ აძლევდა გოლის გატანის საშუალებას. ანგარიში კი, მე-14 წუთზე მასპინძელთა გრძელი გადაკიდებით, დინამოელთა საჯარიმოსთან ახლოს და სტუმართა დაცვის ხაზის შეცდომას მოჰყვა. გიორგი ხარებაშვილს კი, სტეფან სიკაჩის წინააღმდეგობის მიუხედავად, არ გასჭირვებია ბურთის კარში გადაგზავნა. თუმცა, დინამოელებმა სტატუს-კვო მალევე აღადგინეს. მე-18 წუთზე მათე ვაწაძემ გაიტანა და საერთო ჯამში, მიმდინარე ჩემპიონატში მესამე გოლი ჩაიწერა აქტივში. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ პირველი ტაიმში, სტუმრებმა მოახერხეს ბურთის გაკონტროლება და უფრო მეტი მომენტიც შექმნეს, თუმცა, ტაიმის მიწურულს კაცნაკლულები დარჩნენ. მეორე ტაიმში, მეტი ფეხბურთელის ხარჯზე, „გაგრა" უფრო აქტიურად გამოიყურებოდა, თუმცა, ამ აქტიურობის გარდა, მხოლოდ ერთი მომენტი მახსენდება, რომელშიც, დინამოელები, სიკაჩმა იხსნა. აი, 78-ე წუთის შემდეგ კი, როდესაც უკვე გაგრელთა რიგებიდან გააძევეს დათუნა გოცირიძე, ლადო კაკაშვილის შეგირდებიც უფრო გააქტიურდნენ, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლო წუთებზე, თუმცა, აშკარად არ ეყოთ დრო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრავმის შემდეგ, დინამოელთა რიგებში დაბრუნებული ვაკო გვილია, რომელიც ახალგაზრდა დინამოელებისთვის ჯაბა კანკავასთან და მათე ვაწაძესთან ერთად, საყრდენი ძალაა. დღევანდელი შეხვედრა კი, ფრედ, 1-1 დასრულდა. გუნდებმა თითო ქულა ჩაიწერეს აქტივში და შესაბამისად, „დინამო თბილისმა" მე-2, „გაგრამ" კი, მე-6 ადგილი შეინარჩუნეს სატურნირო ცხრილში.


ეროვნული ლიგის მე-16 ტური 20 და 21 მაისს არის ჩანიშნული.


სატურნირო ცხრილი